GE

ხაშურის ერთ-ერთ სკოლაში საპირფარეშო ამორტიზებულია, წყალი კი სასმელად გამოუსადეგარი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის სკოლაში, სადაც 200-მდე ბავშვი ირიცხება, საპირფარეშო ამორტიზებულია, არ აქვს კარი და ანტისანიტარიაა. როგორც ჩანს, სკოლაში მოსაწესრიგებელია სხვა სველი წერტილებიც.

,,სკოლაში საპირფარეშოს კარი არ აქვს და ძალიან რთულია იქ შესვლა. შიგნით თითქმის არავინ არ შედის, სიბინძურეა“, – ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

,,სკოლაში, მოსაწესრიგებელია ხელების დასაბანი ადგილი, რადგან მის ავზში წყალი ხშირად არ არის“, – გვითხრა ამავე სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ.

გარდა სველი წერტილებისა, სკოლაში, სხვა პრობლემებიც არსებობს. საგანმანათლებლო დაწესებულებას სასმელი წყალი არ მიეწოდება და სკოლა ჭის წყალით მარაგდება. მშობლები ვარაუდობენ, რომ ჭის წყალი სასმელად უვარგისია, რადგან რამდენიმე თვის წინ სოფელში წყალდიდობა იყო და ჭაც დაიტბორა. მოსწავლეებს სასმელი წყლის ტარება, როგორც თავად გვიყვებიან, ბოთლებით ყოველღიურად სახლლიდან უხდებათ.

,,მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ წყალი სახლიდან ვატაროთ, რადგან სკოლაში არსებული წყალი დასალევად არ ვარგა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

,,წყალს გამოკვლევა ესაჭიროება, რადგან შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს. რამდენიმე თვის წინ სოფელში წყალდიდოაბა იყო და ჭაც დაიტბორა“, – აცხადებს მშობელი.

დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სკოლაში არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება.

,,ხელსაბანი გვაქვს სკოლის შენობაში, დამლაგებელი ასხამს წყალს და შემდეგ მოსწავლეები ამით სარგებლობენ. საპირფარეშოს ქაღალდს კლასებში ვარიგებთ და თუ მოსწავლეს მოუნდება მოახევს და გამოიყენებს. მოსწავლეები ასევე გაფრთხილებული გვყავს, რომ სასმელი წყალი სახლიდან ატარონ, რადგან წყალდიდობის შემდე ჭა წყლით აივსო და შესამოწმებელია“, – ამბობს გომის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.

გომის საჯარო სკოლის პრობლემებს იცნობენ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. ზვიად გოგუაძე აცხადებს, რომ სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია ზემდგომ ორგანოს წერილობით იანვრის თვეში უკვე მიაწოდეს და რეაგირებას ელოდებიან.

,,ჩენ მონიტორინგი განხორციელებული გვაქვს მაგ სკოლაში და მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებულია პრობლემები ჰიგიენური ნორმების მიმართულებით, გარდა ამისა, სკოლას რესურსცენტრში, იანვრის თვეში წარმოდგენილი აქვს სრული ხარჯთაღრიცხვა საპირფარეშოების მოწესრიგების თაობაზე, რომელიც გაგზავნილი არის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში და ამ დრომდე სააგენტოდან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვა არ ჩამოგვსვლია“, – აცხადებს ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

როდის აღმოიფხვრება გომის საჯარო სკოლაში, აღნიშნული პრობლემები, ამაზე ზუსტი პასუხი, არც სკოლის ადმინისტრაციას აქვს და არც საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

მასწავლებელი: „სკოლაში ტყის გავლით მივდივარ, მგელს კანონი იცავს და მე არ შეიძლება სკოლის ავტობუსი გავაჩერო“

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური