GE

„დღეს უფრო მეტი კითხვაა ამ თემაზე, ვიდრე პასუხი“ – განათლების სპეციალისტი 10-წლიან სავალდებულო საბაზო განათლებაზე

კანონპროექტი, რომელიც დამტკიცების შემდეგ სავალდებულო სასკოლო განათლებას 10 წლით განსაზღვრავს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშია და დიდი ალბათობით დამტკიცდება კიდეც.

კანონპროექტი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის შესახებ უკვე პარლამენტშია – დეტალები

9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება

განათლების სპეციალისტი, მანანა რატიანი, რომელსაც ცვლილების შეფასება ვთხოვეთ აღნიშნავს, რომ კანონპროექტი სკოლაში არსებულ ვერც გაცდენების პრობლემას აგვარებს და მეტიც, არსებობს კონკრეტული ფინანსური ხარჯები, რომლებზეც კანონპროექტის განმარტებითი ბარათი საერთოდ არაფერს ამბობს. სპეციალისტი წუხს, რომ მსგავსი პროექტები განათლების სამინისტროს მხრიდან არ არის განხილული განათლების სპეციალისტებთან და მის ავტორებთან კონკრეტული კითხვებიც აქვს.

მანანა რატიანის პოზიციას და კითხვებს, რომლებიც მას ახალი კანონპროეტის შესახებ გაუჩნდა EDU.ARIS.GE სრულყოფილად წარმოგიდგენთ:

“10+2 მოდელი არაერთ ქვეყანაშია დანერგილი. ცალსახად დადებითია, როდესაც მოსწავლეები 15 წლის ასაკში, რომლებიც სწავლას არ აგრძელებენ საშუალო საფეხურზე, ან პროფესიულ სასწავლებლებში 15 წლის ნაცვლად, 16-ის დატოვებენ სკოლას და გავლენ სამუშაო ბაზარზე.

ჩვენთანაც ამ სიახლეს მოვიწონებდი, თუკი მექნებოდა დადებითი პასუხი რამდენიმე კითხვაზე, რაც წარდგენილ კანონპროექტში და განმარტებით ბარათში არ იკითხება:

რა შეცვალა სამინისტრომ აღნიშნულ კანონპროექტში, მას შემდეგ, რაც პირველად წარდგენილი მსგავსი კანონი პარლამენტმა ჩააგდო?

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მექანიკურად გაიზარდა 3 წლიანი საბაზისო განათლებისთვის განკუთვნილი პროგრამა 4 წელზე, თუ არის არსებითი ცვლილებები, ან რამდენად უზრუნველყოფს 2 წლიანი საშუალო საფეხური 3 წლიანი საფეხურის შედეგების მიღწევას?

სამწუხაროდ, მსგავსი პროექტები არ არის განხილული განათლების სპეციალისტებთან და ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებიც წინსწრებით არ ხდება ჩვენთვის ცნობილი.

გაცდენების პრობლემას ეს კანონპოექტი არ აგვარებს, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი კანონპროექტის განმარტებით ბარათში. ვიცით, რომ სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი მე-11 კლასებში ნახევრად ჩაშლილია, ხოლო მე-12-ში მოსწავლეები თითქმის არ დადიან. მასწავლებლები სიამოვნებით იღებენ ამ საათებს, რადგან მათი ძალისხმევა მინიმალურია.

რამდენად არიან სკოლები მზად საშუალო საფეხურზე მაპროფილებელი სწავლისთვის, ან არჩევითი საგნების რეალურად შეთავაზებისთვის?

ვიცით, რომ სკოლა ირჩევდა საგნებს, რომლებიც მასწავლებლებს საათების შესავსებად სჭირდებოდათ. მოსწავლეებს რეალური არჩევანი არ ჰქონდათ, რადგან არ იყო არჩევითი საგნები სასწავლო მასალებით, თუ ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი, არც მასწავლებლები გადიოდნენ სიღრმისეულ გადამზადებას. აღნიშნული ფინანსური ხარჯები არ არის მოთხოვნილი, განმარტებით ბარათში წერია, რომ დამატებით ფინანსურ ხარჯებს ეს ცვლილება არ გამოიწვევს.

ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული 9 წლიანი საბაზო სკოლებში წლის დამატება. არ არის მოცემული სტატისტიკა, საჭირო იქნება თუ არა ახალი მასწავლებლების აყვანა, ან ამ სკოლის კადრებს რა საჭიროებები წარმოექმნებათ. ამ სკოლებს ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვთ. კადრების მოზიდვა შეიძლება გაჭირდეს, რადგან საბაზო სკოლები ძირითადად მცირე, მოშორებულ დასახლებებში გვხვდება.

რამდენად ჰარმონიულად წავა ცვლილებები პროფესიულ სასწავლებლებში?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროფესიული სასწავლებლების პროგრამა 3 წლიანი იყო, დაიხარჯა დიდი თანხები, რომ შექმნილიყო შესაბამისი რესურსები. გადამზადდნენ მასწავლებლები. ახლახანს დაიწყო დანერგვა და ჯერ არ გაზომილა მისი შედეგები. ახლა მათი შემცირება 2 წლამდე როგორ მოხდება, რამდენად მოესწრება 2 წელიწადში საშუალო საფეხურის პროგრამისა და პროფესიის პარალელურად ათვისება.

დღეს უფრო მეტი კითხვაა ამ თემაზე, ვიდრე პასუხი”.

ამავე თემაზე:

1 წლის დაკარგვა თუ „უკეთესი“ არჩევანი? – მოსწავლეები სკოლაში 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის იდეაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური