GE

სტატისტიკა შემცირებულია, მაგრამ 442 მოსწავლე ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმს ითხოვს

13 მაისის მონაცემებით, რომელიც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიაწოდეს, 442 მოსწავლე დასწრებულიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას ითხოვს. ონლაინიდან საკლასო ოთახებში დაბრუნება კი 1 135-მა მოსწავლემ გადაწყვიტა და 12 მაისს სპეციალურ სისტემაშიც დარეგისტრირდა.

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ასე თუ ისე დასტაბილურებულია და რეგულაციების უმრავლესობა – გაუქმებული, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა და მოსახლეობას ისევ საყოველთაო ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ. როგორც ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის და თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მაშინ პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდსტატისტიკა ბოლოს 10 მაისს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში 745 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვალება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მოზარდთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს, 12 მაისის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 248 (2.40%), ხოლო სრულად აცრილია – 3 382 (1.91%). 16-17 წლის მოზარდებში კი, მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 732 (15.70%) და სრულად აცრილია- 11 246 (13.87%).

სკოლებში მოსწავლეთათვის პირბადის ტარების ვალდებულება 2 მაისს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მოიხსნა. 2 მაისიდან პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებშია სავალდებულო, თუმცა ამ ვალდებულების მაკონტროლებელიც აღარავინაა.

ასევე იხილეთ:

„გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში ისწავლეს”, – მიშელ კაფენბერგერი პანდემიის დანაკარგებზე

რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობელმა, რომ პანდემიის შემდეგ სასკოლო დანაკარგები „თავსატეხად არ გადაიქცეს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური