GE

სწავლების ახალი მეთოდების საჭიროება სტუდენტებისთვის- ,,ხშირად ვამბობთ, თსუ ყველაზე ძველი, დიდი და კლასიკურია. იქნებ, იმდენად დიდია, რომ უკვე მოუქნელიც გახდა ამის გამო?“

არის შეკითხვები, რომლებზე პასუხიც, ბევრი ფიქრის შემდეგაც რთულია. ასე მაგალითად: ჯერ ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი? ჯერ ველოსიპედის გზა უნდა დააგონ, ხალხმა ველოსიპედით სიარული რომ დაიწყოს, თუ ჯერ სიარული უნდა დაიწყონ, რომ გზის დაგების საჭიროება გამოჩნდეს? თუ სტუდენტს სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის თუ, თუ უნივერსიტეტი კარგია, ყველა სტუდენტს გაუჩენს სწავლის მოტივაციას?

კითხვებზე პასუხების ძიებაში დრო გადის, რეალობა კი არ იცვლება: უამრავი სტუდენტისთვის განათლების მიღება მხოლოდ ფორმალობაა ერთი ფურცლის მისაღებად, რომელსაც ,,დიპლომი“ აწერია და რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვენ დამსაქმებლები და ნათესავები. უფრო ნათესავები.
თუკი ფაკულტეტების Facebook-ის ჯგუფებში შეიხედავთ, ნათლად დაინახავთ ზოგად სურათს. ყოველი სემესტრის დასაწყისში მრავლად შეგხვდებათ შემდეგი სახის კითხვა-პასუხი:

– ,,ეს როგორი ლექტორია, ქულებს კარგად წერს?“
-,,მკაცრია, არ აირჩიო“
– ,,არ გირჩევ, ძალიან მომთხოვნია და ქულებს მარტივად არ წერს“
-,,მეორე სემინარისტი აირჩიე, არ მივლია და A გამომყვა“

დიახ, არიან სტუდენტები, რომლებსაც უბრალოდ ეზარებათ სწავლა და ეს ძალიან ცუდია. თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, როცა ლექტორებს ეზარებათ სწავლება. უსამართლობაა, სტუდენტს სიბეჯითე მოსთხოვო მაშინ, როცა ლექტორი ლექციაზე ვიკიპედიიდან ამოღებულ მასალას გიკითხავს. გიკითხავს პირდაპირი მნიშვნელობით. თავიდან ტექსტი გეცნობა, მერე ცდილობ გაიხსენო, სად გაქვს წაკითხული, მერე ,,რუანდას გენოციდს“ გუგლავ, ხსნი ვიკიპედიის გვერდს და ცოტა გაოგნებული აყოლებ თვალს იმას, რასაც ლექტორი კითხულობს. მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს გებადება ისაა, რომ 2 250 ლარის გადახდის გარეშეც ხომ შეგეძლო ვიკიპედიის გახსნა და ამ ინფორმაციის წაკითხვა? კი, შეგეძლო, უბრალოდ წინასწარ არავინ გაგაფრთხილა, რომ უნივერსიტეტში, თან მაგისტრატურის საფეხურზე, ლექტორი, ასოცირებული პროფესორი და პროგრამის ხელმძღვანელი ამ ფორმით მოგვაწვდიდა ინფორმაციას.

ასე რომ, ყბადაღებული ფრაზა იმის შესახებ, რომ ,,სტუდენტს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის“, არც ისე სწორადაა ფორმულირებული. კი, თუ ადამიანს სწავლა უნდა, ინტერნეტის ეპოქაში ეს ნამდვილად არ გაუჭირდება. თუმცა, არის ერთი დიდი მაგრამ.. მაგრამ, როცა უნივერსიტეტში აბარებ და ფულს იხდი, მინიმუმ იმის მოლოდინი მაინც გაქვს, რომ შენზე გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც ისეთს მოისმენ, რაც ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი EDU.ARIS.GE-ს უზიარებს თავის შეხედულებებს სწავლის მეთოდებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

– რა უშლის ხელს ხარისხიანი სწავლის/სწავლების პროცესს?

– მ.შ.: ძირითადი პრობლემა, რასაც მე ვუყურებ, სტუდენტების მოტივაციაა. ვფიქრობ, ამაში ჩვენი, ლექტორების წვლილიც ძალიან დიდია. ჩვენ შეგვიძლია დიდი როლი ვითამაშოთ სტუდენტების მოტივაციის ამაღლებაში. ერთია, რომ მასალა, თავის მხრივ, საინტერესოა, მაგრამ მეორეა, როგორ მიდის ეს მასალა სტუდენტებამდე. მეთოდები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, მოძველებულია. სტუდენტების მცირე ნაწილი ყოველთვის მოტივირებული და აქტიურია, თუმცა უმრავლესობა უბრალოდ მოდის და მიდის და გრძნობ, რომ არც კი გისმენენ. ასეთ დროს, ლექტორმა რაღაც უნდა იღონოს, რომ ეს მოცემულობა შეცვალოს.

– თუკი პრობლემა იდენტიფიცირებულია, რატომ არ არის შესაძლებელი მისი აღმოფხვრა?

– მ.შ.: დავიწყოთ იმით, რომ ლექტორების უმრავლესობა არ აღიარებს, რომ მათ სტუდენტებს სწავლის მოტივაცია არ აქვთ. თავისთავად, არც იმას აღიარებენ, რომ სტუდენტის მოტივაციასა და მონდომებას დიდწილად სწორედ თავად პროფესორები განვაპირობებთ. გარდა ამისა, მეთოდები, რომლებსაც წლების განმავლობაში მისდევენ, აპრობირებულია, მათთვის ნაცნობია და ლექტორსაც ურჩევნია, ის აკეთოს, რაც უკვე იცის. ის, რაც ახალი და უცხოა, მეტ შრომასა და დროის რესურსს მოითხოვს. ამისთვის, როგორც წესი, თავს არავინ იწუხებს. ხშირად ვამბობთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე ძველი, დიდი და კლასიკურია. იქნებ, იმდენად დიდია, რომ უკვე მოუქნელიც გახდა ამის გამო?

,,ვფიქრობ, ყველა ფაკულტეტის სპეციფიკა სწავლების განსხვავებულ მეთოდიკას მოითხოვს. ამის მიუხედავად, არსებობს კომპონენტები, რომელთა გამორიცხვაც, ჩემი დაკვირვებით, სრულიად აუფასურებს აკადემიურ გარემოში გატარებულ დროს. პირველ რიგში, დაუშვებელია ყურადღების სრული კონცენტრაცია სფეროს თეორიულ მხარეზე. მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს დატვირთვა პრაქტიკული აზროვნების განვითარების მიმართულებით. მეორე ფუნდამენტი სწავლებისა უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნების განვითარება, უბრალო „წაკითხვა-მოყოლა“ მეთოდის საპირწონედ. თეორიული მასალის უბრალო წაკითხვა და მისი ლექტორის წინაშე ქულის მოსაპოვებლად მოყოლა არანაირ გრძელვადიან პერსპექტივას არ შეიცავს“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი რუსუდან სურგულაძე.

– რა ახალი მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ლექტორმა სტუდენტების მოტივაციის ასამაღლებლად?

– მ.შ.: ერთი წელია, რაც სწავლების პროცესში აქტიურად დავიწყე დოკუმენტური ფილმების გამოყენება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო CinéDOC-Tbilisi-ს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს და ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს EDU DOX. პროექტი მოიცავს დოკუმენტური ფილმების ონლაინ ჩვენებასა და შემდგომ დისკუსიას, რასაც სამართლის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებიან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი ძალიან ცოტა ლექტორმა გამოთქვა, რაც ძალიან სამწუხაროა. პროექტის ავტორმა არჩილ ხეთაგურმა, ფაქტობრივად, მზა მასალა შემოგვთავაზა იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი (განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში), უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამხდარიყო, თუმცა ლექტორების უმრავლესობა არ არის დაინტერესებული ახალი მეთოდების დანერგვით.

– რა ფორმით იმართება ფილმების ჩვენება?

– მ.შ.: ფილმები კონკრეტულ დროს იხსნება იმ სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის, რომლებიც ჩართული ვართ აღნიშნულ პროექტში. ფილმის დასრულების შემდეგ გვაქვს შეხვედრა ზუმის საშუალებით, სადაც იმართება დისკუსია ნანახი ფილმისა და იმ პრობლემების შესახებ, რაც ფილმშია ნაჩვენები. ამ დისკუსიებში მე მხოლოდ მოდერატორის როლს ვასრულებ, რომ ყველა სტუდენტს მიეცეს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა. როგორც წესი, დისკუსიები ორი საათი მაინც გრძელდება და ბევრ საინტერესო საკითხს ვეხებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფილმებს სხვადასხვა ქართულ საიტზე ვერ ნახავთ. ეს გახლავთ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმები, რომელთა ჩვენებასაც სპეციალური ნებართვა სჭირდება.

– რას ეხება თქვენ მიერ ნაჩვენები ფილმები?

– მ.შ.: ფილმები სხვადასხვა საკითხს ეხება, თუმცა ამოსავალი ყოველთვის ადამიანის უფლებებია. მაგალითად, საგამოცდოდ ორი ფილმი ავარჩიეთ. ერთი იყო იამაიკელ მსჯავრდადებულებზე, რომლებიც მუსიკის თერაპიით იყვნენ დაკავებული. მეორე გახლდათ ირანული ფილმი, რომელიც ეხებოდა გოგონებს, რომლებიც ირანის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს იმის გამო, რომ მოკლეს მამა ან მეუღლე, რომლებიც მათზე ძალადობდნენ. ამ ფილმებში კარგად ჩანს სხვა ქვეყნის ციხის პრობლემები. სტუდენტები აანალიზებენ ამ ყველაფერს და პარალელებს ავლებენ ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნორმებთან. არის დღეები, როცა ამ ფილმების რეჟისორებს ვიწვევთ და მათთან ერთად ვმსჯელობთ ფილმში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებზე. ეს ყველაფერი სტუდენტებს ანალიზის უნარის განვითარებაში ეხმარება, რაც დღესდღეობით ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემა სათავეს სკოლიდან იღებს, რადგან სწორედ იქ უნდა მომზადდნენ ახალგაზრდები იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც უკვე უნივერსიტეტებში აწყდებიან.

,,წამყვანი განვითარებული სახელმწიფოების საგანმანათლებლო სივრცეებში აპრობირებული სწავლების მეთოდია არაფორმალური ელემენტებით სასწავლო პროცესის გაჯერება. მოხარული ვიქნები თუ დოკუმენტური ფილმების ჩართვა სასწავლო პროცესში სრულად შეძლებს ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას. ხსენებული ჟანრის ფილმების ინტეგრაციით სასწავლო პროცესში აკუმულირდა თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. სწავლების ზემოხსენებული მეთოდის აქტუალურობას განაპირობებდა საკითხის ინტერდისციპლინურობაც, რის საფუძველზეც, სხვადასხვა ფაკულტეტის, მათ შორის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიის სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც იღებდნენ განხილვაში მონაწილეობას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, პრობლემატური თემის გარშემო სხვადასხვა აკადემიური მიმართულების სტუდენტის ინტეგრირებას ამარტივებდა და სამომავლო გამოწვევებზე საერთო ინტერესის გამოკვეთას იწვევდა. ვისურვებდი მსგავსი ფორმატი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდეს და პანდემიასთან ერთად არ დასრულდეს. პირიქით, საგანმანათლებლო სივრცეში მსგავსი პოლემიკის, ინტერაქციული ფორმატის შეხვედრები უნდა წახალისდეს, რადგან განათლების პროცესმა დაძლიოს დისტანციით გამოწვეული აპათია და ინდიფერენტულობა” – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი გელანტია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტების ძირითადი ნაწილისთვის ახლახან დამთავრდა. ახალგაზრდებს უკვე არჩეული აქვთ პროფესიები, რომლებსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაეუფლებიან. შემოდგომაზე ისინიც გახდებიან იმ Facebook-ის ჯგუფის წევრები, სადაც საგნის არჩევამდე აუცილებლად იკითხავენ, რომელი ლექტორი აირჩიონ. ჩემი რჩევა იქნება, აირჩიოთ ის ლექტორები, რომლებსაც ყველაზე მეტი ,,არა“ ექნებათ, რადგან ეს ის გამონაკლისი ლექტორები არიან, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და უნივერსიტეტში გატარებული ერთი საათისთვის არ წერენ მხოლოდ ქულებს.. და მეორე რჩევა – თუკი ნამდვილად გსურთ სწავლა, არ აირჩიოთ ლექტორები, რომლებზეც გეტყვიან, რომ ,,ჯიგარია“. არა, ისინი ,,ჯიგრები“ არ არიან, უბრალოდ ლექციების ჩატარება და სტუდენტების პრეზენტაციების მოსმენა ეზარებათ.

სხვა სტატიები:

350 დოლარად ნაყიდი დიპლომი – ,,პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ის მხოლოდ უნივერსიტეტებს არ უკავშირდება, ეს მთლიანად ქვეყნის კატასტროფაა“

დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური