„საგამოცდო პროცესი სრულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება“ – რა გეგმა აქვს მთავრობას უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შესთავაზებენ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება“ როგორც ზოგად, ისე უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში.
ახალი, ფუნდამენტური ცვლილებების მოლოდინის პარალელურად, ცნობილია ინფორმაცია 2025-2028 წლებისთვის საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა და მიმდინარე თვეში უნდა განიხილოს.
EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის ცნობილია, რომ გშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მისაღები გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა პროცესის შესახებ დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება.
ამის მიუხედავად, უმაღლეს განათლებაში გამოცდების შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძირითად მიმართულებებში ვკითხულობთ, რომ 2025-2028 წლებისათვის საგამოცდო პროცესის წარმართვა სრულად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის დაგეგმილი.
რა წერია დოკუმენტში უმაღლესი განათლების მიმართულებით:
საგამოცდო პროცესის სრულად წარმართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას;
ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებების განხოციელება.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფციის შემუშავება.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება.
პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველში“ გაგრძელება.
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედდება, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის გაგრძელება, მსჯავრდადებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებების გაგრძელება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთობლივი/ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა;
რეგიონული უნივერსიტეტების პროექტების მხარდაჭერა.
მთავრობას და განათლების სამინისტროს მასშტაბური გეგმები აქვს პრიოფესიული განათლების მიმართულებით, სადაც ცვლილებები თითქმის ყველა ასპექტშია მოსალოდნელი.
პროფესიული განათლება:
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად საქართველოს მოქალაქეების ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა პროფესიული და ზოგადი უნარების განვითარებით;
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კვალიფიკაციების ახალი ჩარჩოსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა;
კრედიტების ახალი, ევროპული სისტემის და კერძო სექტორის მიერ/მონაწილეობით პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების მოდელის დანერგვა.
პროფესიული განათლების ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად სერვისების განვითარება/გაფართოება, როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების, ისე ზრდასრულების საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისად;
პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელის დანერგვა, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მოდელის ამოქმედება;
საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში კერძო სექტორის შემოყვანის სტიმულირება;
პროფესიული საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამების ხელმისაწვდომობა, შემუშავებული პროფესიული განათლების მიღმა მყოფი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიკაციისა და პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმები.
ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბების გაზრდა, მათ შორის საჯარო სკოლებში დანერგვის გზით;
პროფესიული განათლების სისტემაში პროფორიენტაციისა და კარიერის მართვის სერვისების ახალი სტრატეგიის შესაბამისად უზრუნველყოფა;
პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დამტკიცება;
არაფორმალური განათლების აღიარების მასშტაბების გაფართოვება;
პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობების შექმნა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად და ინგლისური ენის სწავლების გასაძლიერებლად;
პროფესიული განათლების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარება;
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ადმინისტრირების მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება.
ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება 3 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია.
საჭიროების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი პროფესიული სასწავლებლების დაფუძნება. განხორციელდება ღონისძიებები არსებული გეოგრაფიული ქსელის საჯარო-კერძო ფორმატში გაფართოების მიზნით;
სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაძლიერდება პროფესიული განათლების მიწოდება.
ასევე იხილეთ:
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება