GE

ყველაზე „რევოლუციური“ ცვლილებები საგნის „მოქალაქეობა“ მიმართულებით არის გათვალისწინებული

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში საბაზო საფეხურის მოქალაქეობის სტანდარტის განხილვის დროს განაცხადეს, ყველაზე „რევოლუციური“ ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწორედ სამოქალაქო განათლების მიმართულებით ხდება. საგანს შეეცვალა სახელწოდება და ის ნაცვლად სამოქალაქო განათლებისა, სახელწოდებით „მოქალაქეობა“ შევა კურიკულუმშიც და სასკოლო ცხოვრებაშიც.

გარდა ამისა,  სწავლება იწყება მესამე კლასიდან „მე და საზოგადოების“ სახით და ყველა შემდგომ კლასშიც დამოუკიდებელი საგანი იქნება. საბაზო საფეხურზე მოქალაქეობას მეშვიდე კლასში კვირაში 2 საათი, ხოლო მერვესა და მეცხრე კლასებში  თითო საათი დაეთმობა. მომდევნო, საშუალო საფეხურზეც მოქალაქეობა იქნება სავალდებულო საგანი ყველა კლასში.

როგორც განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ნინო ბესელია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, „სკოლამდელი განათლების სტანდარტშიც შევიდა მიმართულება მოქალაქეობა და ეს იქნება არამარტო სკოლამდელ განათლებაში, არამედ პირველ-მეორე კლასშიც შეიძლება, შევიდეს გარკვეული  საკითხები.“

ეს, რაც შეეხება მოქალაქეობის დამოუკიდებელ საგნად უწყვეტ სწავლებას.

რაც შეეხება თავად საგნის სტანდარტს, მასში სამი მიმართულებაა: პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია, ინიციატივა და მეწარმეობა და სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება; სამივე მიმართულებით,  სულ 13 შედეგია დასახული, რომლის მისაღწევადაც მასწავლებელს სამივე კლასში მოუწევს მუშაობა, ყველა თემის ფონზე.

სიახლე იქნება ისიც, რომ განმსაზღვრელი შეფასებები მხოლოდ შემაჯამებელ დავალებაში დაიწერება. ეს  იქნება „კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებები, რომელთა შესრულება მოითხოვს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებულად და ფუნქციურად გამოყენებას.“ ხოლო საკლასო და საშინაო დავალებებისთვის  მხოლოდ განმავითარებელი შეფასება იქნება. შემაჯამებელი დავალების ფორმად განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის პროექტები (სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, ადვოკატირებაზე ორიენტირებული, საზოგადოების ინფორმირებაზე ორიენტირებული, საქველმოქმედო). ამ პროექტებში ჩართულობის დროს, როგორ წარმოაჩენენ მოსწავლეები თავიანთ ცოდნასა და უნარებს, იმის მიხედვით მიიღებენ განმსაზღვრელ შეფასებას.

საგნის სტანდარტს ახლავს სარეკომენდაციო ნაწილი – წლიური გეგმა, რომელშიც თემები საკითხებად არის ჩაშლილი, მოცემულია საკვანძო კითხვები, რომლებიც გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული.

ძირითადად მოქალაქეობის საბაზო საფეხურის სტანდარტი დადებით შეფასებას იმსახურებს და მოხერხებულ სამუშაო დოკუმენტად აღიქმება, თუმცა არსებობს გარკვეული შენიშვნებიც:

„პრაქტიკიდან გამომდინარე, მერვეკლასელებთან ადვოკატირების საკითხის ქმედებაში გადატანა, ანუ ფუნქციურ ცოდნად ქცევა ცოტა ნაადრევი მგონია,“ აღნიშნავს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელი მაკა ბიბილეიშვილი;

„სტადარტში მოცემულ ნეგატიური შინაარსის მატარებელ საკითხები აჯობებს უფრო ნეიტრალური დასახელებებით შეიცვალოს. მაგალითად ,,ახალგაზრდები და დანაშაული“, „გენმოდიფიცირებული პროდუქტები“,– აღნიშნავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი.

PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამების ხელმძღვანელი  მარინა უშვერიძე  საჭიროდ მიიჩნევს მოქალაქეობის სტანდარტისთვის მოხდეს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რომელ ტერმინს ვამკვიდრებთ – ჩაგვრას თუ ბულინგს, რაც სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტებშიც განსხვავებულად გვხვდება და საზოგადოებაშიც აზრთა სხვაობას იწვევს.

ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურის სტანდარტი თებერვლის თვეში დამტკიცდება.

ამავე თემაზე:

რას უნდა დაემყაროს პოზიტიური მოლოდინები ისტორიის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირები

რა სახეს მიიღებს განსახილველად გამოტანილი საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა – დეტალები

საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024 – დოკუმენტის სამუშაო ვერსია

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური