GE

ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“ დაწყებით კლასებში?

მომავალ სასწავლო წელს მესამე და მეოთხე კლასელები ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ სწავლას დაიწყებენ. სახელმძღვანელოების 4 კომპლექტი განსჯისთვის გამოტანილია. დღის წესრიგში დადგა საკითხი, ვინ უნდა ასწავლოს საგანი, რადგან მანამდე მასწავლებლებმა შესაბამისი გადამზადება უნდა მოასწრონ. სკოლებმა მიიღეს წერილები, ეროვნული სასწავლო გეგმის „მე და საზოგადოების“ მასწავლებელთა ტრენინგში მონაწილეობისათვის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები წარედგინათ.

რა გახდა იმ ცალსახა გადაწყვეტილების საფუძველი, რომლის მიხედვითაც „მე და საზოგადოების“ საგანი დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა უნდა ასწავლონ?

თავსებადია თუ არა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლისა  და ,,მე და საზოგადოების“ საგნობრივი სტანდარტები? 

EDU.ARIS.GE -მ ამ კითხვებით მიმართა ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელს მარიამ ჩიქობავას, რომელმაც განგვიცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღნიშნულის თაობაზე სკოლებს რეკომენდაცია უკვე მისცა.

„სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საგანი ასწავლოს დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა, რომელიც კონკრეტულ კლასს ასწავლის სხვა საგნებსაც. ეს უნდა იყოს პედაგოგი, რომელიც შეძლებს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე გაიყვანოს მოსწავლე. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანთაშორის ინტეგრირების ხარისხი.  ამ მასწავლებელმა იცის მოსწავლის საჭიროებები, ასაკობრივი თავისებურებები, ფლობს სწავლების შესაბამის სტრატეგიებს, ამავე დროს მას აქვს ზუსტი ინფორმაცია მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესახებ. საგნის მიზნები, რომელიც ასახულია სტანდარტში, შეეხება ურთიერთობებს ოჯახში, კლასში, სკოლაში… პედაგოგი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეთა კონკრეტულ გარემოს, რათა სწორად წარმართოს მუშაობა სტანდარტის მიზნების მისაღწევად.  თუმცა, ყველა სკოლა განსხვავებულია, თავისი კულტურა, თავისი საჭიროებები აქვს და მაინც თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელმა მასწავლებელმა ასწავლოს ეს საგანი. სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციას სთავაზობს. სკოლა თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ექნება შესაბამისი არგუმენტები. ჩვენი არგუმენტები საკმაოდ მყარია და უმრავლესობა მას გაითვალისწინებს. რაც შეეხება პროფესიულ სტანდარტს, ის თავსებადია საგნობრივ სტანდარტთან. ამ საგანში არ არის ისეთი  შინაარსი, რომ განსაკუთრებულ სპეციფიურ ცოდნას მოითხოვდეს“, – ამბობს ესგ–ის სამმართველოს ხელმძღვანელი.

როგორც მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს, ახალი სასწავლო წლის დადგომამდე მასწავლებლები გადამზადდებიან.

„ტრენინგმოდული უკვე შემუშავებულია, გადამზადდება ყველა მასწავლებელი, რომელიც მომავალ წელს მესამე და მეოთხე კლასს ასწავლის. ახალი სასწავლო წლიდან მეოთხეკლასელებიც დაიწყებენ ,,მე და საზოგადოების“ სწავლას.“

ტრენინგმოდული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშავდება. EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ცენტრის სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის სამსახურის უფროსი მარიკა სიხარულიძე აცხადებს, რომ ტრენინგები პედაგოგებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ამოქმედდება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი საფეხურისათვის. მისი დანერგვის პროცესი არის ჩვენი ცენტრის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯები გადაიდგა: შევიმუშავეთ სატრენინგო პროგრამა მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან „მე და საზოგადოებას“. ეს საგანი საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა სამინისტრომ არგუმენტირებული რეკომენდაცია დაწყებითი საფეხურის, კერძოდ, ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმცოდნეობის მასწავლებლებს გაუწია. უახლოეს მომავალში დაიწყება ტრენინგები პედაგოგებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ორდღიანი მოდული იქნება, 10 საკონტაქტო და 4 არასაკონტაქტო საათით, მონაწილეებს გადაეცემათ საკითხავი მასალაც. ეს იქნება ერთგვარი პილოტი, რომ დავხვეწოთ სატრენინგო პროგრამა. მოდულთან დაკავშირებით, რეკომენდაციები მივიღეთ  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტიდანაც.“

როგორც ცნობილია, „მე და საზოგადოების“ სწავლებაში ჩართვაზე მოლოდინები ჰქონდათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსაც. ამიტომ ტრენინგის მონაწილე პედაგოგოგების შერჩევისას ისინი კითხვებით მიმართავდნენ სამინისტროს, მასწავლებელთა სახლს, EDU.ARIS.GE– ს რედაქციას. ერთეულმა სკოლებმა ტრენინგში მონაწილეობისათვის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებიც წარადგინეს.

როგორც EDU.ARIS.GE -სთან სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელმა მაკა ბიბილეიშვილმა აღნიშნა, მოლოდინები განსხვავებული იყო.

„დიახ, ფორუმის წევრებსაც და საერთოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საგნის სწავლებაში ჩაერთვებოდნენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ობიექტურად დავასკვენით, რომ სამოქალაქოს მასწავლებელი დაწყებითში სწავლების უნარებს არ ფლობს. ჩვენს სერტიფიკატშიც აღნიშნულია „მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მასწავლებელი“. „მე და საზოგადოებაში“  საგნობრივად  ისეთი რამ არ ისწავლება, რომ დაწყებითის მასწავლებელს გაუჭირდეს. შეიძლება, ჩემს კოლეგებს ეწყინოთ, მაგრამ, ფაქტია, დაწყებითის პედაგოგმა უკეთ იცის,  როგორ მიაწოდოს მესამე-მეოთხეკლასელებს ეს შინაარსი.“

თბილისის N97 საჯარო სკოლა, სხვა 10 სკოლასთან ერთად „მე და საზოგადოების“ სტანდარტის დანერგვის პილოტურ პროექტში მონაწილეობდა. ამიტომ მათ „მე და საზოგადოების“ სწავლების მცირე, მაგრამ სხვებზე მეტი გამოცდილება  გააჩნიათ. ამ სკოლის დირექტორის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელის ქეთევან მეურმიშვილის მოსაზრებითაც დაწყებითი კლასების დამრიგებლები არიან მასწავლებლები, რომლებიც ყველაზე კარგად გაართმევენ თავს „მე და საზოგადოების“ მიზნების მიღწევას. „მიმაჩნია, რომ კლასის დამრიგებელი, რომელიც დაწყებითის მასწავლებელია და რომელიც იცნობს ბავშვს, თანამშრომლობს მშობლებთან, აქვს ინფორმაცია მოსწავლის პიროვნული თვისებების, მისი გარემოს,  წინარე ცოდნის, სოციალური უნარების შესახებ, ყველაზე კარგად და ეფექტურად ასწავლის საგანს. მთავარი მაინც პედაგოგის კომპეტენციაა, თუ სკოლა მიიჩნევს, რომ მას კლასის  დამრიგებლობა შეუძლია, ამ საგნის სწავლებასაც უნდა გაართვას თავი, რადგან სადამრიგებლო ვალდებულებები „მე და საზოგადოების“ სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებს გარკვეულად  მოიცავს.“

ახალი საგნის სწავლება 2018-19 სასწავლო წელს დაიწყება და მანამდე საქართველოს სკოლების მესამე და მეოთხე კლასების ყველა მასწავლებელი გაივლის შესაბამის გადამზადებას.

ახლა აქტიურია მოლოდინი, როგორი სახელმძღვანელო ექნება საგანს,  „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოთა რომელ კომპლექტს მიენიჭება გრიფი და რამდენად ხელსაყრელი რესურსი აღმოჩნდება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო სტანდარტით დასახული შედეგების მისაღწევად.

ამავე თემაზე:

ყველაზე „რევოლუციური“ ცვლილებები საგნის „მოქალაქეობა“ მიმართულებით არის გათვალისწინებული

რას უნდა დაემყაროს პოზიტიური მოლოდინები ისტორიის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირები

რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა – დეტალები

საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 – დოკუმენტის სამუშაო ვერსია

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური