როგორია დღეს ყურადღებიანი მშობლის თვალით დანახული სასკოლო განათლება – „წლებია, ჩვენს სკოლაში სპორტული შეჯიბრი არ ჩატარებულა“
როგორც წესი, სახელმწიფო ბიუჯეტის რიცხვებში ნაკლებად ჩახედულ მოსწავლის მშობელს, რომელიც საოჯახო ხარჯების თვლით უფრო მეტად არის დაკავებული, ნაკლები დრო რჩება, რომ შვილის სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალში გაერკვეს. მათ შორის იმაშიც, რა ფინანსები იხარჯება მისი შვილის განათლებისთვის. მაგალითად, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლისგან მოგვისმენია ფრაზა – „ჩემი შვილი საჯარო სკოლაში სწავლობს და უფასოდ იღებს განათლებას“. ასე მშობლები იმიტომ ფიქრობენ, რომ პირდაპირი გაგებით, საკუთარი ჯიბიდან არ იხდიან სწავლის გადასახადს. რეალურად კი ყველაფერს თავის ფასი აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც განათლებას აფინანსებს სწორედ მშობლების, გადასახადების გადამხდელთა ფულით ივსება.
საჯარო სკოლის მშობლების ინფორმირებისთვის უნდა ითქვას, რომ მაგალითად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 მილიარდ 575 მლნ ლარით ფინანსდება.
განათლების პროგრამული მიმართულებები 2024 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიაში
რაც შეეხება უშუალოდ მოსწავლეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე, 2023 წლის ბოლოს, 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვეცნობით, რომ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით 170-დან 205 მოსწავლიან სკოლაში მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება 543 ლარია. სკოლებში კი, სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269-ს 507 ლარი. მაღალ კლასებში ვაუჩერული დაფინანსება შედარებით, მაგრამ მაინც გაზრდილია. სრული დოკუმენტი
იმის გასარკვევად, თუ რა ხდება რიცხვებს მიღმა და როგორ ხედავენ მშობლები პრაქტიკაში საკუთარი შვილის სასკოლო ცხოვრებას, რა მოსწონთ, ან რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ ამ ფინანსებით, EDU.ARIS.GE შვილის სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მშობლის პოვნას შეეცადა.
თბილისი 175-ე საჯარო სკოლის ორი სხვადასხვა კლასის მოსწავლის მშობელი, პროფესიის მენეჯერი ეთერ რაზმაძე გვეუბნება, რომ სრულყოფილად არის ჩართული შვილების სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში და ამასთან, ყოველთვის ადევნებს თვალს განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, განსაკუთრებით დიდი ინტერესით კი, როგორც თავად გვითხრა, EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებულ მასალებს ეცნობა, მათ შორის არამხოლოდ ზოგადი განათლების თემაზე.
ჩვენთან საუბარში, იმის უკეთ საილუსტრაციოდ, რა მოსწონს და რა არა შვილების სასკოლო ცხოვრებაში, ეთერი იმ წლებსაც იხსენებს, როცა თავად იყო მოსწავლე და საკუთარ გამოცდილებას მსჯელობისას შედარებისთვის დღევანდელ რეალობას უკავშირებს.
რა მოსწონს ყურადღებიან მშობელს საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში
ეთერ რაზმაძე თვლის, რომ დღეს სკოლებში შეცვლილია ბავშვის უფლებების მიმართ დამოკიდებულება და მასწავლებლები ისჯებიან მოსწავლეზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში.
„კუთხეში დაყენების, სახაზავით ცემისა თუ მოსწავლის ძალადობრივი დასჯის ფაქტები დღეს უკვე ტრაგედიაა და არა ყოველდღიური რეალობა. ბავშვის უფლებები აღიარებულია და მშობელიც მასწავლებლის აღზრდის მეთოდად არ თვლის ასეთ შემთხვევებს. ეს მისასალმებელია“, – ფიქრობს მშობელი.
ამჟამინდელ სკოლებში ორი მოსწავლის დედას მოსწონს ტექნოლოგიური ცვლილებები და ის დაცულობის შეგრძნებას უჩენს – „ვიდეო კამერები, თანამედროვე, ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები და საშუალება პრეზენტაციის სრულყოფილად წარდგენისთვის. ვიდეო კამერები დერეფნებშია დამონტაჟებული, მანდატურიც გვყავს, რომელიც ადგილიდან აკონტროლებს ამ კამერებს. ამ მხრივ საკმაოდ იმედიანად ვარ.
მისი აზრით, ტექნოლოგიური წინსვლა ბავშვების მოსწრებასა და დისციპლინაზეც მოქმედებს
„ბავშვებს სკოლიდან გაპარვის საშუალება არ ეძლევათ და შატალოს შემთხვევებიც იშვიათია. არამარტო კამერების გამო, ზოგადად, ახლა გაცილებით უფრო ფრთხილია სკოლაც და მასწავლებელიც. ჩემი მოსწავლეობის დროს, შატალოს შემთხვევები ძალიან ხშირი იყო. ნაკლებად იჩენდნენ ასეთ ყურადღებას და ბავშვს ან მშობელს ადანაშაულებდნენ, თუ სკოლას გააცდენდა. დღეს უკვე თავად გრძნობენ პასუხისმგებლობას“, – გვიხსნის ეთერ რაზმაძე.
უშუალოდ სწავლა-სწავლების პროცესში მისასალმებელ გარემოებებს კი მშობელი ასე გამოყოფს:
ისწავლება ტოლერანტობა და ისეთი საგნები, რომლებიც ადრე არ ისწავლებოდა – „არჩევითი საგნები საკმაოდ ბევრია და მოსწავლეებს მეტი თავისუფლება აქვთ. მაგალითად, ჩემს უფროს შვილს, მეათეკლასელს, ინფორმაციული ტექნოლოგიები აინტერესებდა და სკოლაში სწავლობს“.
არასაკმარისი რესურსის შემთხვევაში, თავად სკოლაში ქმნიან რესურსს და სწავლისთვის სხვადასხვა, მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ – „მაგალითად უმცროს შვილს, დათას, რომელიც მე-5 კლასშია, მათემატიკის მასწავლებელი, რუსუდან ზვიადაური თვითონ უდგენს დავალებებს და „თიმსში“, უგზავნის, რასაც ჩემი შვილი დიდი ხალისით ასრულებს“.
ადეკვატურად შედგენილი ცხრილი და ზედა კლასებში დამატებითი გაკვეთილები – „სასწავლო ცხრილები ისე არ არის შედგენილი, რომ ერთმანეთის მიყოლებით იყოს ერთი და იგივე საგანი. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, მაგალითად მათემატიკა მიყოლებით ტარდებოდა. დღეს მოსწავლეებს ზედა კლასებში დამატებით უტარდებათ არჩეული საგნები, მაგრამ ზოგიერთი გაკვეთილის ხარისხში ეჭვი მეპარება“.
მომწონს, რომ გარკვეული თემის. ირგვლივ გაკვეთილზე იმართება დისკუსიები და არ არის სულ სტანდარტული – „გამოდი, გაკვეთილი მოგვიყევი“ სტრატეგია.
რაც შეეხება თემას, რა არ მოსწონს და რის შეცვლას ისურვებდა, ეთერ რაზმაძე აცხადებს, რომ მისთვის ამ სიაში ძალიან ბევრი და სისტემური საკითხია, მაგრამ ჩვენთან საუბარში მისთვის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს გამოყოფს:
სწავლების დაბალი ხარისხი, უფასო, მაგრამ სუსტი სასკოლო სახელმძღვანელოები – „ზემოთ აღვნიშნე, რომ სკოლებში ისწავლება მრავალფეროვანი საგნები, მაგრამ როგორ ასწავლიან? ძალიან ზერელედ. ეს ისეთი სისტემური პრობლემებია, რომელზე საუბრითაც უკვე ყველა დაიღალა“.
მოსწავლეებისთვის საინტერესო სასკოლო ცხოვრების არქონა – „მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებით ხომ არ იზომება სკოლის ფუნქცია?! მე მოსწავლეობის პერიოდში მუდმივად ჩართული ვიყავი სხვადასხვა ოლიმპიადაში, კონკურსში, სპორტულ აქტივობაში. ჩვენს სკოლაში სპორტული შეჯიბრიც კი არ ჩატარებულა, უკვე წლებია. ჩვენს სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს და დაგვპირდა, რომ ამ კუთხით ცვლილებები იქნება, ვნახოთ“.
სკოლადამთავრებული მოსწავლის მოუმზადებლობა უმაღლესი განათლებისთვის და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო გარემოს არქონა – „რატომ უნდა სჭირდებოდეთ მოსწავლეებს საგამოცდოდ დამატებითი მომზადება, როცა უმაღლესში მისაღები საგამოცდო პროგრამა სასკოლოა, საგამოცდო ზღვარი კი მინიმალური. სკოლას საკუთარ სივრცეშივე შეუძლია არაფორმალური სასწავლო გარემო შეუქმნას მოსწავლეებს, რომლებსაც ცეკვის, ხატვის, სპორტის შესწავლა სურთ. აქ სამოყვარულო დონეზე შესწავლას ვგულისხმობ და არა პროფესიულს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ზედა კლასებში სხვადასხვა საგნების მასწავლებლებს აქვთ გარკვეული კლუბები, მაგალითად ქიმიის კლუბი და მოსწავლეებს იქ შეუძლიათ ჩაერთონ“.
ასევე იხილეთ:
მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი
ავტორები: მზეო შველიძე და edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება