GE

სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაცია სკოლებს–ისევ „მე და საზოგადოების“ მასწავლებლებზე

ვინ ასწავლის ახალ საგანს „მე და საზოგადოება“? ამ თემის მიმართ პედაგოგთა მაღალი ინტერესი იკვეთება.  გამოხმაურებებსა და კითხვებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჯგუფში ისმის საყვედურები იმის გამო, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ.

,,სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, რომელიც ფორუმშია გაწევრიანებული, აქვს უამრავი ტრენინგი გავლილი და რომელიც იმავდროულად ისტორიასაც ასწავლის, აქვს უფლება ასწავლოს საგანი „მე და საზოგადოება?“  EDU.ARIS.GE-ს ამ და მსგავს კითხვაზე პასუხის დაზუსტებას  სთხოვენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

აღნიშნულ საკითხზე მომზადებულ წინა მასალაში EDU.ARIS.GEს სამინისტროში განუმარტეს, რომ სკოლებს რეკომენდაციის სახით შესთავაზეს შემდეგი: „სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საგანი ასწავლოს დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა, რომელიც კონკრეტულ კლასს ასწავლის სხვა საგნებსაც“. მაშინვე სკოლებმა მიიღეს წერილები, ეროვნული სასწავლო გეგმის „მე და საზოგადოების“ მასწავლებელთა ტრენინგში მონაწილეობისათვის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები წარედგინათ.

ჩვენი მომდევნო სტატია, სადაც სკოლები თავიანთი არჩევანის შესახებ საუბრობდნენ უკვე მზად იყო როცა შევიტყვეთ, რომ სკოლებში სამინისტროსგან მიღებულია განმეორებითი წერილები, იმის შესახებ, რომ საგან „მე და საზოგადოების“ მასწავლებლად შერჩევისათვის არ არის საკმარისი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლობა, შერჩეული პედაგოგი აუცილებლად ქართულს, მათემატიკასა და ბუნებისმცოდნეობას უნდა ასწავლიდეს. ანუ სკოლებს, რომლებმაც განსხვავებული არჩევანი გააკეთეს, საკითხის გადახედვა მოუწევთ. რეკომენდაციამ მავალდებულებელი ძალა შეიძინა.

სკოლების გადაწყვეტილებები კი განსხვავებული იყო, მაგალითად:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში არჩევანი სამოქალაქო განათლების მასწავლებელზე შეაჩერეს. სკოლის დირექტორი ნინო ნესუაშვილი აღნიშნავდა, რომ მათ სკოლაში საკითხს რაიმე გაუგებრობა არ გამოუწვევია.

„წერილი, რომელიც 13 მარტს მივიღეთ, ორი მიმართულების კრიტერიუმებს სახავდა. პირველით, დიდკონტინგენტიანი სკოლიდან ორი პედაგოგი უნდა შერჩეულიყო და მცირედან –ერთი.   ხოლო მეორე მიმართულებით, საგნის „მე და საზოგადოება“ სატრენინგო პროგრამის ბენეფიციარები არიან დაწყებითი საფეხურის პედაგოგები, ხოლო, რაც შეეხება საგანს ,,ჩვენი საქართველო“ საზოგადოებრივი ჯგუფის პედაგოგები. ჩვენი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ასწავლის მეხუთე-მეექვსე კლასშიც (ანუ დაწყებით საფეხურზე) და აქვს საგნის შესაბამისი კომპეტენციაც. ჩვენი არჩევანი რეკომენდაციასაც აკმაყოფილებს და სკოლის კრიტერიუმებსაც. დავაზუსტებ, წერილში წერია არა  „დაწყებითი საფეხურის სერტიფიცირებული პედაგოგი“, არამედ, „დაწყებითი საფეხურის პედაგოგი“ და არც საგანია დაკონკრეტებული.“

ხელმეორედ მიღებული წერილი კი სკოლისგან გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს.

თბილისის 182-ე სკოლაში „მე და საზოგადოების“ მასწავლებლად დაწყებითი საფეხურის პედაგოგი შეარჩიეს. სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა თაბუაშვილი EDU.ARIS.GE -სთან აღნიშნავს, რომ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა საგანი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ესწავლებინათ.

„ჯერ ზოგადად განვიხილეთ საგნის სტანდარტი კოლეგებთან ერთად. თუ გავითვალისწინებთ მოსწავლეთა ასაკს, ცოტა საფრთხილო სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ესწავლებინათ. უკვე კონკრეტულად, ჩვენი სკოლის მაგალითზე რომ დავიწყეთ მსჯელობა, იქაც გაჩნდა კითხვები, შეძლებენ კი დაწყებითის მასწავლებლები იმ აქცენტების გაკეთებას, რაც მოიაზრება „მე და საზოგადოების“ სტანდარტში? საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ თუ მასწავლებლის გადამზადება მოხდება, არსებით განსხვავებას, იქნება ეს დაწყებითის მასწავლებელი თუ სამოქალაქოს მასწავლებლი, ვერ ვხედავ. თუმცა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იყოს მესამე და მეოთხე კლასში „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი. საბოლოოდ, დაწყებითის პედაგოგის მონაცემები გავაგზავნეთ. თუმცა სურვილი გვაქვს მეორე პედაგოგმაც გაიაროს გადამზადება, რადგან მე-3 და მე-4 კლასების 9 პარალელი გვაქვს. საგნის სწავლება ახლა იწყება, სკოლაში განვახორციელებთ მონიტორინგს, როგორ ინერგება, რამდენად სწორი აქცენტები კეთდება, ჩემს პირად ადამიანურ რესურსს, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ბოლომდე გავუზიარებ პედაგოგს.“

რაც შეეხებათ გარე ექსპერტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავს: ,,ჩემი აზრით, სასურველია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა აიღოს ეს პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე, თუმცა, ასაკობრივ პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში შესაბამისი მომზადების შემთხვევაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელიც გაართმევს თავს.“

სამოქალაქო განათლების პროგრამის ( PH International) დირექტორის მარინა უშვერიძის აზრით,  დაწყებითის მასწავლებლებსა და სამოქალაქოს მასწავლებლებს შორის ბუნებრივი კონკურენციის პირობებში, საგნის სწავლების უკეთეს ხარისხს მივიღებთ.

ამიტომ სკოლებს უნდა მიეცეთ არჩევანის საშუალება. მათ შეუძლიათ ამ საგნის მასწავლებლად წარმოადგინონ როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგის, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგის კანდიდატურა.

,,ვფიქრობ, რომ „მე და საზოგადოება“  შესაძლებელია ასწავლოს როგორც დაწყებითების პედაგოგმა, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებელმაც. რადგან ეს საგანი ახალია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, იგი ბუნებრივია პირველ წლებში გაივლის გარკვეულ გამოცდას, დაგროვდება გამოცდილება. სწავლება კი უნდა დაიწყოს პედაგოგმა, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადამზადების გავლის შემდეგ, რაც ორივე პედაგოგისთვის უნდა იყოს თანაბრად უზრუნველყოფილი“, – აღნიშნავს მარინა უშვერიძე.

რევაზ აფხაზავა, ,,კოალიცია განათლება ყველასათვის“: ,,სახელმწიფოს მცდელობებითაც და საერთაშორისო დახმარებებითაც ჩვენს სკოლებში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურები არიან სამოქალაქო განათლებაში. ,,მე და საზოგადოება“ სამოქალაქო განათლების საბაზისო კურსია. კარგი იქნება, თუ მათ მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ამ კურსის სწავლებაში, თუმცა არც დაწყებითის მასწავლებელს უნდა აეკრძალოს სწავლების უფლება. ეს კონკრეტულმა სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ ურჩევნია ახალი საგნის მასწავლებლად: საგნობრივ შინაარსში კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფზე ორიენტირებულ პედაგოგიურ უნარებში გადამზადდება თუ  დაწყებითის მასწავლებელი, რომელიც გაივლის მოდულს საგნობრივი ცოდნის მიმართულებით.  მეორეს მხრივ, მენეჯმენტის თვალსაზრისით, კიდევ საათების გაყოფა რა საჭიროა?

„კარგი იქნება, სკოლამ გააძლიეროს თავისი სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, რომლებიც შესაბამისი დატვირთვის პირობებში, უფრო მოტივირებულად იზრუნებენ პროფესიული განვითარებისთვის. დაწყებითის მასწავლებლები იცვლებიან და ყოველ ჯერზე ახალი კადრის გადამზადება გახდება საჭირო. ამიტომ საბაზისო რესურსის გააქტიურება უფრო სწორად მიმაჩნია და მათ ცოდნას დაეშენება დაწყებითში საჭირო უნარები. ამით, საგნის მნიშვნელობა მეტ წონას შეიძენს. გასათვალისწინებელია, რომ  ეს არ არის პირველი, ან მეორე კლასი, როცა მოსწავლე სკოლასთან შეგუების პროცესშია და შეიძლება რამდენიმე მასწავლებელთან უთიერთობა გაუჭირდეს. ეს სიძნელე უკვე გადალახულია სკოლაში ყოფნის მესამე-მეოთხე წელს და ისედაც უკვე გარდამავალი პერიოდია საგნობრივ სწავლებაზე. ბევრ სკოლას ამ ეტაპზეც (მესამე-მეოთხე კლასი) საგნობრივი სწავლების მიდგომა უკვე აქვს ამოქმედებული.“

დღეს სოციალურ ქსელებში დისკუსია უკვე ახალ რეალობას ეხება. 10 აპრილს მიღებული წერილები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ცალსახად უჭრის უფლებას ასწავლონ ,,მე და საზოგადოება“. ამიტომაც მათგან კითხვების ახალი ნაკადი წამოვიდა:

,,რატომ დაურღვევს ერთი სამოქალაქო განათლების პედაგოგი დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეს ფსიქიკას? ან ერთი დაწყებითი საფეხურის მხოლოდ ქართულის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების, ვიმეორებ, სკოლიდან მხოლოდ ერთი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, როგორ აღმოჩნდება ყველა ბავშვისთვის ნაცნობი? რამდენად მისაღებია საგნის მასწავლებელმა არ ასწავლოს საგანი? როგორ შეიძლება იმ მასწავლებლების დასაქმება ვინც I-VI კლასის სხვადასხვა საგნობრივი გამოცდები ჩააბარეს? თუნდაც დაწყებით საფეხურზე და რა საჭიროა სპეციალიზაცია? რა უნიკალური მეთოდიკა ჩააბარეს გამოცდებზე უცხო ენის, ან სპორტის მასწავლებლებმა?“ – კითხულობს პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი.

როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი აღნიშნავს, ,,ფორუმი სამინისტროს მიმართავს  წერილით, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს მიეცეთ შესაძლებლობა ასწავლონ ,,მე და საზოგადოება“.

სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო მართებული იქნებოდა, ახალი საგნის სწავლების უფლება პედაგოგთა ორივე სეგმენტს მისცემოდა. პირველ შედეგებზე დაკვირვება  უკეთ გამოაჩენდა, ვინ უფრო ეფექტურად ასწავლის  საგანს და საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოცდილებიდან გამომდინარე არგუმენტებს დაემყარებოდა.

ამავე თემაზე:

ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“ დაწყებით კლასებში?

ყველაზე „რევოლუციური“ ცვლილებები საგნის „მოქალაქეობა“ მიმართულებით არის გათვალისწინებული

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური