შიდა საგაკვეთილო შეფასების მოთხოვნა უფროს მასწავლებლებს უკვე შეუძლიათ
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაკვეთილის შეფასების რუბრიკა დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებული ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაციაა გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. მასწავლებლის შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების სქემით, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე.
მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 4. რეფლექსია დადებითად შეფასებული ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას. შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მასწავლებელი მოიპოვებს 2 კრედიტქულას, თუ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და რეფლექსია შეფასდება დადებითად. მასწავლებელის ჩატარებულ გაკვეთილს აფასებს შიდა შეფასების ჯგუფი.
მომავალი კვირიდან დაიწყება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერების გადამზადება, რომლებმაც, თავის მხრივ, შიდა საგაკვეთილო შეფასების შესახებ ტრენინგები უნდა ჩაუტარონ შიდა შეფასების ჯგუფის წევრებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის სოფიკო ლობჟანიძის თქმით, ტრენინგზე მასწავლებლები გააანალიზებენ ვიდეოგაკვეთილებს და რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასებენ მათ. საშინაო დავალებად კი საგნობრივი მიმართულებების მიხედვით მოუწევთ ვიდეო გაკვეთილების შეფასება, რომლებიც მასწავლებლის სახლმა ყველა საგანში გადაიღო. ამ და სხვა სიახლეების შესახებ, რომელიც შიდა საგაკვეთილო დაკვირვებას ეხება, სოფიკო ლობჟანიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება.
–ვის მოუწევს შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გავლა?
–მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემის მიხედვით, შიდა საგაკვეთილო დაკვირვების ვალდებულება ყველა იმ პრაქტიკოს პედაგოგს აქვს, რომელიც დაადასტურებს საგნობრივ და პროფესიულ კომპეტენციებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მაგრამ კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, 10-10 კრედიტს ვერ დააგროვებს.
61%-ზე ზემოთ შეფასებას თუ მიიღებენ მასწავლებლები როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას, ისინი დააგროვებენ მაქსიმალურ კრედიტ-ქულებს და პირდაპირ მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. განახლებული სქემის მიხედვით ეს ერთ-ერთი გზაა პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსის ასამაღლებლად. ხოლო საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებისას თუ მასწავლებელი დააგროვებს მაქსიმალური კრედიტის მხოლოდ ნაწილს, იგი ვალდებულია, გაიაროს ორი შიდა საგაკვეთილო დაკვირვება. თითო დაკვირვებაში მას ენიჭება 2-2 კრედიტ- ქულა. სულ, 4 კრედიტი.
–ანუ ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის არ არის შიდა საგაკვეთილო დაკვირვების გავლა სავალდებულო?
–კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შიდა დაკვირვება სავალდებულო არ არის იმ პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომელიც დააგროვებს კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას. (იგულისხმება გამოცდა) თუ ვერ მიიღებს მაქსიმალურ შედეგს ორივე მიმართულებით ცალ-ცალკე, მაშინ პრაქტიკოსი პედაგოგი ვალდებულია, გაიაროს შიდა საგაკვეთილო დაკვირვება.
რაც შეეხება უფროს მასწავლებელს, მისთვის სავალდებულოა შიდა დაკვირვების გავლა, თუ მას უნდა მხოლოდ სტატუსის შენარჩუნება და არა წინსვლა. თუ მასწავლებელს სურს, აიმაღლოს სტატუსი და გახდეს წამყვანი მასწავლებელი, მაშინ მას მოუწევს გარე დაკვირვების გავლა. უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლის შიდა საგაკვეთილო დაკვირვების პროცედურები და კრიტერიუმები იდენტურია. შეფასების სტანდარტიზებული რუბრიკა დამტკიცემულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
–პროცედურულად როგორ მიმდინარეობს შიდა დაკვირვება?
–მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილზე დაკვირვების პროცესი 3-ეტაპიანია. ეს გახლავთ წინა საგაკვეთილო შეხვედრა, უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვება და გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა.
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა შემუშავებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, რომელსაც მცირეოდენი ადაპტირება გაუკეთდა მასწავლებელის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ, მოქნილი რომ ყოფილიყო ეს რუბრიკა უშუალოდ გაკვეთილზე გამოსაყენებლად. გამჭვირვალობის მიზნით, რუბრიკა ცნობილია მასწავლებლებისთვის. ამ რუბრიკაზე დაყრდნობით ემზადება მასწავლებელი შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის.
შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის პედაგოგი მიმართავს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს, თუ როდის, რომელ გაკვეთილსა და თემაზე სურს დაკვირვება. მასწავლებელი წინასწარ წარუდგენს შეფასების ჯგუფს გაკვეთილის გეგმას, რომელზეც სურს შეფასების ჯგუფის დასწრება. შეფასების ჯგუფი მასწავლებელთან ნიშნავს წინა საგაკვეთილო შეხვედრას. წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე ხდება გასაუბრება. მასწავლებელი წარუდგენს შეფასების ჯგუფს, რა არის გაკვეთილის მიზანი, რა აქტივობებს, სტრატეგიებს, შეფასების მეთოდებს გამოიყენებს. შეფასების ჯგუფის წევრები, თუ საჭიროდ ჩათვლიან, დამატებით რეკომენდაციებს გასცემენ, ანუ განმავითარებელ უკუკავშირს მისცემენ მასწავლებელს ამა თუ იმ აქტივობის გაუმჯობესების მიზნით. მასწავლებელი არ არის ვალდებული, ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს. თუმცა მას რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობა მიეცემა.
წინა საგაკვეთილო შეხვედრის შემდეგ შეფასების ჯგუფი ესწრება უშუალოდ გაკვეთილს. გაკვეთილის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით შექმნილია გაკვეთილზე დაკვირვების ოქმი და მისი მეშვეობით ისინი აკვირდებიან მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. მოინიშნავენ ყველა დეტალს, რაც კი მათ დაინახეს გაკვეთილზე.
გაკვეთილის ჩატარების შემდეგ ისევ იკრიბებიან შეფასების ჯგუფის წევრები. ისინი განიხილავენ გაკვეთილს და შემდეგ თანხმდებიან, თუ რა რეკომენდაციები, განმავითარებელი უკუკავშირი მიაწოდონ მასწავლებელს. შემდეგ იმართება გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა – გაკვეთილის ჩამტარებელი მასწავლებელი და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრები ხვდებიან ერთმანეთს, განიხილავენ გაკვეთილს.
უმჯობესია, შეფასების ჯგუფმა ჯერ მასწავლებელის თვითშეფასებას მოუსმინოს, რა პოზიტიური დაინახა თავად მასწავლებელმა გაკვეთილში. გავიდა თუ არა შედეგზე, რა კომპონენტშია კმაყოფილი, რა კომპონენტში უკმაყოფილო. ამ გადმოსახედიდან რას შეცვლიდა, რა გამოვიდა იმდენად კარგი, რომ სხვა კოლეგასაც გაუზიარებდა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გააკეთებს თვითშეფასებას, შეფასების ჯგუფი აძლევს მას განმავითარებელ უკუკავშირს.
–რა არის შიდა საგაკვეთილო დაკვირვების ძირითადი მიზანი?
–შიდა საგაკვეთილო დაკვირვებას აქვს ორმაგი ფუნქცია. განმავითარებელი და განმსაზღვრელი. განმავითარებლი შეფასება შიდა საგაკვეთილო დაკვირვების უპირატესობაა.
–ანუ მასწავლებელი თვითონ ითხოვს შეფასების ჯგუფის შესვლას გაკვეთილზე?
–რა თქმა უნდა, ზუსტ პროცედურებს თავად სკოლა შეიმუშავებს. შიდა საგაკვეთილო დაკვირვების სტრუქტურა ასეთია: მასწავლებელი ოფიციალურად მიმართავს შეფასების ჯგუფს, კერძოდ, სკოლის დირექტორს, როგორც შეფასების ჯგუფის თავმჯდომარეს, გაკვეთილზე დასწრების სურვილით. სკოლის მიერ დადგენილ ვადაში მიაწვდის შეფასების ჯგუფს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმას. სასურველია, წინა საგაკვეთილო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც მიეწოდოს შიდა შეფასების ჯგუფს გაკვეთილის გეგმა, რადგანაც მას საშუალება მიეცეს, გაეცნოს წინასწარ გეგმას და წინა საგაკვეთილო შეხვედრა იყოს ნაყოფიერი.
–რეფლექსიაში რა შემთხვევაში მიენიჭება, ან არ მიენიჭება მასწავლებელს ქულა?
–რეფლექსიისთვისაც შემუშავებულია შეფასების კრიტერიუმები. რეფლექსია არ არის უბრალოდ გაკვეთილის აღწერა. იგი არის გაკვეთილის ანალიზი. მასწავლებელი აანალიზებს, რამ იმუშავა გაკვეთილზე, რამ – არა. რას და როგორ შეცვლიდა, ახლა რომ ჰქონდეს იგივე გაკვეთილი ჩასატარებელი. რა იყო გაკვეთილის სუსტი და ძლიერი მხარეები. იმისთვის, რომ რეფლექსია შეფასდეს დადებითად, მასწავლებელს რეფლექსიის ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეს პასუხი გაცემული.
–შეფასების ჯგუფის წევრები ჩატარებულ გაკვეთილს და მასწავლებლის მიერ ამ გაკვეთილზე გაკეთებულ რეფლექსიას შეადარებენ?
–თუ მასწავლებელს რეფლექსიაში არგუმენტირებულად აქვს დასაბუთებული პასუხები, რასაც შესაძლებელია შეფასების ჯგუფი არ ეთანხმებოდეს, ის რეფლექსიაც დადებითად უნდა შეფასდეს. მთავარია, რეფლექსია იყო რეალურად ანალიზი და არა უბრალოდ გაკვეთილის აღწერა.
–შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის ქულების მინიჭება როგორ ხდება?
–გაკვეთილის შემდგომ შეხვედრაზე მასწავლებელს შეფასების ჯგუფის მხრიდან მიეწოდება განმავითარებელი უკუკავშირი. ამის შემდეგ მასწავლებელი წარადგენს წერილობით რეფლექსიას ჩატარებულ გაკვეთილზე. შიდა შეფასების ჯგუფი გაკვეთილის გეგმის, ჩატარებული გაკვეთილის და რეფლექსიის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისთვის კრედიტ-ქულების მინიჭების შესახებ, რომელსაც ასახავს მასწავლებლის პორტალზე.
–შიდა შეფასების ჯგუფებს როდის ჩაუტარდებათ ტრენინგი შიდა საგაკვეთილო შეფასების შესახებ?
–შიდა შეფასების ჯგუფების წევრებისთვის შემუშავებულია ტრენინგი. მომავალი კვირიდან დაიწყება ჩვენი ტრენერების გადამზადების პროცესი. უკვე აპრილის დასაწყისიდან მასწავლებლის შიდა შეფასების ჯგუფებთან ჩატარდება ტრენინგები შიდა საგაკვეთილო შეფასების შესახებ.
–ამ ეტაპისთვის რომელ მასწავლებელს შეუძლია მოითხოვოს შიდა საგაკვეთილო შეფასება?
–შიდა საგაკვეთილო შეფასების მოთხოვნა უკვე შეუძლიათ უფროს მასწავლებლებს.
პრაქტიკოსებმა, რომლებსაც არ აქვთ დადასტურებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები, ჯერ უნდა დაადასტურონ ეს კომპეტენციები. კრედიტების არასრულად დაგროვების შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო 19 კრედიტს, პირველ რიგში, შიდა საგაკვეთილო დაკვირვებით შეავსებენ.
მაშასადამე, პრაქტიკოსები ელოდებიან გამოცდების შედგებს და ნახავენ, სრულად აგროვებენ თუ არა კრედიტებს. თუ არ აგროვებენ, იმ შემთხვევაში მოითხოვენ საგაკვეთილო დაკვირვებას.
უფროს მასწავლებლებს უკვე შეუძლიათ, შეიტანონ განაცხადი და შიდა დაკვირვების ჯგუფს, მას შემდეგ, რაც გაივლის ტრენინგს და ექნება გაკვეთილის შეფასების კომტეპენცია, შეეძლება ეს პროცესები სკოლაში დაიწყოს.
მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების რუბრიკა განახლებული სქემით – დოკუმენტი
მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი
ცისანა არის© შერგილაშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება