GE

სკოლებში სწავლების ბოლო კვირას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რიცხვი განახევრდა

სასწავლო სემესტრის ბოლო კვირას, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის სურვილით, სპეციალურ სისტემაში 2400 მოსწავლე დარეგისტრირდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, თითქმის ნახევარია. გასულ კვირას, 17 დეკემბრის მონაცემებით, ონლაინ სწავლებაზე 4 799 მოსწავლე გადავიდა.

რაც შეეხება სკოლაში დაბრუნების სურვილით რეგისტრირებულთა სტატისტიკას, 24 დეკემბერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებში 2 310-მა მოსწავლემ გადაინაცვლა, რაც ასევე, თითქმის ნახევარია გასული კვირის მონაცემებთან შედარებით. წინა კვირას, 17 დეკემბრის მონაცემებით, დასწრებულ სწავლებას 3 779 მოსწავლე დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს ზამთრის სასკოლო არდადეგები იწყება, რომელიც 17 იანვრამდე გაგრძელდება. მთელს ქვეყანაში უქმე დღეებად კი პირველიდან 10 იანვრამდეა გამოცხადებული. სწავლების შერეული ფორმატი იქნება სასწავლო წლის მომდევნო სემესტრშიც და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ. მედიკოსები საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის მკვეთრ გავრცელებას იანვრის თვეში ელოდებიან.

რაც შეეხება კორონავირუსის გავლენას საქართველოზე, 24 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,59%, ბოლო 14 დღის –6,26%, ბოლო 7 დღის – 5,64%. ბოლო 24 საათში 78 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 920 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი, გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ:

საქართველოს მთავრობამ 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა – გადაიწევს თუ არა სასკოლო არდადეგები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური