GE

გამოცდების მინიმალური თამასა – „კატი“ ვერ ზომავს შეასრულა თუ არა სკოლამ თავისი რეალური ფუნქცია

სტუდენტთა დაფინანსების წესის დაანონსებული ცვლილების პარალელურად განათლების სფეროს სპეციალისტები გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ცვლილებას ითხოვენ. მათი აზრით,  ისინი  არ შეესაბამებიან  განათლების სამინისტროს მიერ გაცხადებულ მიზნებს, ვერ ზომავენ თუ რამდენად განათლებულ ახალგაზრდას უშვებს სკოლა, ან რამდენად განათლებულ სტუდენტს იძენს უმაღლესი სასწავლებელი. ხოლო ის, რასაც ეს გამოცდები ზომავენ, მათი აზრით, არც ატეტატის ასაღებად და მითუმეტეს, არც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საკმარისი არ უნდა იყოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ექსპერტების მოსაზრებებს  არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კატის და ერთიანი ეროვნული გამოცდები, მათზე დაკისრებულ  ფუნქციას წარმატებით ასრულებენ. შესაბამისად, ცვლილებებს არც მომდევნო წლისთვის გეგმავენ და არც უახლოესი წლების განმავლობაში.

111419501893.jpg_origგანათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის რევაზ აფხაზავას აზრით, კატის გამოცდები მხოლოდ იმას ზომავს თუ რა ახსოვს მოსწავლეს პროგრამიდან იმ კონკრეტულ მომენტში. მისი თქმით, სკოლას ვუსახავთ მიზნად, რომ კრიტიკულად მოაზროვნე, აქტიური, შემწყნარებელი და ახალი ღირებულებების შემქმნელი მოქალაქე ჩამოაყალიბოს   და რატომღაც მხოლოდ იმას ვზომავთ „იცის თუ არა მან კვადრატული განტოლება“.

ამბობს, რომ მოსწალემ ესეც უნდა იცოდეს, მაგრამ იმასაც უნდა ვამოწმებდეთ შეასრულა თუ არა სკოლამ რეალური ფუნქცია – მოქალაქე, რომელიც გამოუშვა, არის თუ არა ისეთი, როგორიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გვიწერია.

„ეს კი „კატის“ გამოცდით ვერ გაიზომება. ეს მისი სკოლაში განხორციელებული აქტივობების შეფასებით უნდა განისაზღვროს. მოსწავლესაც უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი აქტივობა, მისი ყოველი დღე, წარმატება მის ბიოგრაფიაში იწერება და ეს მომავალი წარმატების საწინდარი იქნება.

„უმაღლესში მიღების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს ეს ინფორმაცია და არა მხოლოდ ის, დაიმახსოვრა თუ არა რაღაც ფორმულები მოსწავლემ, რომელმაც 12 წლის განმავლობაში არაფერი აკეთა და ბოლო ერთ წელიწადში მასწავლებლებთან სიარულს თავი დააკლა. ეს განათლების არსი არაა. ეს რაღაცების დაზეპირებაა,“ – აცხადებს აფხაზავა.

მისივე აზრით, უნივერსიტეტებიც აბიტურიენტების მიღებისას ამ კრიტერიუმებით უნდა ხელმძღვანელობდნენ – უნდა ინტერესდებოდნენ თუ როგორ მოქალაქეს იღებენ – რამდენად ინიციატივიანია, რამდენად კრეატიული, რატომ უნდა იქ ჩაბარება, სწორად აქვს თუ არა განსაზღვრული არჩევანი და ა.შ.

„ამ დროს კი ეს კრიტერიუმები გამორიცხულია და ადამიანებს უმაღლესში მხოლოდ იმის მიხედვით ვიღებთ, კარგად დაიმახსოვრა თუ არა იმ მომენტისათვის, რომ 2×2=4. ეს ცოდნა და მითუმეტეს განათლება არაა,“ – დასძენს იგი.

download5თემაზე სასაუბროდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძრავნელის მოადგილეს, ივა მინდაძეს დავუკავშირდით. პირველ რიგში დავინტერესდით, გეგმავს თუ არა უახლოეს მომავალში ცენტრი გამოცდებში ცვლილებების შეტანას. როგორც აღმოჩნდა, ცვლილებები იქნება, თუმცა უმნიშვნელო და ეს შეეხება არა ფორმატს, არამედ მაგალითად ხელოვნების გამოცდის დროს – იგი ნახევარი საათით შემცირდება.

მინდაძე მიიჩნევს, რომ გამოსაშვებ გამოცდებს მეტისმეტი ტვირთი  არ უნდა დავაკისროთ, რადგან მისი მიზანი  მინიმალური ზღვრის შემოწმებაა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსწავლემ 12 წლის განმავლობაში ყველა ძირითად საგანში  გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინა.

„ეს ატესტატის მიღებისა და სტუდენტთა კონკურსში მონაწილეობის წინაპირობაა. ვფიქრობ, რომ ამ ამოცანას გამოსაშვები გამოცდები ნამდვილად ასრულებს. მას ხშირად ფორმატის შეზღუდულობას საყვედურობენ, რომ წერა არ არის, რომ მოსწავლეს არ აქვს საშუალება ქართულში ან უცხო ენაში თხზულება დაწეროს და ა.შ.  ფორმატის შეზღუდვა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ვიმეორებ – ჩვენი მიზანი მინიმალური ზღვარის შემოწმებაა და გამოსაშვები გამოცდები  ძალიან დაბალი თამასაა. იგი ამა თუ იმ საგნის ზედმიწევნით ცოდნას კი არა, მინიმალურ კომპეტენციას ამოწმებს. რასაც თავს წარმატებით ართმევს,“ – აცხადებს იგი.

მინდაძე მნიშვნელოვან ცვლილებებს მისაღებ გამოცდებშიც გამორიცხავს. ჩვენთან ინტერვიუში იგი იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რაც ეროვნული გამოცდების შემოღებამ მოიტანა.

„14 წლის წინ, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება გადაწყდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა მიღებული, რომლებიც შესაძლოა ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. პირველ რიგში, უნივერსიტეტების დაფინანსების წესი შეიცვალა – თუკი ადრე უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან პირდაპირ ფინანსდებოდნენ, სახელმწიფომ უმაღლესების გრანტის სახით დაფინანსება გადაწყვიტა. ანუ, წარმატებულ სტუდენტებს მიაქვთ უმაღლესებში გრანტი. ეს  უმაღლესების დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა. ამან ის განაპირობა, რომ  საერთო, ცენტრალიზებული გამოცდის შემოღება აუცილებელი გახდა, რათა გრანტის სტუდენტებს შორის გადანაწილება და ამით ირიბად უმაღლესების დაფინანება შესაძლებელი გამხდარიყო.

„მეორე ცვლილება აკრედიტაციის სისტემის შემოღება იყო, რომლებმაც უნივერსიტეტებს  ადგილების რაოდენობა განუსაზღვრეს. დადგინდა, თუ რომელ უნივერსიტეტს რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლია,“ – ამბობს მინდაძე.

სწორედ ამ ორმა ცვლილებამ განაპირობა, მისი თქმით, მისაღები გამოცდების შექმნა, რომლის მიზანიც სელექციაა – საუკეთესო სტუდენტების შერჩევა. ფიქრობს, რომ მისაღები გამოცდები ამ ამოცანას კარგად ასრულებს, რადგან შესაძლებელს ხდის არსებულ პოპულაციაში – 35 – 40 ათას აბიტურიენტში საუკეთესოები შერაჩიოს, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან.

„კორუფციასთან ბრძოლა ამ ყველაფრის მესამე თანმდევი პუნქტია, რომლის დამარცხებაც ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად ითვლება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი კონტექსტების გათვალისწინება, რომელშიც ეს გამოცდაა. ამიტომ, მგონია, რომ იგი წარმატებულია,“- დასძენს იგი.

სპეციალისტების ნათქვამს,  რომ გამოცდები ვერ ასახავს განათლების სამინისტროს მიზანსა და  12 წლის განმავლობაში მოსწავლის მიერ დაგროვილ გამოცდილებასა და აქტივობას არ ითვალისწინებს, მინდაძე არ ეთანხმება.

ამბობს, რომ სპეციალისტების შენიშვნები აქაც უსაფუძვლოა, რადგან იგი დაზეპირებაზე ორიენტირებული არაა და სწორედ რომ აბიტურიენტის ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარს ამოწმებს.

„მაგალითად ქართულში რამდენად შეუძლიათ უცნობი ტექსტის ანალიზი,  აზრის ჩამოყალიბება და ა.შ. ქართულში დაზეპირება საერთოდ არ არის. ზოგადი უნარებიც ისეთი ტიპის გამოცდა გახლავთ, რომელიც ზომავს რამდენად შეიძინეს გამოცდილება სკოლებში ვერბალურ და მათემატიკურ უნარებში. რამდენად შეუძლიათ ერთმანეთთან სხვადასხვა მოვლენების დაკავშირება, მოცემული ინფორმაციის სიღრმისეულად გაგება, ლოგიკურად მსჯელობა და ა.შ. ფორმულების დაზეპირება არც აქაა საჭირო. ის მინიმალური ფორმულები, რაც გამოცდაზე აბიტურიენტებს შეიძლება დასჭირდეთ,  იქვეა მოცემული. ამიტომ, გულახდილი რომ ვიყო, ამ არგუმენტს ნაკლებად ვეთანხმები,“ – აცხადებს მინდაძე.

ჩვენ კითხვაზე, სამომავლოდ მაინც თუ უნდა ველოდოთ გამოცდებში ცვლილებებს, მინდაძე გვპასუხობს, რომ თუკი სამართლებრივი ჩარჩო შეიცვლება, მაშინ საგამოცდო სისტემაც სხვა სახეს მიიღებს. ამბობს, რომ იგი განათლების სისტემის მხოლოდ ნაწილია და ჯერ სხვა ცვლილებებზე უნდა ვისაუბროთ. თუნდაც უმაღლესების დაფინანასების, აკრედიტაციის წესზე და ა.შ. დასძენს, რომ საგამოცდო სისტემა მხოლოდ  ამის შესაბამისად შეიცვლება.

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

„ნუცას სკოლა“ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა გაგვეზარდა – ატესტატის გაცემის პრინციპი უსამართლოა

„სასწავლო გრანტის გაგრძელებაცა და თანადაფინანსების პროცენტიც ბაკალვრიატის შეფასებებთან უნდა იყოს კავშირში“

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური