GE

ყვავილები, კარგი მეგრული სუფრა და მოგზაურობა ბარსელონაში – რით ასაჩუქრებენ მშობლები პირველკურსელებს

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები შედგა. პიროვნული ნიჭი, დაუღალავი შრომა, ოდნავ იღბალი და, შენ უკვე სტუდენტი ხარ!

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 34 843 სტუდენტი, ალბათ, ამ წამსაც კი გულშემატკივართა მილოცვებს იღებს და აბიტურიენტის სტატუსს ემშვიდობება.

სხვათა შორის, უკვე ყოფილი აბიტურიენტები, მხოლოდ მოლოცვებს არა, საჩუქრებსაც იღებენ.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა თუ რა საჩუქრები მიიღეს პირველკურსელებმა და საერთოდ, მიიღეს თუ არა. გვესმის, რომ ყველა მშობელს ან ოჯახის წევრს, საჩუქრის საშუალება არ აქვს, ზოგი კი საერთოდ არ თვლის, რომ სტუდენტური ცხოვრების დაწყება მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ:

„საერთოდ, უნდა მიმეღო საჩუქარი გამოცდების ჩაბარების გამო?!“, ,,ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ ჩამებარებინა, და რატომ დამასაჩუქრონ?“, „აქეთ გავუკეთე საჩუქარი მშობლებს ჩემი ჩაბარებით“ (ეს მოსაზრება EDU.ARIS.GE-ს განსაკუთრებით მოსწონს :), „რა საჭიროა – ვერ ვხვდები“, „მსგავსი ტრადიციები ოჯახში არ გვაქვს“…

მაგრამ, ვის არ ახარებს დიდი სიყვარულით მირთმეული საჩუქარი? ღირებულება, ხომ ფასით არ განისაზღვრება.

EDU.ARIS.GE-სთან დღეს, სწორედ ის აბიტურიენტები ისაუბრებენ, რომლებმაც დაპირებული (და არა მხოლოდ დაპირებული) საჩუქრები მიიღეს. გაინტერესებთ დეტალები? ახლა ისინი უფრო მეტს მოგვყვებიან.

18 წლის თეკლა ფიფია, თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. როგორც ჩვენთან ამბობს, მთელი წელი ბეჯითად სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც, რაც მისთვის გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. თეკლა ახლა ბედნიერია, რომ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა და დამსახურებულ საჩუქარსაც ელის.

„ვცდილობდი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად მეშრომა, რათა სასურველ ფაკულტეტზე დაფინანსებით მოვხვედრილიყავი. 5 საგნის მომზადების გარდა (დამოუკიდებლად ვემზადებოდი), მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ვამზადებდი ინგლისურში (მათ შორის ერთ აბიტურიენტს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ინგლისური ენის გამოცდა). გარდა ამისა ვმუშაობდი ბავშვთა გასართობ ცენტრში. აქედან გამომდინარე, ეს წელი ჩემთვის მოსაწყენი არ ყოფილა, თუმცა ძალიან რთული იყო. ამ სირთულეებისა და განვლილი გზის გამო, ახლა ასჯერ უფრო ვამაყობ საკუთარი შედეგით და ბედნიერი ვარ“…

„მამა iPhone 14 Pro Max დამპირდა, მეც ვმუშაობ და მაქვს გარკვეული დანაზოგი, მაგრამ მითხრა მე გიყიდი, შენი დანაზოგი შენთვის ჰქონდესო. რაც ძალიან გამიხარდა. დედა მასწავლებელია, აიფონი ვერა, მაგრამ ძალიან კარგი კულინარია და საჩუქარიც ასეთი მოიფიქრა – კარგი მეგრული სუფრა გულშემატკივრებისთვის. თქვენც სიამოვნებით დაგპატიჟებთ..“ – მადლობა, ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა.

შვილის სტუდენტობას ზეიმობს ლევან არდიას ოჯახიც. ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე 70%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, არც ის დარჩენია უსაჩუქროდ, მას მშობლებმა ფულადი საჩუქარი გაუკეთეს.

„გულწრფელად გეტყვით, არასდროს მითქვამს მშობლებისთვის ამას ხომ მაჩუქებთ თუ გრანტს მოვიპოვებ მეთქი და, შესაბამისად, არც მათი მხრიდან იყო დაპირებები. მოლოდინი არ მქონია, მაგრამ როცა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, ჩემმა მშობლებმა იმავე დღეს 500 ლარი მაჩუქეს. ჯერ არ დამიხარჯავს. კონკრეტულად არ ვიცი რისთვის გამოვიყენებ, მაგრამ სხვადასხვა რაღაცებზე გადავანაწილებ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების პირველივე ეტაპზე გეგმაზომიერად გამოვიყენო“.

როგორც ლევანმა გვითხრა, მეგობრებთან ერთად უკვე აღნიშნა სტუდენტობა და ახლა მოუთმენლად ელის კურსელების გაცნობას, რომ მათთან ერთადაც „გულიანად“ აღნიშნოს.

კიდევ ერთი 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტი ლიზი რიჟავაძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მშობლებისგან ელოდება როდის გადასცემენ სამგზავრო ბილეთს თბილისი-ბარსელონას მიმართულებით.

„მამა დამპირდა, რომ ბარსელონაში გავემგზავრები, დედასთან ერთად. ეს დაპირება ქულების გაგებამდეც მოქმედებდა, მაგრამ არ ვახსენებდი. მინდოდა საჩუქარი დამსახურებული ყოფილიყო და ასეც მოხდა“.

ჩვენი რესპონდენტი აბიტურიენტებს მოუწოდებს, მშობლებს დაპირებები შეახსენონ:

„აბიტურიენტებს, რომლებსაც მატერიალური საჩუქრების მოლოდინი აქვთ მინდა ვუთხრა – ბავშვებო, მშობლებს დაპირებები შეახსენეთ და ცოტა გაჯიუტდით. დატკბით თქვენი სტუდენტობის პირველი დღეებით“.

როგორც ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, პირველკურსელი ნათია ღამბაშიძე ამბობს, მან სპონტანური საჩუქარი, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადების დღეს, საყვარელი ადამიანისგან, გამზრდელი ბებიისაგან მიიღო.

“როცა საბოლოო ქულები გამოცხადდა, სოფელში ვისვენებდი ბებია-ბაბუასთან. პირველს ბებოს ვუთხარი – ბებო, სტუდენტი გავხდი, მომილოცე-მეთქი. გახარებული ბებო ჩამეხუტა და უცებ სადღაც გაქრა. რომ გავიხედე, ბებოს ხელში ბაღიდან მოკრეფილი თეთრი ულამაზესი ყვავილები ეკავა, – ბებო გენაცვალოს შენო.. აი, ეს არის ჩემი შეუფასებელი საჩუქარი, ყველაზე კარგი მსოფლიოში“.

ასევე იხილეთ:

მამები საგამოცდო ცენტრებიდან – აქ მინისტრიც და სხვებიც ერთნაირად ღელავენ

„თამარ, წარმატებები! – მნიშვნელოვან მომენტებში შვილის გვერდით ყოფნა აუცილებელია“

„ნუ გაკიცხავთ, თუ წელს სტუდენტი ვერ გახდება“ – როგორ დავეხმაროთ და ხელი არ შევუშალოთ შვილს, გახდეს სტუდენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური