GE

დაქსეროქსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და სამუშაო რვეულები – რეგიონის მოსწავლეთა გასაჭირი

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, პირველკლასელმა სახელმძღვანელოები მხოლოდ 25 ნოემბერს მიიღო და ისიც არასრულად. მოსწავლე მათემატიკის რვეულს ამ დრომდე ელის. საჯარო სკოლაში მისი მობილობა სწავლის დაწყებისთანავე, სექტემბერში განხორციელდა, თუმცა წიგნების გადაცემა ორი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დანაკლის წიგნებზე მოთხოვნა სექტემბერშივე გადააგზავნეს და სახელმძღვანელოებს ელიან. განათლების სამინისტროს განმარტებით, პირველკლასელის წიგნებზე მოთხოვნა მხოლოდ მეორე ეტაპზე დაფიქსირდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი ირწმუნებიან, რომ წიგნის გარეშე არც ერთი პირველკლასელი არ დარჩენილა.

„ჩემთვის ცნობილი არ არის ამ მოსწავლის შესახებ. თუ სკოლამ სექტემბერში გააკეთა მოთხოვნა, უკვე მოსული უნდა იყოს. გამოდის, რომ მაშინვე არ მოუთხოვიათ. მეორე ეტაპზე მოთხოვნილი წიგნები ჩამოსულია და ზეგ დავარიგებთ“, – ამბობს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი.

მოგვიანებით, რესურსცენტრის უფროსმა დეტალები სკოლის დირექტორთან დააზუსტა.

„დირექტორს არ ჰქონია მათემატიკის რვეული გამოწერილი, დავიწყებია. რა გახდა ერთი რვეული, ასეთი რა პრობლემაა, ვიშოვით და მიუვუტანთ“, – გვითხრა ინგა ბოჭორიშვილმა.

უწიგნოდ არ დარჩენილან, თუმცა ძველი სახელმძღვანელოები დაურიგეს ქალაქ ახალციხის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს. მოსწავლეებს სამუშაო რვეულები არ აქვთ. მასწავლებლებმა და მშობლებმა გამოსავალი იპოვეს და ყველა მოსწავლისთვის ასლები გადაიღეს.

„შარშან ჰქონდათ, წელს არა. ქართული ენის რვეულები გადავაქსეროქსეთ. ჯერ არ დაუბეჭდიათო ამბობენ“, – გვითხრა რიმა ასლანიანმა, რომლის ორი შვილიც სომხურენოვან სკოლაში, მეორე და მესამე კლასში სწავლობს.

სამუშაო რვეულის და რამდენიმე წიგნის გარეშე დარჩა მანია მანუკიანის მეორეკლასელი შვილიც.

„ერთი რვეულია კლასში და ყველა ბავშვმა იქიდან დააქსეროქსა. სახელმძღვანელოების პრობლემა სულ გვაქვს. მაგალითად ქართული, ინგლისური, ბუნება, მათემატიკა – ესენი სკოლაში მოგვცეს. სომხური ენის წიგნი ჩემმა მეგობარმა მათხოვა“, – ამბობს მეორე კლასელი მოსწავლის დედა მანია მანუკიანი.

ახალციხის მესამე, სომხურ სკოლაშიც ახალი სასწავლო წელი ძველი სახელმძღვანელოებით დაიწყო. დირექტორი ამბობს, რომ მათთვის სომხურენოვანი სახელმძღვანელოები ჯერ არ დაბეჭდილა.

„ძველი წიგნებით ვსარგებლობთ. სხვა სკოლებს თუ არ სჭირდებათ, ჩვენ გვაძლევენ. ერთი-ორი დაზიანებული წიგნი თუ არის, მაგას ჩვენც ვაქსეროქსებთ. ზოგი წიგნი გაილია და აღარ არის“, – ამბობს სუსანა აკოფოვა.

ზოგიერთი სახელმძღვანელო აკლიათ ქალაქ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც.

„სამი მეთერთმეტე კლასი ვართ. მეწარმეობის რამდენიმე წიგნია და იმას ვიყენებთ ყველა. სამოქალაქო განათლების წიგნებიც ძალიან ცოტაა“, – ამბობენ პირველი სკოლის მოსწავლეები.

მეთერთმეტე კლასელებს არ ეთანხმება სკოლის დირექტორი. ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ მეწარმეობის საგნის სახელმძღვანელოები სკოლაში საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა მძიმე ჩანთის გამო, მოსწავლეებს წიგნები სახლში არ მიაქვთ.

„პირველი–მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებით სრულიად ვართ დაკმაყოფილებული. მეშვიდე-მეთორმეტე კლასების წიგნები ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ სამინისტრომ შეგვივსო დანაკლისი. თუ წიგნი გვაკლია რესურსცენტრს მივმართავთ, უწყება მოიკითხავს თუ რომელიმე სკოლაში არის ზედმეტი და გვაძლევს. სკოლები ვცვლით ერთმანეთში. შეიძლება ახალი არ იყოს, მაგრამ ისეთია, რომ ბავშვმა მოიხმაროს“, – გვითხრა ჟუჟნა გოგოლაურმა.

პირველ საჯარო სკოლაში ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. უფროსკლასელები სამუშაო რვეულების სიმცირეზე ჩივიან. მეათე კლასელები ამბობენ, რომ ინგლისურის სამუშაო რვეული რამდენიმე ცალი იყო, ამიტომ ასლის გადაღება მოუწიათ. დირექტორი კი ამბობს, რომ ეს მცირე პრობლემაა და ამის გამო სასწავლო პროცესი არ ფერხდება.

„არის სამუშაო რვეულები რუსულში და ინგლისურში, რომელიც გვაკლია. თუმცა ეს არ არის კატასტროფა. თუ ვინმეს სჭირდება დავუქსეროქსებთ სკოლაში. გარდა ამისა მასწავლებელი აწერინებს, კონსპექტებს აკეთებინებს“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, სკოლებისთვის დანაკლისი წიგნების გადაცემა, ორ ეტაპად განხორციელდა.

„სასწავლო წლის დასაწყისში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გვაწვდის ბაზას, რომლის მიხედვითაც ვადგენთ, რომელ სკოლას რამდენი წიგნი ან რვეული სჭირდება. თუ დანაკლისი მაინც ჰქონდა სკოლას, შეგვატყობინებს და მომენტალურად ვაგზავნით. თუ რესურსცენტრიდან მოთხოვნა არ გაკეთებულა, ცხადია ვერ გავაგზავნიდით“, – აცხადებს მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

ეკა ომიაძე ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში რვეულების დანაკლისსაც გამოეხმაურა.

„სხვა სომხურენოვანმა სკოლებმა მოითხოვეს ქართულის, მათემატიკის სამუშაო რვეულები და გავუგზავნეთ. ახალციხის მესამე სკოლამაც უნდა გააკეთოს მოთხოვნა და დანაკლისს შევუვსებთ“, – ამბობს ის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო. მანამდე სასკოლო წიგნები უსასყიდლოდ, მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გადაეცემოდათ. 2018 წელს სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე 14 მლნ. 500 000–მდე ლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:

როდის შევა არაქართულენოვან სკოლებში გრიფირებული სახელმძღვანელოები და რაზე მუშაობს სამინისტრო

მოამზადა რუსკა გვარამაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური