GE

თვითშეფასების კითხვარი (პირველი ნაწილი)

ქეთევან კობალაძე

მასწავლებელი – მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.

(მასწავლებელი – იოსებ ნონეშვილი).

მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი ტრენინგის შესვენებაზე ასეთ საუბრებს მოვუსმინე:

ქალბატონი ელენე – საბაზო საფეხურის ისტორიის მასწავლებელი –

„მეგობრებო, ერთი მითხარით, ძალიან მაინტერესებს, „მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარს“  როგორ ავსებთ? მაინტერესებს, ოღონდ გულწრფელად!“

ჯგუფი გამხიარულდა, პედაგოგებმა, ერთმანეთს ბევრი „სერიოზული“, „არასერიოზული“ და „ნახევრადსერიოზული მოსაზრება გაუცვალეს“.

ვუსმენდი პატივცემულ პედაგოგებს და ვფიქრობდი, რომ აუცილებლად ჩავხედავდი იმ „თვითშეფასების კითხვარს“, რომელმაც ამდენი საინტერესო მოსაზრების გამოთქმისკენ უბიძგა ტრენინგის მონაწილეებს.

და აი, მოვიცალე კითხვარის გასაცნობად. ვკითხულობდი და ვცდილობდი, წარმომედგინა როგორ უპასუხებდნენ ჩვენი მასწავლებელები თვითშეფასების კითხვარის შეკითხვებს, ოღონდ „გულწრფელად“.

მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ გასცემდნენ გულწრფელ პასუხებს მავანი პედაგოგები. კითხვარი საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა, მაგრამ მე ძირითადად იმ პუნქტებით დავინტერესდი, რომლებიც სასწავლო გარემოს შეეხება.

შეფასების კითხვარის პირველი პუნქტი, სასწავლო „გარემო“ ასე იწყება:

„სკოლაში (მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან) ვამყარებ პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“.

შემდეგ მოდის მასწავლებლის ქცევის შეფასების თორმეტი ქვეპუნქტი.

 1„ვცდილობ გავითვალისწინო მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული, ემოციური და სოციალური პრობლემები“.

ქალბატონი ელენე ასე იტყოდა: „ვცდილობ, როგორ არა. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, რამდენი ბავშვი მიზის კლასში და ყველას რაღაც პრობლემა აქვს – ემოციური და სოციალური. ემოციური – კიდევ კარგი, რაღაცას დაეხმარები ბავშვს, გაითვალისწინებ მის მდგომარეობას, მაგრამ ეს სოციალური, სიმართლე უნდა ვთქვა, ძალიან ფართო მეჩვენება. ზოგი როგორი გარემოდან არის და ზოგი როგორი. ჩვენი სკოლა ქალაქის გარეუბანში მდებარეობს და იქ, მოგეხსენებათ, სოციალური ფონი არცთუ ისე სახარბიელოა. უბანში სრულიად განსხვავებული ღირებულებების ოჯახები ცხოვრობს. ზოგი მათგანი შვილების გამოკვებასაც კი ძლივს ახერხებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბავშვებისთვის დამატებით რეპეტიტორებს ქირაობენ.

მასწავლებელმა გაკვეთილი ჩაატაროს, თანაც ხარისხიანი, თუ ბავშვების პრობლემები გაითვალისწინოს? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალინ მიჭირს“.

2. „ვთანამშრომლობ მშობლებთან, კოლეგებთნ და სპეციალისტებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლის საჭიროებები“;

ქალბატონი ლიზა, მაღალი კლასების მათემატიკის მასწავლებელი. მისი სკოლა საკმაოდ მოდურად და პრესტიჟულად ითვლება:

„როგორც კი სამასწავლებლოში ვხვდებით ერთმანეთს, მასწავლებლები მაშინვე ვიწყებთ ერთმანეთთან საუბარს. სულ ბავშვებზე ვყვებით. პედაგოგების ამბავი ხომ მოგეხსენებათ, მეტი სალაპარაკო რა გვაქვს? მშობლები კი პრობლემაა. დაწყებით საფეხურზე, როგორც წესი, ცდილობენ ხშირად იკონტაქტონ მასწავლებლებთან, ზოგჯერ ზედმეტადაც კი აქტიურობენ. მერე და მერე ძირითადად მოუცლელობას იმიზეზებენ და რომ იბარებ, მაშინაც კი აღარ მოდიან სკოლაში (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება). არადა, ბევრი მათგანი, არც მუშაობს, არც ოჯახის საქმეებით არის გადატვირთული, უბრალოდ არ უნდათ დამატებით თავის ატკივება. მშვენივრად მოეხსენებათ, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ, მაგრამ ამბობენ – სკოლა რისთვის არის, მათ უნდა გადაწყვიტონ ბავშვების პრობლემებიო. არიან ისეთი მშობლები, რომელთა არმოსვლაც, გულწრფელად გითხრათ, მიხარია კიდეც, რადგან ისეთ პრეტენზიებს გვიყენებენ, რომ ხანდახან გინდება რაღაც საშინელება უთხრა. თავად ვერ უვლიან საკუთარ გაზრდილ შვილებს და მასწავლებლებზე ცდილობენ ყველაფრის გადაბრალებას.

გიწევს მარტო გაუმკლავდე ბავშვების საჭიროებებს, რომლებიც იმდენია, რომ, სიმართლე უნდა ითქვას, ვინც ყველაზე მეტად „გიშლის ხელს“ გაკვეთილზე, იმაზე ხარ გადართული. რაც შეეხება სპეციალისტებს, ალბათ სკოლის ფსიქოლოგი იგულისხმება. ის კი ერთია მთელ სკოლაზე და რიგში უნდა ჩადგე, რომ შენი პრობლემა მოუყვე და, რაც მთავარია, მისგან მიღებული რეკომენდაციის გათვალისწინება ისევ შენ გიწევს და ამ დროს სხვა ბავშვებიც გყავს მისახედი.

3. „ვცდილობ, შევქმნა ისეთი სასკოლო გარემო, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, უკეთ გაიცნონ და იზრუნონ ერთმანეთზე“.

ქალბატონი ფიქრია – ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

„კარგით რა, ამას რად უნდა მასწავლებლების საგანგებო ზრუნვა, ბავშვები ჩვენ გარეშეც  მშვენივრად ახერხებენ ურთიერთობებს.

თუ დავფიქრდებით დაწყებით საფეხურზე კიდევ შეიძლება უფროსების ჩარევა რაიმე შედეგის მომტანი იყოს, ოღონდ იქაც ძალიან რთულია, რადგან პატარები, მოგეხსენებათ, როგორები არიან, ყველას უნდა მასზე სხვებმა იზრუნონ და თანაკლასელზე ზრუნვას როგორ „აიძულებ“? შემდეგ საფეხურზე კი, მით უფრო, როცა ეს ავადსახსენებელი „გარდატეხის ასაკი“ იწყება, სხვებზე კი არა, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავზეც კი არ ზრუნავენ მოზარდები. ხასიათი ეცვლებათ, უმძიმდებათ, სწავლა, კი საერთოდ აღარ უნდათ. ჩემი საგანი ხომ სრულიად არ აინტერესებთ, ყველა ინგლისურზეა გადართული. ზედმეტად შენიშვნა ვერ გვითქვამს, სიტყვას ისე შემოგიბრუნებენ, არც კი მოერიდებათ. გასაგებია, რომ უამრავ ტრენინგს გვიტარებენ, ათას რამეს გვასწავლიან, მაგრამ ჩვენ ხომ კონკრეტული საგნის მასწავლებლები ვართ და არა ფსიქოლოგიის ვირტუოზები“.

4. „ვზრუნავ ისეთი საკლასო კულტურის დამკვიდრებაზე, როცა მოსწავლე ცდილობს, მაღალი მოთხოვნები წაუყენოს თავს და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე“.

ქალბატონი მარინე – საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სკოლის მასწავლებელი. მსმენელებს შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი ქართულ ენასა და ლიტერატურას იმ სკოლაში ასწავლის, რომელიც წლების წინ თავად დაამთავრა:

„აბა მეტს რას ვაკეთებთ მასწავლებლები, სულ მაგას ჩავჩიჩინებთ ბავშვებს – შენ მეტი შეგიძლია, უფრო კარგ შეფასებებს უნდა იღებდე. მოკლედ, რას არ ვეუბნებით. მათ მშობლებსაც კი ვასწავლიდი და ჩათვალეთ, მთელ ოჯახებს ვიცნობ. ამიტომ მიმაჩნია, რომ შესანიშნავად ვიცი, ვინ რა „ბაგაჟის“ პატრონია. ხანდახან ბავშვებს იმასაც კი ვუყვები, მათი მშობლები როგორი ბეჯითები და შრომისმოყვარეები იყვნენ (ისე ზოგჯერ კიდეც ვალამაზებ წარსულს, მაგრამ რა ვქნა, არის სიტუაციები, როცა სიმართლეს ვერ ვამბობ). კიდევ უფრო გულწრფელად თუ ვიტყვით, როცა ძალიან გავბრაზდებით, იმასაც კი ვამბობთ, რომ თუ კარგად არ ისწავლიან, თავიანთ თავს დააბრალონ, როცა წესიერ სამსახურს  ვერ იშოვიან და ცხოვრებაში ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ მიაღწევენ. მაგრამ როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ ხოლმე ჩვენი მასწავლებლები: „შეაყარე კედელს ცერცვი, ელაპარაკე ახლა ამათ მაღალ მატერიებზე“. აი ასევეა დღესაც. ამ თაობაზე არაფერი ჭრის, ძალიან ჯიუტები არიან.

ერთი რამე მინდა კიდევ ვთქვა, ფსიქოლოგიურ თეორიებს  ფსიქოლოგი ტრენერი  გვასწავლიდა. მან გვითხრა, არ უნდა გადააჭარბოთ ძალიან მაღალი მოთხოვნები არ უნდა წაუყენოთ საკუთარ თავს და მით უფრო მოსწავლეებს, რადგან თუ ადამიანი ვერ მოახერხებს, მიაღწიოს საკუთარი თავისადმი წაყენებულ გადაჭარბებულ მოთხოვნებს, თვითშეფასება დაუქვეითდება, იმედგაცრუება შეიპყრობს და შეიძლება საერთოდ უარი თქვას სწავლაზე.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ეგ ხანდახან ჩვენც კი გვიჭირს და პატარებს როგორ უნდა ვასწავლოთ? ამ ცხოვრებაში ყველა ცდილობს საკუთრი შეცდომების სხვისთვის გადაბრალებას“.

5. „აქცენტს ვაკეთებ მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, მაგრამ ამავე დროს ვაძლევ რჩევებს, რა უნდა გააკეთოს ხარვეზების გამოსასწორებლად“.

ქალბატონი ლაურა – ქვემო ქართლის ერთ-ერთი სოფლის სკოლის ქიმიის მასწავლებელი:

„ძლიერი მხარე, კი ბატონო, მშვენიერია, მაგრამ მე, მაგალითად, ქიმიის მასწავლებელი ვარ და, სამწუხაროდ, ქიმიას, რატომღაც ძალიან შემოსწყრა დღევანდელი ახალგაზრდობა. ბოლო პერიოდში იშვიათად თუ შემხვედრია ქიმიით დაინტერესებული მოსწავლე. ხოდა რა ვქნა, რომელ ძლიერ მხარეზე ველაპარაკო? რჩევებს ვარიგებ, იცოცხლე, უხვად. ყველას მოეხსენება, რა ძალიან გვიყვარს პედაგოგებს რჩევა-დარიგებების მიცემა. პროფესია გვავალებს პირდაპირ ვურჩიოთ, შევახსენოთ, გადავამოწმოთ, როგორ გაიგეს, როგორ დაიმახსოვრეს ჩვენი ნასწავლი.

ქიმიის სწავლაში ხარვეზები კი არა, ჩემო ბატონო, საერთოდ არ იციან და არც უნდათ, იცოდნენ ეს საგანი. ისე სხვა საბუნებისმეტყველო საგნებსაც აღარ სწყალობენ დღესდღეობით. ხოდა რა ჩავწერო ამ გრაფაში? მოკლედ გულწრფელად ასეა და არაგულწრფელად კი ვკითხავ ჩემს კოლეგებს, რას და როგორ წერენ და მეც ისე შევავსებ“.

6. „ყურადღებით ვუსმენ მოსწავლეს, ვიყენებ აქტიური მოსმენის სტრატეგიებს (ვუსვამ დამაზუსტებელ კითხვებს, ვაჯამებ მოსწავლის ნათქვამს და ა.შ.)“.

ქალბატონი ნინო – ბიოლოგიის პედაგოგი:

„კი ბატონო, ერთ-ერთ ტრენინგზე იყო საუბარი „აქტიური მოსმენის სტრატეგიებზე“, ხოდა მეც აქტიურად ვუსმინე იმ ტრენერს და შემდეგ შევეკითხე: კლასში 35 მოსწავლე მყავს და თუ ერთს ვუსმენ აქტიურად, დამაზუსტებელ კითხვებს ვუსვამ, მერე მის ნათქვამსაც ვაჯამებ, დანარჩენ 34 რა ვუყო-მეთქი? იმ ტრენერმა იფიქრა, რომ მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ ნამდვილად მინდოდა მესწავლა, როგორ მოვქცეულიყავი. მიპასუხა – ეგ კლასის მართვის სტრატეგიებში უნდა გაგევლოთო.  კარგი, იმ ტრენერს თავი დავანებოთ, და ვთქვათ, რომ ხანდახან მართლაც ვიყენებ ყველა იმ სტრატეგიას, რაც კი ამ ბოლო წლებში უსწავლებიათ ათასგვარ ტრენინგზე, მაგრამ ძირითადად მაინც ჩემს საკუთარ „მეთოდებს“ ვიყენებ, რადგან ის უფრო კარგად გამომდის და საგნის სწავლებაში სხვებზე უკეთესი შედეგიც მაქვს, რადგან უკვე ოცი წელია ვასწავლი და ვთვლი, რომ შესანიშნავად ვართმევ თავს ჩემს საქმეს. სხვათა შორის, გამოცდებიც ჩავაბარე, მეტი რა ვქნა?“

როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვი, ეს მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის პირველი პუნქტია. აქ მინდა შევწყვიტო ჩემი ნაცნობი პედაგოგების მოსაზრებების გადმოცემა. შემდეგ სტატიაში მეორე ნახევარსაც შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

მასწავლებელთა თვითშეფასების განახლებული კითხვარი

შიდა საგაკვეთილო დაკვირვების შესახებ

 

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური