GE

„ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ განათლების ხარისხი გაიზარდა, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია“

უცნაური, არალოგიკური, შეუძლებელი, რეალობას აცდენილი – ასე აფასებენ განათლების სფეროს სპეციალისტები სამინისტროს მიერ გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობის გასაიდუმლოებას.

ამბობენ, რომ შეუძლებელია თითქმის 1 თვის განმავლობაში განათლების სამინისტროს მონაცემები არ დაეთვალა ეს ინფორმაცია არ ჰქონდეთ. მითუმეტეს, რომ  20 ივნისიდან, ანუ დღეიდან,  სკოლადამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა დაიწყო.

მოგეხსენებათ, EDU.ARIS.GE-მ მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვერც სამინისტროსგან, ვერც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან და ვერც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან (emis) ვერ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენმა აპლიკანტმა ვერ მოახერხა 2016 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისასგან  გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში გვატყობინებდნენ, რომ სამინისტროს მონაცემები არ დაუჯამებია და რომ ჩაჭრილთა ოდენობა ჯერ მათთვისაც უცნობია.

განათლების საკითხების სპეციალისტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა წელს უპრეცენდენტოდ მაღალია და  ინფორმაციის დამალვის ძირითადი მიზეზიც სწორედ ესაა. მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მიერ ამ მონაცემებზე ხმამაღლა საუბარი კიდევ ერთი ლუსტრირება იქნება იმისა, თუ რა მძიმე ვითარებაა სკოლაში და ზოგად განათლებაში, მითუმეტეს საარჩევნო წელს.

„საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ წევრი მარიამ რამინაშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მიზეზი რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამება. მისი თქმით, წელს პირველად მოხდა, რომ ზუსტი რაოდენობა არ გამოცხადდა. ეს ყველაფერი კი  იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია.

1396946269_10178311_791671177517459_1301122975_n„განათლების სამინისტრო ციფრის დასახელებისაგან თავს სწორედ მაგიტომაც იკავებს. ამ მონაცემებს  ვინმე ხომ არ ითვლის? საპეციალური პროგრამა ითვლის და ეს ალბათ მაქსიმუმ 1 დღის საქმეა.

„თითოეულ საგანში ჩაჭრილთა პროცენტული რაოდენობა ვიცით და მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთ საგანში 6 500 ბავშვია ჩაჭრილი. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა საგნებში ჩაჭრილთა დამატებით კოლოსალურ რაოდენობას ვიღებთ,“ – აღნიშნავს რამინაშვილი.

ჩვენთან საუბრისას იგი განათლების სამინისტროს სავარაუდო მოტივსაც ასახელებს და ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ეროვნულ გამოცდებამდე დამალავენ. მერე კი საზოგადოებისათვის უფრო საინეტერსო იმ გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები იქნება და ამ თემას გადაფარავს. გარდა ამისა, თავად ჩაჭრილებიც ამ ფაქტს უკვე შეგუებულები იქნებიან და მათ პროტესტს აზრი დაეკარგება.

თუკი მართლაც აღმოჩნდება, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა ასეთი მაღალია, ექსპერტის თქმით,  გამოცდის რელევანტურობასთან დაკავშირებით კითხვები დაისმევა. ამბობს, რომ ასეთ დროს არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე და შეიძლება თავად სისტემის გამართულობასთან დაკავშირებითაც ლოგიკური კითხვები დაისვას.

„ოღონდ ტექნიკურ გამართულობას არ ვგულისხმობ, წმინდა შინაარსობრივ მხარეზე მაქვს საუბარი. შესაძლოა, ამ ჩაჭრილთა რაოდენობიდან გამომდინარე, განმეორებით გამოცდებთან დაკავშირებითაც გაჩენილიყო მოთხოვნა. ვფიქრობ, სამინისტრომ სწორედ ამ უხერხულობას აარიდა თავი,“ – დასძენს იგი.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვის პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, თუკი დადასტურდება, რომ ჩაჭრლთა რაოდენობა მართლაც ძალიან მაღალია და ვის უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, რამინაშვილი ამბობს, რომ  პირველ რიგში ხაზი განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობას უნდა გაესვას.

„პროცესის ქაოსურმა, დაუგეგმავმა და გაუაზრებელმა მიმდინარეობამ ეს შედეგი გამოიწვია, ანუ, უპირველესი პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ასევე, რა თქმა უნდა, მშობლების პასუხისმგებლობაც იკვეთება, რომლებიც სკოლებში არეულ სიტუაციას და უაზროდ წარმართულ საგაკვეთილო პროცესს წლებია თავისთვის აპროტესტებენ. ამ პრობლემების მიჩქმალვამ მიგვიყვანა სავალალო  შედეგებამდე.

„ცოდნა, რომელსაც გამოსაშვებ გამოცდებზე ითხოვენ, მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესზე უნდა მიიღოს. შესაბამისად, როცა მოსწავლეთა დიდი რაოდენობა ვერ ლახავს ბარიერს, ეს სკოლისა და საგანმანათლებლო პროცესის ბრალია, რომელზეც პასუხს განათლების სამინისტრო აგებს. ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ ყველაფერი მწყობრში არ იყო, მაგრამ გაჩუმებას ამჯობინებდნენ,“ – აცხადებს მარიამ რამინაშვილი.

manana_nikolaishvili_5581ორგანიზაცია „საქართველოს განათლების ლიგის“ პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი კი ფიქრობს, რომ ჩაჭრილების რაოდენობის გარკვევა უბრალო დათვლის საგანი არაა. მისი თქმით, საბოლოო მონაცემების მიხედვით სახელმწიფომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ატესტატი უნდა გასცეს და შეუძლებელია ეს აქამდე დათვლილი არ იყოს.

შესაბამისად, იგი დარწმუნებულია, რომ ინფორმაციას მალავენ. იმ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, თუ ვინ შეძლო გამოცდების წარმატებით დასრულება და ატესტატის აღება, მისი თქმით, ზოგადად განათლების ხარისხზე მსჯელობენ. ასე რომ, ექსპერტის განცხადებით, აქედან დიდ პოლიტიკურ საკითხზე გავდივართ. 

„ხელისუფლება კი საუბრობს განათლების წარმატებულ რეფორმებზე, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია, ყველაფერი შედეგებით იზომება. ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს, თუ მას ზურგს სტატისტიკა არ უმაგრებს. მთავარი სტატისტიკა კი, ჯერ-ჯერობით, არ გვაქვს.

„ჩვენ ხო ვიცით, რომ 5 ათასი მხოლოდ მათემატიკაში ჩაიჭრა, 6 500 უცხო ენაში და ა.შ. საკმაოდ ბევრი ჩაიჭრა იმ საგნებშიც, რომელთაც შარშანდელი ჩაჭრილები ხელახლა აბარებდნენ. ეს ყველაფერი უნდა დაჯამდეს. როგორც ჩანს, ჯამი ძალიან მაღალია. ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ განთლების ხარისხი გაიზარდა, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა  კატასტროფულად დიდია. პირიქით, უკან წავედით. ამას მრავალი მიზეზი აქვს.

„უპირველესი მიზეზი კი ისაა, რა შედეგსაც ვიმკით: წლევანდელი მეთორმეტე კლასელები ის ბავშვები არიან, ვინც სააკაშვილის გაპრეზიდნტების წელს შევიდნენ სკოლებში. მათი შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან  სააკაშვილის ანტირეფორმების ქარტეხილებმა ამ ბავშვების თავზე გადაიარა.

„სააკაშვილმა ეროვნული სასწავლო გეგმა გაანადგურა, სასწავლო ბადე გაანახევრა, საათები ტოტალურად შეამცირა. ამიტომაც გვაქვს განსაკუთრებულად ცუდი შედეგები. „ოცნებამ“ კი იმით დააგვირგვინა, რომ ეს ეროვნული სასწავლო გეგმა უცვლელად დატოვა. არც პროგრამები შეცვალა და არც ძალიან ცუდი სახელმძღვანელოები,“ – აცხადებს ნიკოლაიშვილი.

10501842_335523666635464_8339288307948761017_nწინა რესპონდენტების მსგავსად, განათლების სფეროს სპეციალისტი სიმონ ჯანაშიაც  მიიჩნევს, რომ რაოდენობა აქამდე დათვლილი უნდა ჰქონდეთ. მისი აზრით, ეს ინფორმაცია სამინისტროშიც აქვთ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც, რადგან სისტემა საატესტატო გამოცდების შედეგებს მაშინვე აჩვენებს.

„დამალვას არანაირი აზრი არ აქვს. რაიმე პოლიტიკური კრიზისი რომ იყოს, კიდევ გავიგებდი, მაგრამ ასეთი არაფერი ხდება. ანუ, პოლიტიკური მიზანიც არ ჩანს,“ – ამბობს ის.

იმაზე საუბრისას, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია გამოცდებში წინა წლებთან შედარებით მეტი აპლიკანტის ჩაჭრა, ჯანაშია ამბობს, რომ ამის განმაპირობებელი მიზეზი შესაძლოა ძალიან ბევრი რამ იყოს.

„ჩვენ არ ვიცით თუ რამდენი მოსწავლე გავიდა წელს გამოცდებზე ისეთი, ვინც შარშან ჩაიჭრა. შეიძლება ჩაჭრილები დაგროვდნენ. შეიძლება გამოცდის სირთულე სინამდვილეში შეიცვალა და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით. შესაძლოა მომზადების დონეც გაუარესდა, ან მოტივაციამ მოიკლო. მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთად შეიძლება ახდენდეს გავლენას,“ – დასძენს სპეციალისტი.

maxresdefaultრევაზ აფხაზავა,  განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: „ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩახედული არ ვარ. წესით აქამდე უკვე დათვლილი უნდა ჰქონდეთ. სიმართლე გითხრათ, ამ თემით არ დავინტერესებულვარ. ზოგადად კი, ის უფრო უცნაური იყო თავის დროზე  ამ გამოცდას ყველა რომ აბარებდა. გამოცდა იმისაა, რომ ზოგი ჩააბარებს, ზოგი კი – ვერა.

„როგორც თქვეს, მათემატიკაში დაახლოებით 15% ჩაიჭრა და ვიქრობ ეს არანაირი პრობლემა არაა. პრობლემა ის იქნებოდა 15 პროცენტს რომ ჩაებარებინა. საერთოდ, ჯობია ეს გამოცდები მე-9 კლასში ტარდებოდეს. საბაზო საფეხური სწორედ ამ დროს სრულდება. მე-10 და მე-11 კლასი კი სავალდებულო აღარაა. ის ბავშვები, რომლებიც ამ ბარიერს მე- 9 კლასში ვერ დაძლებვენ, შემდეგ კლასებში აღარ უნდა გადაჰყავდეთ, რადგან ეს სახელმწიფოსათვის დამატებითი ხარჯია. ვისაც სწავლა არ უნდა იმათზე ფული არ უნდა იხარჯებოდეს.“

შეგახსენებთ, რომ გამოსაშვები გამოცდები 25 მაისს დასრულდა. შარშან ბარიერი 6 449 აპლიკანტმა ვერ გადალახა, წელს კი  6 500 მათგანი მხოლოდ ერთ საგანში – უცხო ენაში ჩაიჭრა.

განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური