GE

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ახალი ინფორმაციის დასწავლაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ახალი ინფორმაციის დასწავლაში? – ამ კითხვაზე პასუხი უკვე საუკუნეებია რაც გამოწვევაა პედაგოგიკის სფეროსთვის. საბედნიეროდ, ხანგრძლივი კვლევა-პრაქტიკის წყალობით, მეცნიერები კონკრეტულ დასკვნამდე მივიდნენ: შესასწავლი ინფორმაციის წარმოდგენა შეგრძნების ყველა დონეზე, აუმჯობესებს დასწავლის პროცესს. ამ მიდგომით სწავლებას „მულტიმოდალური სწავლება“ ჰქვია.

მულტიმოდალური სწავლება ეს არის სწავლების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი სტრატეგიების/მასალის გამოყენებას და  მოიცავს მგრძნობელობის ყველა არხს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანები უნიკალური არსებები ვართ. განსხვავებულია გარემოდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავების უპირატესი გზაც. მაგალითად, ზოგი უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს მოსმენილ ინფორმაციას, ზოგიც კიდევ უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს დანახულ ინფორმაციას და ა.შ.

ასევე არიან მოსწავლეებიც. ზოგი უკეთ გაიგებს მოთხრობას თუ დაუხატავენ ან ფოტოებს უჩვენებენ, ზოგიერთი ამ მოთხრობის მოსმენას ამჯობინებს, დარჩენილნაწილს კი ურჩევნია ფიზიკურადაც ჩაერთოს პროცესში: გაითამაშოს სცენები მოთხრობიდან, დადგას სპექტაკლი და ამ სახით გაიგოს შინაარსი.

მაგრამ . . .

კლასში ბევრი მოსწავლეა. როგორ მოახერხებს მასწავლებელი ინფორმაციის მიწოდებას თითოეული მათგანისთვის უპირატესი გზით ?

ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ვერც მოახერხებს. დრო არ ეყოფა.

თუმცა . . .

არსებობს გამოსავალი. ეს არის ე.წ. „ეკლექტური მიდგომა“, როდესაც მასწავლებელი იყენებს ახსნის ყველა შესაძლო გზას და მოიცავს მხედველობის, სმენისა და კანის შეგრძნებების სისტემებს.

  • ყვება ტექსტს და მოსწავლეები უსმენენ
  • აჩვენებს სურათებს/უხატავს და მოსწავლეები ათვალიერებენ
  • დგამენ მინი სპექტაკლებს/როლურ თამაშებს; ძერწავენ პერსონაჟებს – მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ფიზიკური მოძრაობებით, შეხებით იღებენ ინფორმაციას.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა არ უნდა იცოდეს რომელია ინფორმაციის გადამუშავების უპირატესი გზა კონკრეტული ბავშვისთვის. პირიქით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ცოდნა კარგად შეიძლება გამოიყენოს მან მოსწავლესთან ერთი-ერთზე კომუნიკაციის დროს, ან მოსწავლის მშობლისთვის რეკომენდაციების მიცემის დროს. მაშინ როცა მასწავლებელი ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით სუსტი მხარეების განვითარებაზე აძლევს რჩევებს მშობელს.

ქვემოთ მოცემულია ფოტო სმენადაქვეითებულთა ინტეგრირებული კლასის სპეციალისტების სამუშაო პროცესიდან

კითხვა :

  1. ჩანს თუ არა მოცემულ ფოტოზე მულტიმოდალური სწავლების სტრატეგიები? თუ ჩანს, ჩამოთვალეთ ისინი. მიუთითეთ, შეგრძნების რა სისტემებს მოიცავენ ისინი

პასუხი :

  1. დიახ, ჩანს
  • სიტყვების გრაფიკული გამოსახულება (დაწერილი სიტყვები „ვაშლი“ და ა.შ.)
  • სიტყვების აღმნიშვნელი საგნები
  • რეალური საგნები (ხილი) რომელთა შეჭმაც შეიძლება
  • სიტყვების სმენითი ხატი (სავარაუდოდ პედაგოგი ასახელებს კიდეც/ახმოვანებს თითოეულ საგანს)

რა მიზანი შესაძლოა ჰქონდეს ამ აქტივობას?

ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა იყოს სიტყვების მნიშვნელობების ათვისება. როგორც ვიცით, სმენადაქვეითებული ბავშვისთვის საკმაოდ რთულია სიტყვის სმენითი ხატის დაკავშირება სიტყვის მნიშვნელობასთან (უჭირთ გაგონილი სიტყვის მნიშვნელობის გაგება). აღსანიშნავია, რომ მულტიმოდალური სწავლების მეთოდი ეფექტურია არამარტო განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან, არამედ ტიპიური განვითარების მქონეებთანაც.

სიტყვების გრაფიკული გამოსახულების საგნებზე დაწებების მიზანი კი შესაძლოა იყოს:

  • სწრაფი კითხვის ჩვევის გამომუშავება (სიტყვის ჩანაწერის ვიზუალურად ცნობა/დამახსოვრება)
  • წაკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანის გაუმჯობესება (სიტყვის მხედველობითი ხატისა და შესაბამისი საგნის სწრაფად დაკავშირების ხარჯზე)

ამ აქტივობის დახმარებით მასწავლებელი:

  • თან უსახალებს ბავშვს კონკრეტულ საგანს (სმენითი არხი)
  • თან უჩვენებს (მხედველობითი არხი)
  • თან აძლევს დაგემოვნების საშუალებას ( ე.წ. ორალური არხი- პირის შეგრძნებები)

ასევე იყენებს თითოეულ საგანს ფუნქციურად და ამ სახით უზრუნველყოფს ახალი ინფორმაციის ძველ გამოცდილებასთან დაკავშირებას, ინფორმაციის უფრო მაღალ დონეზე გადამუშავებას.

ზემოთ მოყვანილია მხოლოდ ერთი მაგალითი. თუმცა მსგავსი მულტიმოდალური აქტივობები პრაქტიკულად ყველა თემატიკასა და მიზანს შეიძლება მოვარგოთ.

კვლევებით დასტურდება, რომ ამ გზით ახსნილ ახალ მასალას მოსწავლე უკეთ გებულობს და იმახსოვრებს. შედეგად, უმჯობესდება მისი აკადემიური მოსწრება. მოსწავლეთა მიღწევების ზრდის პარალელურად კი იზრდება მასწავლებლის თვითკომპეტენტურობა და სწავლების მოტივაცია.

თქვენი ბავშვი ან მოსწავლე ვერ კითხულობს? – ალბათ, გაინტერესებთ რატომ

რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ელექტროტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას

საინტერესო ინფორმაცია მშობლებისთვის

მოამზადა მარი არევაძემ

გამოყენებული წყარო და ლიტერატურა: davidlazeargroup.com; multimodallearningenvironments.wikispaces.com; seenmagazine.us

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური