GE

წარჩინებული მოსწავლეებისათვის კომპიუტერების გადაცემის ვადამ ისევ გადაიწია

წარჩინებული მოსწავლეებისათვის კომპიუტერების გადაცემის საკითხს არა და არ დაადგა საშველი. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უკვე ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, EDU.ARIS.GE-სთან გასული წლის 26 ნოემბერს განაცხადა, 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერები მაქსიმუმ 2022 წლის დასაწყისში მიიღებდნენ, თუმცა იანვარი იწურება და დაპირება ჯერ ისევ დაპირებად რჩება. EDU.ARIS.GE-ს კი ყოველდღიურად უამრავი მოსწავლე მიმართავს კითხვით, როდის მიიღებს კუთვნილ კომპიუტერს.

დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ამბობდა, რომ კომპიუტერების გადაცემა პანდემიის გამო შექმნილი მიზეზების გამო დაგვიანდა, თუმცა “სამინისტრომ ყველა პრობლემა მოაგვარა” და 2021 წელს თუ ვერ მოსაწრებდნენ, 2022 წლის დასაწყისი ბოლო ვადა იქნებოდა. ახლა კი, როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ამ ვადამ 2022 წლის 31 აგვისტომდე გადაიწია.

20 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კომპიუტერების გადაცემის საკითხზე დასმულ კითხვაზე, ასე პასუხობენ:

„ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულდა. ხელშეკრულებაც  გაფორმებულია მოგებულ კომპანიასთან და არის რიგი შემდგომი პროცედურები. როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, მაშინვე, ეტაპობრივად დაიწყება კომპიუტერების დარიგება. ჩვენი ინფორმაციით, კომპიუტერების გადაცემა უნდა დასრულდეს 31-აგვისტომდე “.

საკითხავი ახლა ის არის, მოახერხებს თუ არა განათლების სამინისტრო  წარჩინებულ მოსწავლეებს დაპირებული კომპიუტერები ამჯერად მაინც გადასცეს დათქმულ ვადაში.

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრის მოადგილემ წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის მაქსიმალური ვადა დააზუსტა

„კომპიუტერი აბსოლუტურად ყველა წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა“ – სამინისტროს განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური