სტუდენტის სტატუსის შეჩერება განსხვავებული პრინციპით – ვის შეეხება ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას განიხილავს, რომლის თანახმად განსხვავებულად ჩამოყალიბდება აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ ჩანაწერი და ასევე კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების პრინციპი. სიახლე კი შეეხებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტებსა და ამ საფეხურზე სწავლის მსურველებს.
ამ ეტაპზე, აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სწავლის საფასურის განსაზღვრის გარეშე, ახორციელებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ან სხვა უწყებებში დასაქმებული პირებისთვის. კანონპროექტის მიღების შედეგად კი, აკადემია უფლებამოსილი იქნება მაგისტრატურის საფეხურზე განსაზღვროს სწავლის საფასური და მიიღოს ის პირები, რომლებიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დაკავშირებული არ არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა ან სხვა უწყებასთან (ადმინისტრაციული ორგანო). ასეთი პირები აკადემიაში ისწავლიან საკუთარი ხარჯებით, სწავლის საფასური კი წლიურად 2 250 ლარით განისაზღვრება.
როგორც დღეს, 29 მაისს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტზე, კომიტეტის წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, აკადემიაში ამ საფეხურზე სწავლის შესაძლებლობის მქონე პირთა წრის გაფართოება ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ქვეყნისთვის.
“მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ცვლილება იქნება, ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ქვეყანას, თავდაცვის უწყებას სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. შესაბამისად, აი, ამ წრის გაფართოებით, დაინტერესენულ პირებს მიეცემათ საშუალება, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, მათ სწავლა გააგრძელონ თავდაცვის ეროვნული აკადემიის მეორე საფეხურზე და გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული სამსახურებიდან, საშუალება ექნებათ, თუკი თავად გადაიხდიან საფასურს, განაგრძონ სწავლა აკადემიაში, აღნიშნულ მეორე საფეხურზე”, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
რაც შეეხება სტატუსის შეჩერების პრინციპს, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ახლებურად დარეგულირდება აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩარიცხული სტუდენტების სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლებიც. კერძოდ:
- პირს, რომელიც აკადემიაში არ არის წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოდან, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის არანაკლებ 4 თვის ვადით გაუარესების შემთხვევაში.
- ასევე, სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება მიეცემა სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რათა დაცული იყოს სწავლის უწყვეტობის მიზნები.
- ამასთან, პირს რომელიც გათვისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აკადემიისთვის მიმართვის შემთხვევაში, მიეცემა საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელების ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა. სწავლის უწყვეტობის მიზნიდან გამომდინარე, შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
რაც შეეხება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას, განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
“კანონპროექტის მიღება საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. კერძოდ, როგორც აღინიშნა აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აცხადებს მზადყოფნას სამაგისტრო პროგრამაზე, მიიღოს პირები, რომლებიც არ იქნებიან დასაქმებული ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნული უზრუნველყოფს აკადემიაში ჩასარიცხ პირთა სეგმენტის გაზრდას, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებასთან, ამ პროცესის უწყვეტობასთან და მდგრადობასთან. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული პირების აკადემიაში მიღება განხორციელდეს 2024 წლიდან.
“შესაბამისად, აუცილებელია პროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა დაინტერსებულ პირებს საშუალება მიეცეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ, გამოთქვან სურვილი სწავლა გააგრძელონ აკადემიაში და ამასთან, ამ პერიოდისათვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული იყოს მათი სტუდენტის სტატუსის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, სწავლის უწყვეტობის მიზნების მისაღწევად, ოპტიმალურ დროში უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი პირების სწავლის გაგრძელების საკითხიც. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აკადემიისთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს მიეცემა საკუთარი ხარჯით სწავლის გაგრძელების ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესაძლებლობა.
წარდგენილი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი სოსიაშვილი. კანონპროექტს კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება