GE

როგორ შეფასდა 2016 წელი განათლებაში – ჯეჯელავა, სანიკიძე, ჯაში

ნაყოფიერი, დინამიური, ინოვაციური – ასე აფასებენ განათლების მინსიტრი, ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გასულ 2016 წელს და ამბობენ, რომ ამ წელს საფუძველი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაეყარა.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 2017 და მომდევნო წლები კიდევ უფრო შედეგიანი, სიახლეებით აღსავსე და წარმატებული იქნება. ამბობენ, რომ ამაში სახელმწიფოც ხელს უწყობთ, რადგან გაანთლება პრიორიტეტადაა დასახელებული.

2016 წლის შეფასება და მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამოთვლა  თავდაპირველად განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ვთხოვეთ. დუალური სწავლება, ახალი სახელმძღვანელოების მომზადება,  1-6 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის დასრულება, თსუს- ახალი რექტორი და იქ მიმდინარე პროცესები, სტუდენტების იდეების თსუ-ს სტრატეგიაში ასახვა, კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ, „ჰორიზონტი 2020“ – ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ჯეჯელავას წლის მიღწევად მიაჩნია . თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

„კიდევ განათლებისა და მეცნიერების ძალიან კარგი ახალი მინისტრი გვყავს. ძალიან აქებენ  – კარგი კაციაო,“ – ხუმრობს მინისტრი.

რაც შეეხება 2017 წლის გეგმებს და გადასადგმელ ნაბიჯებს, ჯეჯელავას თქმით,  გეგმა საკმაოდ მრავალფეროვანია.

„სკოლაში სასწავლო პროგრამები და გაკვეთილის ფორმატები შეიცვლება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა გვაქვს და შემდგომში კიდევ ცვლილებებია მოსალოდნელი. უმაღლესში უცხოელი სტუდენტების ჩამოყვანაზე გვაქვს აქცენტი. ასევე აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო აკრედიტაციაზეც – გვინდა, რომ ქართულმა უნივერსიტეეტბმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღონ. ერთ-ორ თვეში  სტუდენტების დაფინანსების ახალ სქემასაც შემოგთავაზებთ. ჯერ საჯარო განხილვები იქნება და მერე უკვე დამტკიცდება.

„პროფესიული განათლების წლევანდელი „მოსავალი“ 10 ათასი სტუდენტია. იმედი მაქვს მომავალ წელს შევძლებთ 15 ათასი სტუდენტი მივიზიდოთ. პროფესიული განათლების შესახებ კანონი უკვე შექმნილი და დასამტკიცებელია. იგი თვისობრივად ახლებურია. ესეც დაგვეხმარება.

„თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად პედაგოგების პრესტიჟის გაუმჯობესება გვინდა. ამასთან ერთად, ინფრასტრუქტურისა და ინკლუზიური სწავლების განვითარებაც გრძელდება. ყველა ის მიმართულებაც, რასაც აქამდე ვაკეთებდით,“ – განგვიცხადა ჯეჯელავამ.

ის, რაც წელს ხდებოდა, განათლების ყოფილი მინისტრის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის თქმით,  რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 2016 წელი მას საკმაოდ დინამიურად მიაჩნია. წინა წლებში განათლების ბიუჯეტზე ნელ-ნელა ნამატმა, მისი თქმით,  საშუალება მოგვცა, რომ 2016 წელს უფრო ამბიციური ნაბიჯები დაგვეგეგმა

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მომენტიც, რომ  ახალმა მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა განათლება ქვეყნის პრიორიტეტად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ის, რაც 2013-ში დაიწყო, 2016-ში გაძლიერდა და დღეს განვითარების ახალ ეტაპზეა. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე გასული წელი საკმაოდ საინტერესო იყო,“ – განგვიცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობისკუთხითაც ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. რაც მთავარია, ინტერნაციონალიზაცია ნათლად აისახა განათლების სისტემაზე როგორც მეცნიერების, ისე უმაღლესი განათლების ნაწილში. ამბობს, რომ პროფესიულ განათლებაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს რეფორმაც წარმატებით დასრულდება.

„ასე რომ, წელი დინამიური იყო და გაზრდილმა დაფინანსებამ საშუალება მოგვცა იმის კეთება დაგვეწყო, რაც საჭიროა. რა რომელ წერტილამდე მივა და რა შედეგს მოგვიტანს, ამას დაკვირვება, გადახედვა და გადამუშავება დასჭირდება. განათლებაში 1 წელიწადში დიდ შედეგებს  ვერ მიარწევ. თუკი გვინდოდა, რომ შედეგი დღეს მიგვეღო, მუშაობა 10 წლის წინ უნდა დაგვეწყო,“ – დასძენს სანიკიძე.

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე  მარიამ ჯაში ასევე მიიჩნევს, რომ 2016 წელს არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო. განსაკუთთრებით „ჰორიზონტი 2020“-ს ხელშეკრულებაზე ხელმოწერას აღნიშნავს, რომლის რატიფიცირებაც სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ამბობს, რომ  ეს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ზრდისათვს უმნიშვნელოვანესია.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორი კვირის წინ ოთხი კანონპროექტის მიღებით საფუძველი ჩავუყარეთ ისეთ ინოვაციურ პროექტს, როგორიც დისტანციური სწავლებაა ჩვენი დიასპორის წარმომაგენელთათვის და ეროვნული უმცირესობებისათვის. ასევე საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადი განათლების სისტემების კურსდამთავრებულთათვის საქართველოში აღიარების გამარტივება მოვახდინეთ,  რაც ისევ და ისევ ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

„გავამარტივეთ დისციპლინური გეგმის თვალსაზრისით არსებული კანონმდებლობა. სკოლის მენეჯმენტს სუბიექტივიზმი ჩამოვაშორეთ. არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. პირველ რიგში ეს პროფესიული კონკურენციისა და მოტივაციის გაზრდის შესაძლებლობას ეხება – თუკი არსებულ ჩანაწერში პროფესორები მხოლოდ უვადოდ ინიშნებოდნენ, ახლა ასე აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ღვაწლმოსილ პედაგოგებს პატივს ვცემთ, თუმცა ამ სივრცეში  კონკურენციის სრული გაუქმება საკმაო რისკის მატარებელი იყო. შესაბამისად, დიფერენცირება მოხდა უვადო და ვადით დანიშვნის თაობაზე.

„საერთო ჯამში,2016 წელს არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყება იყო ისეთი, რაც 2017 წელს და შემდგომ  წლებში მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ინოვაციების განხორციელებას ხელს რეალურად შეუწყობს, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები ამით არ  დასრულებულა. განათლების სამინისტროსთან ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. 2017 წელი განათლების წლადაა გამოცხადებული და დარწმუნებული ვარ იგი ნამდვილად იქნება ასოცირებული განათლების სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებთან,“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მარიამ ჯაში.

2016 წელი განათლებაში – გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია და 2017–ის გეგმები

კომბლე, ნაცარქექია, დედინაცვალი და „შარში“ მყოფი „ბავშვიყლაპია“ მინისტრი – ჯეჯელავას ხმაურიანი 2016

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური