საქართველოდან უცხოეთში დისტანციურად მიღებული განათლება აგიღიარდებათ თუ… – ცვლილება დამტკიცდა
საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებში, რომელთა თანახმად განისაზღვრა, თუ რა შემთხვევაში აღიარდება საქართველოდან უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება.
როგორც “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ვკითხულობთ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას აღიარებს, თუ იგი მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად.
ასევე აღიარდება თუ მიღებულია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტის მიერ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან/და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ მოიცავს პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, მას დაემატა ერთი პუნქტი და ასევე ერთი მუხლი.
“უმაღლესი განათლების უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს, თუ მის მიერ უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მან საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი”, – ვკითხულობთ კანონში.
ასევე, კანონში გაჩნდა გამონაკლისი, რომელიც ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელებას შეეხება და გაიწერა, რომ, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დეტალები ამ ცვლილების შესახებ და სხვადასხვა ვადების თაობაზე ინფორმაცია ასახულია პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონში.
ორივე კანონის ცვლილება 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. მათი მიღება კი დღის წესრიგში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა.
ამავე თემაზე:
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება