GE

„უქმე დღეებს ისევ ონლაინ სწავლა ჯობდა და არც პროგრამაში საკითხების გამოტოვება გახდებოდა საჭირო“ – მშობლების შეფასება

სააღდგომო არდადეგების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეები გამოცხადდა და 4-11 მაისის ჩათვლით დაისვენებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები. რადგან 12 მაისი ასევე ეროვნული კალენდრით დასვენების დღეა, სასწავლო პროცესი 13 მაისს განახლდება.

იმისთვის, რომ ის 6 სასწავლო დღე, რომელიც უქმეების გამო ცდება, სკოლებმა აანაზღაურონ და არ ჩამორჩნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სამინისტრომ მათ რეკომენდაციები გაუგზავნა. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ვკითხულობთ, რომ სკოლასა და კონკრეტული კლასის მასწავლებელს ინდივიდუალურად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რომელი საკითხი გაიაროს სახელმძღვანელოდან საგნის საფეხურებრივი მიზნების მისაღწევად და რომელი გამოტოვოს.

EDU.ARIS.GE, ამ საკითხებთან დაკავშირებით, მშობლების დამოკიდებულებით დაინტერესდა. მათ სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ერთგვაროვანი დამოკიდებულება გაუჩნდათ.

თეონა პაპიძე, მე-5 კლასელის მშობელი: “დავიწყებ იქიდან, რომ საერთოდ არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად ამდენი დღე კიდევ დაისვენონ ბავშვებმა და შემდეგ ამის ხარჯზე, თუნდაც შაბათს ან ივნისის ბოლომდე მოუწიოთ სწავლა. ხან ონლაინ გაკვეთილები, ხან ისევ სკოლაში დაბრუნება. უკვე ისეთ გაურკვევლობაში ვართ, რომ დაიღალა ყველა. დასვენებას სჯობდა, ისევ ონლაინ ესწავლათ და დროულად, ჩვეულ დროს დაესრულებინათ სასწავლო სემესტრი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სამინისტროს რეკომენდაციაა, მასწავლებლებმა შეძლებისდაგვარად გამოტოვონ გარკვეული საკითხები, რის საშუალებასაც პროგრამა აძლევთ, მაშინ კითხვა მიჩნდება – რატომაა ეს სახელმძღვანელოებში შეტანილი? საერთოდ უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ და მერე ფიქრობენ შედეგებზე“.

სოფო კანდელაკი, მე-6 და მე-10 კლასელის მშობელი: „საერთოდ არ ჯდება ლოგიკაში, რაც წავიკითხე. თუ საკითხების გაერთიანებით მაინც ასწრებს მასწავლებელი პროგრამის დასრულებას თავის საგანში, რატომ გასცა სამინისტრომ რეკომენდაცია, ისწავლონ უქმეების შემდეგ, ან შაბათს, ან სკოლამ გაახანგრძლივოს სემესტრის დასრულების საკითხი. ამის გარდა, მოსალოდნელი იყო, რომ გაიზრდებოდა ვირუსის შემთხვევები, რაც ასეც ხდება და კითხვის ნიშნის ქვეშაა ისევ საკლასო ოთახებში განახლდება სწავლა თუ არა 13 მაისიდან. ამიტომ, ჯობდა, რაც უქმეებია, ისიც ონლაინ ესწავლათ და მერე აღარც პროგრამის შემცირება მოუწევდათ და აღარც სხვა რამ”.

ლანა გრძელიშვილი, მე-4 კლასელის მშობელი: „პანდემიის დაწყებიდან, რაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით, უკვე აღარაფერი მიკვირს. შეიძლება პროფესიულად არ მეყოს კომპეტენცია, რომ გავაანალიზო გადაწყვეტილებების სისწორე, მაგრამ ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით, რომ როგორი არასტაბილური მდგომარეობაცაა სკოლებში, ისეთია სწავლის ხარისხიც. ბავშვები უკვე სერიოზულად აღარ ეკიდებიან სკოლას. ჯერ ონლაინში ჩატარებული გაკვეთილებით რამდენი დააკლდათ და ახლა კიდევ უნდა გამოტოვონ რაღაცები. მე მაინტერესებს, საერთოდ ის გეგმა თუ არსებობს, როგორ გამოასწორებენ ბავშვები პანდემიის გამო სწავლაში ჩამორჩენას? მესმის, რომ მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, მშობლებიც ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მაინც არ არის ის შედეგი, რაც უნდა იყოს და ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ ერთი წლის თავზე კიდევ გამუდმებით კითხვის ნიშნებია – ონლაინი თუ დასწრებული სწავლება. ისეთი სისწრაფით ხდება ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლა, რომ ვერც ბავშვები და ვერც ვერავინ ამ რეჟიმს ვეღარ ვუძლებთ“.

ქეთი ჭიღლაძე: „ჩემი შვილი დაწყებითი კლასის მოსწავლეა და თითქმის ყველაფერი უკვე დასრულებული აქვთ. მასწავლებელმა კიდევაც გვითხრა, რომ ბოლო თვე მაინც გამეორებას და შემაჯამებელ დავალებებს უნდა დათმობოდა. ალბათ, უფრო გაუჭირდებათ მაღალკლასელებს, რომლებიც ბევრ საგანს სწავლობენ და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ვინც წელს აბარებს. ისედაც რთულ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა და მსგავსი რეკომენდაციები მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავს, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას. საერთოდ, რასაც დავაკვირდი ამ ერთ წელში, კონკრეტულად განათლების სამინისტრო ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და ამის შემდეგ იძულებულს ხდის ყველა რგოლს, მშობელს, სკოლას და მასწავლებელს გადაეწყოს ამ გადაწყვეტილებაზე, რის გამოც ბევრი ინტერესი გაუთვალისწინებელი რჩება. თანმიმდევრულობა აკლია განათლების სამინისტროს“.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ, იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე, მნიშვნელოვანია, სკოლამ შეიტანოს საორგანიზაციო და შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები თავისი კონკრეტული სკოლისა და კლასის/კლასების საჭიროებიდან გამომდინარე.

„პირველ რიგში, კი დღის წესრიგში დგება სკოლის მიერ დაგეგმილი წლიური პროგრამის გადასინჯვის საკითხი იმგვარად, რომ ორიენტირებული დარჩეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებზე.

– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს საფეხურებრივ მიზნებს და არა ყოველწლიურ პროგრამებს. ყოველწლიურ პროგრამას განსაზღვრავს თავად სკოლა თავისი მოსწავლეების საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე;

– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის შინაარსის ამოწურვაზე ორიენტირებული, არამედ ფოკუსირებულია განვითარებად პროცესებზე და მთავარია კონკრეტულ მოსწავლეზე/კლასზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების დაგეგმვა კონკრეტულ სკოლაში;

– შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ მიუთითებს სკოლას და კონკრეტული კლასის მასწავლებელს, თუ რომელი საკითხი გაიაროს სახელმძღვანელოდან საგნის საფეხურებრივი მიზნების მისაღწევად და რომელი – გამოტოვოს. ამდენად, სკოლას/მასწავლებელს ევალება არა სახელმძღვანელოს ყველა პარაგრაფის და საკითხის გავლა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების შერჩევა და ამ საკითხზე დაყრდნობით მოსწავლის მიერ საგნის ფუნდამენტური ცნებების გააზრება.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა/კონკრეტული მასწავლებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, შემცირებული სასწავლო დღეების პირობებში და სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, რომელი საკითხები ამოარჩიოს და როგორი ფორმატით გაიაროს მოსწავლეებთან”, – წერია სკოლებისთვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო წერილში.

ამავე თემაზე:

რა რეკომენდაციები გაუგზავნა სამინისტრომ სკოლებს უქმე დღეების ანაზღაურების დასაგეგმად – დოკუმენტი

როდის დასრულდება 2020-2021 სასწავლო წელი და როგორ ანაზღაურდება სააღდგომო დასვენების დღეები სკოლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური