GE

„სამუშაო ადგილზე გვიღებდნენ ცოდნის და არა ნაცნობობის მიზეზით“ – მასწავლებლების წინასაახალწლო სურვილები

ახალი წლის მოახლოებას სკოლებში ყველაზე მეტად გრძნობენ. მოსწავლეთა ჟრიამული, საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები, საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც როგორც პატარები ამბობენ: „დიდ დარბაზში“ ტარდება და რაც მთავარია, ბავშვები მომღიმარი და ხალისიანი სახეებით, რომლებიც პედაგოგებს აღფრთოვანებული უყვებიან, რატომ უყვართ ახალი წელი და კიდევ უფრო მეტად უნათდებათ სახე, როცა იმ საჩუქრების შესახებ იწყებენ საუბარს, რომელსაც საახალწლოდ, მოუთმენლად ელიან.

საახალწლო სურვილები მათ მასწავლებლებსაც ბევრი აქვთ. გასულ წელს ჩვენ მოსწავლეების სურვილების შესახებ გიამბეთ, წელს კი პედაგოგები გვესაუბრებიან.

EDU.ARIS.GE-მ მასწავლებლებს ჰკითხა, რა სურვილებით ხვდებიან ახალ წელს, როგორი სურთ, რომ იყოს 2023 წელი სკოლებისთვის, კოლეგებისა და ზოგადად, სასკოლო სასკოლო საზოგადოებისთვის. ვკითხეთ ისიც, რა „საჩუქრებს“ ისურვებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან.

ჩვენი პირველი რესპონდენტი, ქალაქ აბაშის #1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ინეზა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილი 12 წელია უცვლელი და მომავალი თაობების ისეთ ქვეყანაში აღზრდაა, სადაც მათ ნაკლებად შეაწუხებთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს აწუხებთ.

„12 წელია, პედაგოგი ვარ და ამ ახალ წელსაც ჩემი სურვილი უცვლელია. მინდა, ყველა ბავშვი საქართველოში თუ მსოფლიოს მასშტაბით, ბედნიერი იყოს. ბავშვები არ უნდა იტანჯებოდნენ იმ პრობლემების გამო, რომლებიც გვაქვს, ისინი არ უნდა გრძნობდნენ იმ გლობალურ პრობლემებს, რასაც სიღარიბე, შიში ან ძალადობა ჰქვია. მინდა, რომ ამ ახალმა წელმა მშვიდობა და სიმშვიდე მოუტანოს ყველა ბავშვს. პირადად მე, საჩუქრების მიღება ნაკლებად მიყვარს, მაგრამ თუ ჩემს ირგვლივ ბედნიერი ადამიანების სახეებს დავინახავ, ვიფიქრებ, რომ ყველაზე დიდი და ნამდვილი საჩუქარი მივიღე“, – გვითხრა მასწავლებელმა.

ინეზა ბოკუჩავა ამბობს, რომ პედაგოგები უდიდეს შრომას ეწევიან და ისურვებდა, ამ შრომას ყველა ხედავდეს და აფასებდეს, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც.

„წელს პედაგოგებს მართლაც შრომატევადი წელი გვქონდა. მარტივი ნამდვილად არ არის, ყველაფერს ერთდროულად გაუმკლავდე, სიახლეებს აუწყო ფეხი, განახორციელო ათასგვარი ტიპის ფორმალური თუ არაფორმალური სამუშაო, ვითარდებოდე პროფესიულად, აბარებდე გამოცდებს, იუმჯობესებდე სტატუსს და კვალიფიკაციას და ზრუნავდე, რომ განათლებული ახალი თაობა გყავდეს. რა თქმა უნდა, მეც, ჩემი კოლეგების მსგავსად, მინდა, სამინისტროს დაეფასებინოს პედაგოგების ნამდვილად უდიდესი შრომა, ეს ნამდვილი გმირობაა და ყველა პედაგოგს გამძლეობას ვუსურვებ ამ ასპარეზზე“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან აბაშელი მასწავლებელი.

ჩვენი მეორე რესპონდენტი სტატუსით უფროსი მასწავლებელი, თეო შავგულიძეა ქუთაისიდან, რომელიც ამჟამად ახალი სკოლის ძიებაშია. თეო ინგლისურ ენას ასწავლის და მისი საახალწლო სურვილია, დასაქმდეს ისეთ სკოლაში, რომელშიც პროფესიული თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობები ექნება.

„ძალიან მიყვარს ჩემი საგანი, პროფესიაც და ბავშვებიც, თუმცა ამჟამად არ ვმუშაობ სკოლაში. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, ჩემი პროფესიით დასაქმების, მაგრამ, არსებობს ძალიან დიდი მაგრამ… არ მომწონს ის, რაც დღეს ხდება სკოლებში. გულწრფელად მეცოდებიან მასწავლებლები, რომლებსაც უწევთ, ამდენი ექსპერიმენტები აიტანონ, გამოცდები, დაკვირვებები, ბრძანებები, და ასე გაუთავებლად გააგრძელონ მათი თავისუფლების შეზღუდვა. არ მინდა პროფესიის შეცვლა და ჩემი მთავარი სურვილიც ალბათ ეს არის, რომ დავრჩე ჩემს პროფესიაში, მაგრამ სკოლა იყოს ადგილი, სადაც უუფლებოდ არ ვიგრძნობ თავს და მექნება პროფესიული თავისუფლება“, – გვიხსნის უფროსი მასწავლებელი.

თეო შავგულიძე ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაა, სკოლა აქციოს იმ სისტემად, სადაც მასწავლებლებს ნეპოტიზმით არ მიიღებენ, მოსწავლეები კი არ იტყვიან, რომ „სკოლაში სიარულში დროს ტყუილად კარგავენ“. ჩვენი რესპონდენტის აზრით, ამ „საჩუქარს“ სამინისტროსგან წელსაც ვერ მიიღებს.

„მე ვისურვებდი, რომ მასწავლებელს მიეცეს საშუალება დარჩეს თავის მოსწავლესთან პირისპირ და აკეთოს ის, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. მინდა, მასწავლებელს არ უწვევდეს ფიქრი საგამოცდო ქულებსა თუ ბარიერებზე. ყველა მასწავლებელს ვუსურვებ მართლაც რომ მყარ ნერვებს და გამძლეობას. განათლების სამინისტროს კი ვეტყოდი, ამ წელს მაინც იზრუნოს იმაზე, რომ სკოლაში შესული ახალგაზრდა პედაგოგს სხვა პროფესიის შესწავლის სურვილი არ უჩნდებოდეს და მასწავლებლებს სამუშაო ადგილზე იღებდნენ ცოდნის და არა ნაცნობობის მიზეზით; უზრუნველყოს, მოსწავლეებს ჰქონდეთ განცდა, რომ სკოლა საჭირო ინსტიტუტია და ტყუილად არ უწევთ იქ სიარული. გულწრფელად მინდა, რომ ასეთი საახალწლო „საჩუქრების“ მიღების მჯეროდეს, მაგრამ არ მჯერა“, – ამბობს ჩვენთან საუბარში თეო შავგულიძე.

ჩვენი მესამე რესპონდენტი, თბილისის #213 საჯარო სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელი მარიამ შერმაზანაშვილია. ამბობს, რომ მისთვის საუკეთესო წელი იყო, რადგან წარმატებით ჩააბარა მენტორი მასწავლებლის გამოცდა. როგორც ის EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, მისი მთავარი სურვილია, ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა და ძლიერი მოტივაცია იმისთვის, რომ შეძლოს და მოიპოვოს უკეთესი მომავალი.

„მორთულ-მოკაზმულ სკოლასა თუ სახლებში თბილად მყოფებს, სამწუხაროდ, გვავიწყდება მწარე რეალობა, რომ მრავალი ადამიანი სიღარიბესთან ბრძოლაში ატარებს ყოველდღიურობას, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. ვხედავთ, როგორ იყინებიან უსახლკარო ადამიანები, ულუკმაპუროდ დარჩენილნი, სევდიანი თვალებით შეჰყურებენ საშობაოდ გაკაშკაშებულ ვიტრინებს და ვინ იცის, რაზე ოცნებობენ.

„თუ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სურვილები ახდება, ვისურვებდი, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა, იყოს ბედნიერი, ლაღი და უზრუნველყოფილი ყველაფრით. თითოეულმა მათგანმა შეძლოს, გახდეს თავდაჯერებული და მებრძოლი საკუთარი იდეებისთვის, არ გაჩერდეს მანამ, სანამ კარგს უკეთესად და უკეთესს საუკეთესოდ არ აქცევს“, – ასეთია მომავალი მენტორი მასწავლებლის მთავარი სურვილი.

მარიამ შერმაზანაშვილი, ჩვენი წინა რესპოდენტების მსგავსად, ისურვებდა, რომ „საჩუქრად“ პედაგოგებს უფრო მეტი ყურადღება და განვითარების პერსპექტივა მიეღოთ. რომ ის დიდი შრომა, რომელსაც ყოველდღიურად გასწევენ, არ იყოს ფუჭი და დაუფასებელი:

„ჩაბარებული მაქვს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა და შესაბამისად, ჩემი, როგორც პედაგოგის მოლოდინიცა და სურვილიც პროფესიულ წინსვლას უკავშირდება. ვიცი, რომ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო, სიხარულისა და აღმაფრენის მომნიჭებელი, ცრემლებამდე ტკივილიანი პროფესია ავირჩიე და მინდა, მასწავლებლების შრომა დაფასდეს. ჩვენი ხელფასებიც ნელ-ნელა იზრდება და ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი პოზიტიური სიახლის მომტანი იქნება“.

როგორი იქნება, ახალი 2023 წელი პედაგოგებისთვის, მიიღებენ თუ არა იმ „საჩუქრებს”, რომელზეც ჩვენთან ისაუბრეს, ამას უკვე მომდევნო წლის ბოლოს გავიგებთ.

ასევე იხილეთ:

იმედისმომცემი ელემენტები სკოლის რეფორმაში – ექსპერტის თვალით დანახული 2022 წელი განათლებაში

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური