GE

გასვლითი გაკვეთილები – განათლების მინისტრის კიდევ ერთი შეჩერებული ინიციატივა?

„ჩვენი მიზანია ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებითა და ბარკლის გაჯიჯგვნით არ შემოიფარგლებოდეს,“ – ეს ცნობილი განცხადება  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯერ კიდევ რვა თვის წინ გააკეთა და აქვე შინაარსზე ორიენტირებული ექსკურსიების ჩატარების ინიციატივაც წამოაყენა, რომელსაც გასვლითი გაკვეთილები დაერქმეოდა.

ინიციატივის ფარგლებში უნდა შედგენილიყო კატალოგი სპეციალური ადგილების ჩამონათვალით, სადაც მასწავლებლებს მოსწავლეების წაყვანა შეეძლებოდათ. აქ ისინი არა მხოლოდ „ბარკალს გაჯიჯგნიდნენ“, არამედ გართობას განათლებას შეუთავსებდნენ და მასპინძელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ მომზადებულ გარემოში შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებოდნენ. პედაგოგები კი ამაში დამატებით ანაზღაურებას მიიღებდნენ.

„ტრადიციული ექსკურსიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვინდა რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა გვქონდეს. შევქმნით მიმღები ორგანიზაციების კატალოგს, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუ ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩაატარებენ  გასვლით გაკვეთილს, მაშინ მასწავლებლებს დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ… ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ პედაგოგებს და გადავიხდით ფულს კონკრეტულად  მასწავლებლის აქტივობაში და არა „ბარკლების“ ნაწილში“,- განაცხადა ჯეჯელავამ.

გეგმის მიხედვით, პროგრამას ახალი სასწავლო წლიდან მასშტაბური სახე უნდა მისცემოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იგი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. განათლების სამინისტროში ვერ გვცემენ პასუხს კითხვაზე – როდიდან ამოქმედდება სიახლე.

“გასვლით გაკვეთილებთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში გასვლითი გაკვეთილები ტარდება, რომელიც ანაზღაურებადია”, – განგვიმარტეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

მოსაზრებას,  რომ ექსკურსია უფრო შემეცნებითი ხასიათის უნდა იყოს, ვიდრე დღესაა, განათლების სფეროს სპეციალისტი სიმონ ჯანაშიაც იზიარებს. ამბობს, რომ  ექსკურსიები არასწორად იგეგმება და მათ საგანმანათლებლო ღირებულება,  უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ.

მისი თქმით, არ ხდება ინტეგრირება პრაქტიკული  ცოდნისა და იმ საკითხების, რასაც სხვადასხვა საგანში ბავშვები სწავლობენ. ეს კი, მოსწავლეებს იმის შესაძლებლობას უკარგავს, რომ ცხოვრებასთან დააკავშირონ თემები, რასაც საგაკვეთილო პროცესზე გადიან.

ერთ-ერთ გამოსავლად იგი მეტი თანხის გამოყოფას მიიჩნევს, რითაც მასწავლებელს ექსკურსიების სხვანაირად დაგეგმვის მოტივაცია გაეზრდებოდა.

„ჩვენთან ძალიან ცოტაა ისეთი ექსკურსია, რომლის დროსაც ბავშვები, მაგალითად, ადგილობრივ თემს ეხმარებიან რაიმეში. ერთი პრობლემა რესურსებია, მეორე კი -ცოდნა. თუ მასწავლებელს ეს არასოდეს გაუკეთებია, შეიძლება გაუჭირდეს. ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, მისცეს გზამკვლევები, თუ სად და როგორ შეიძლება ჩატარდეს ექსკურსია, რა აქტივობები უნდა განხორციელდეს. მაგალითად, როგორ შეიძლება ბუნებისმეტყველებაში ნასწავლი მასალის ექსკურსიის დროს განმტკიცება და ა.შ.“ – აცხადებს სპეციალისტი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლებოდა ეს მასწავლებლების მხრიდან დამატებითი ანაზღაურების მიღების ეფექტური საშუალება გამხდარიყო, ჯანაშია ამბობს, რომ ამას დათვლა სჭირდება. არ გამორიცხავს, რომ ექსკურსიების დაფინანსებაზე მიბმამ უკუეფექტიც კი გამოიწვიოს, რადგან სკოლებს რაოდენობაზე გარკვეული ლიმიტი დაუწესდეთ.

„ჩემთვის უცნობია რა გათვლები ჰქონდა მინისტრს. ზოგადად, სამინისტრო არ აქვეყნებს ხოლმე თავისი ინიციატივების  ხარჯებსა და შეფასების მექანიზმებს. ამიტომ ამაზე მსჯელობა ძნელია,“ – აცხადებს სპეციალისტი.

მისივე თქმით, ამის გამო შესაძლოა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ინიციატივის წამოყენება ხშირად წინ უსწრებს დაგეგმვასა და გაანგარიშებას და მათი აღსრულება სწორედ ამის გამო ჭიანურდება.

ინიციატივას იწონებს მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავაც და ამბობს, რომ ეს ბავშვებისათვის ძალიან კარგი სერვისი იქნებოდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მასწავლებლებიც დაინახავდნენ თუ რას უნდა აკეთებდნენ მაშინ, როდესაც მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავთ.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივა სკოლებში დროულად ამოქმედდება. ამბობს, რომ ამ შესაძლებლობით, როგორც პედაგოგი, აუცილებლად ისარგებლებს და აქამდეც ისარგებლებდა, დანერგვა რომ არ დაგვიანებულიყო.

„რა თქმა უნდა ვისარგებლებდი. მასწავლებლები სკოლაში  სასწავლო პროცესს ვუძღვებით, დამატებით სხვა აქტივობებში ვართ ჩართულები, აქედან გამომდინარე, დაკავებულები ვართ და შეიძლება ექსკურსია ისე ვერ დავგეგმოთ, როგორც საჭიროა. პირველ რიგში მშობლებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ვკითხოთ აქვთ თუ არა სურვილი, მერე თანხა ავაგროვოთ და ა.შ. ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული,“ –  აცხადებს აფხაზავა.

შესაბამისად, თუკი ინიციატივა დაინერგებოდა და იარსებებდა სპეციალური კატალოგი, ჩამონათვალი იმ ადგილებისა, სადაც ბავშვებს შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ, მისი აზრით, ძალიან კარგი გამოსავალი იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ბევრ სირთულესა და უხერხულობას აირიდებდნენ. მშობლები კი ჩამოთვლილი ადგილებიდან თავად გადაწყვეტდნენ სად სურთ ბავშვის წაყვანა.

შემეცნებით ექსკურსიებზე გაცილებით დიდი ცვლილება, რომელიც მინისტრმა ასევე დააანონსა, თუმცა განხორციელება გადაიფიქრეს, სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებას, კერძოდ კი მისი მოპოვების პრინციპს შეეხებოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ გრანტის მოსაპოვებლად მთავარი ეროვნულ გამოცდებში ნაჩვენები შედეგი აღარ იქნებოდა და  აბიტურიენტებს მისთვის  ბრძოლა ყოველ წელს თავიდან მოუწევდათ. ცვლილებების ამოქმედებას იგი 2017 წლიდანვე გეგმავდა. თუმცა მაისში მან განმარტა, რომ ცვლილების განხორციელება გადაიდო. ცოტა ხნის წინ კი დააზუსტა, რომ მისი ეს ინიციატივა საერთოდ აღარ განხორციელდება.

„აღნიშნული ცვლილება იყო ჩემი მოსაზრება, თუმცა ჩვენ ეს გადავიფიქრეთ და ამ მიმართულებით ცვლილებები აღარ შევა. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან ბევრ ცვლილებებს კანონში თუმცა გრანტთან დაკავშირებით უშუალოდ ეს ცვლილება აღარ განხორციელდება“, -განაცხადა მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად ჟურნალისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე.

„სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური