GE

„სკოლას ეზოგება გათბობის, დენის ფული, ხომ შეიძლება ჩვენც დაგვიკლონ“ – მშობლები ონლაინ რეჟიმზე სწავლების დროს გადასახადის დაკლებას ითხოვენ

კოვიდპანდემიის აფეთქების გამო თბილისში არსებული სკოლების დიდი ნაწილი ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული. დაკეტილია კერძო სკოლებიც. მშობლების ნაწილი კი, რომელთა შვილებიც კერძო სკოლაში სწავლობენ და უზარმაზარ თანხებს იხდიან, თვლიან, რომ ამ სიტუაციაში სკოლებმა გადასახადის ფასი უნდა შეამცირონ.

როგორც 28 იანვარს, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის მშობელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე ისევ გადასვლის შემდეგ ზოგმა მშობელმა შვილი კერძოდან საჯარო სკოლაში გადაიყვანა.

„სწავლის ხარისხი, საჯარო სკოლებთან შედარებით, რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ახლა, როცა ონლაინ სწავლების რეჟიმზე არიან ბავშვები, მაინც იმავე გადასახადს ვიხდით. ხომ შეიძლებოდა, ცოტა დაეკლოთ? ყველა მშობელი წუხს იმის გამო, რომ სკოლას ეზოგება გათბობის, დენის ფული, ჩვენ კი ისევ იმავე თანხას ვიხდით. ონლაინ გაკვეთილების დროსაც ცოტა ბავშვები ესწრებიან, რადგან ზოგს კოვიდი აქვს და ვერ შემოდის გაკვეთილზე“, – ამბობს მშობელი.

მშობლის ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ რამდენიმე მოსწავლემ იმ მიზეზით დატოვა ფასიანი სკოლა, რომ მათი მშობლების აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ონლაინ გაკვეთილს საჯარო სკოლის პედაგოგი ჩაატარებს თუ კერძოსი.

„რამდენიმე მშობელზე გავიგე, რომ გადაიყვანა სკოლიდან ზუსტად ამ მიზეზით და მართალიც არის. მშობლები ამბობენ, მერხთან რომ არ ზის ბავშვი და საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება, რა აზრი აქვს ფულის გადახდას და იმას, ონლაინ გაკვეთილზე სად იქნება – საჯაროს სკოლის მასწავლებლის გაკვეთილზე თუ ფასიანის, მაინც ყველა ასეთი გაკვეთილი უხარისხოაო. თუმცა, მე მაინც კერძო სკოლა მირჩევნია, რადგან ვიცი, რომ ზოგიერთი საჯარო სკოლა საერთოდ არ ზრუნავს ბავშვებზე და, რა თქმა უნდა, არც ონლაინ გაკვეთილები უვარგათ. ოღონდ, კარგი იქნება, კერძო სკოლებმა ცოტა თანხა რომ დააკლონ გადასახადს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მოსწავლის მშობელმა.

ქვეყანაში კოვიდპანდემია მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ხუთშაბათს, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლის დღეს, სახლიდან განათლების მიღების მსურველ მოსწავლეთა რიცხვმა 36 202 შეადგინა.

ასევე იხილეთ:

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა კიდევ 36 202-მა მოსწავლემ მოითხოვა – EMIS-ის ბოლო მონაცემები

თბილისში ათეულობით ბაგა-ბაღი დაიხურა – დაინფიცირებული ბავშვებისა და აცრილი მოზარდების სტატისტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური