GE

„ჩემი შვილიშვილიც ვერ დარეგისტრირდა სასურველ სკოლაში“ – პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

„რეგისტრაციის გავლა ხდება ელექტრონულად და ჩაწყობა ვერ მოხდება. მე რომ გითხრათ, რომ ჩემი შვილიშვილი ვერ დარეგისტრირდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, მიუხედავად იმისა რომ იქვე ცხოვრობს, ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ რეალურად ასეა, ვერ დარეგისტრირდა“, – ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ ჯერ კიდევ აპრილის თვეში, პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გააკეთა.

მშობელთა ნაწილის თქმით, თბილისში არსებულ სკოლებში, სადაც დიდი კონკურენციაა, მოსწავლეების მოხვედრა ე.წ. ჩაწყობით ან გარიგებით ხდება. ჩვენ დავინტერესდით, რა ბერკეტი აქვს სამინისტროს იმის გასაკონტროლებლად, რომ მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირდეს.

მინისტრის მოადგილემ საკუთარი ოჯახის წევრის გასული წლების მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ საყოველთაო ონლაინრეგისტრაციისას ე.წ. „ჩაწყობა“ ვერ მოხდება.

„მაგალითად, შეიძლება, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მიერ გამოცხადებულ ადგილები იმ მოსწავლეების და-ძმებსაც არ ეყოს, რომლებიც იქ სწავლობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ შენობის ინფრასტრუქტურა აღარ ჰყოფნის მოსწავლეთა იმ რაოდენობას, რა რაოდენობასაც მოთხოვნა აქვს. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ შვილი პირველ ექსპერიმენტულში მიიყვანონ, მაგრამ ნახავენ რომ ადგილი არ არის, ვთავაზობთ ახლომდებარე სკოლებში დაარეგისტრირონ მოსწავლეები.

„ყველა შენობას აქვს თავისი ინფრასტრუქტურული რესურსის მაქსიმუმი, თუკი სასწავლო ოთახი არ იქნება და სამი და ოთხი ცვლაა სკოლაში და ბავშვის მიღება სეუზლებელია, რეალურად ეს გარიგება კი არ არის, არამედ ობიექტური რეალობაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ასევე მშობელმაც. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ სკოლებში გარდა იმისა, რომ ჰყოფნით ბავშვებს ადგილები, არამედ ბევრად მეტი ადგილია. საქართველოს მასშტაბით არის 70 ათასზე მეტი ადგილი, მაშინ როცა სკოლებში 55 ათასს პირველკლასელს ველოდებით. თბილისში პირველკლასელებისთვის 17 ათასზე მეტი ადგილია გამოყოფილი იმ ფონზე, როცა 3 ათასით ნაკლები მოსწვლეა რეგისტრირებული“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

პირველკლასელთა მეორე ეტაპი, რომელიც საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს დღეს დაიწყო და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება ბმულზე –  registration.emis.ge

ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე ელექტრონულად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

ამავე თემაზე:

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ნიმუში და რჩევები მშობლებს რეგისტრაციისთვის

პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპები და დოკუმენტები

რამდენი ადგილი დარჩა პოპულარულ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის შედეგად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური