GE

როდის შევა არაქართულენოვან სკოლებში გრიფირებული სახელმძღვანელოები და რაზე მუშაობს სამინისტრო

ფოტო –
ლევან ხერხეულიძე

საქართველოს სკოლებში დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოები ახალი სასწავლო წლიდან განახლდა. გრიფირების პროცესში საკონკურსოდ შემოტანილ რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოს არ მიენიჭა გრიფი, იყო ხარვეზებიც და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, დაწყებითი საფეხურის ამ საგნების სახელმძღვანელოებზე გრიფირების კონკურსი ხელახლა გამოცხადდა საბაზო საფეხურის VII კლასის სახელმძღვანელოების კონკურსთან ერთად.

შეეხო თუ არა ეს პროცესი არაქართულენოვან სკოლებს და როდის ექნებათ მათ ახალი სახელმძღვანელოები, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს კითხვებით მიმართა. გთავაზობთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პასუხებს ჩვენს კითხვებზე.

როგორც ცნობილია, დაწყებითი საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა განახლდა. რა სიახლეებია ახალი ესგ-ის მიხედვით არაქართულენოვანი სკოლებისთვის (სომხუროენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი)?

–ცვლილებები ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შეეხო ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებს.

შესაბამისად, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალი (ადმინისტრაციული ნაწილი) და დაწყებითი საფეხურის ყველა საგნობრივი სტანდარტი/პროგრამა.

–სახელმძღვანელოები (კონკრეტულად, ქართული ენის) არ შეცვლილა არაქართულენოვან სკოლებში დაწყებით საფეხურზე. როდის იგეგმება მათი შეცვლა და რომელ საგნებს შეეხება მომავალში ეს ცვლილებები?

 –როგორც მოგეხსენებათ, 2018-2019 წელს დაიწყო რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის დანერგვა ქართულენოვან სკოლებში. ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევიდა I-VI კლასებში. არაქართულენოვან სკოლებში ახალი ესგ-ს დანერგვა უნდა  დაიწყოს მომავალი სასწავლო წლიდან, შესაბამისად, მანამდე ითარგმნება სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. რაც შეეხება ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს, გრიფი ვერ მიიღო კონკურსზე შემოტანილმა სახელმძღვანელომ. შესაბამისად, ახალი გრიფირების გამოცხადების დროს კონკურსი თავიდან გამოცხადდა ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოზე.

–ახალი ესგ-ის მიხედვით განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება დაწყებით საფეხურზე მეხუთე კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით. ეს ცვლილება არაქართულენოვან სკოლებსაც ეხება?

–დიახ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილებები (მათ შორის, შეფასების სისტემა) ეხება არაქართულენოვან სკოლებსაც.

–არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს არ აქვთ საშუალება მასწავლებლის გამოცდა ჩააბარონ მთელ რიგ საგნებში, მაგალითად, არ არის რუსულის, სომხურის, აზერბაიჯანულის როგორც მშობლიური ენის გამოცდა. ვერც პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე, რაც მათი წინსვლის და მასწავლებლის სქემაში ჩართვის პროცესს ართულებს. როდისთვის იგეგმება მათთვის ამ გამოცდების შეთავაზება?

–საკითხი განხილვის პროცესშია.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური