GE

მშობლები: „განათლების სამინისტრო არ გრძნობს პასუხისმგებლობას საატესტატოზე ჩაჭირილი ბავშვების წინაშე?“

მანამ, სანამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა რაოდენობას საგულდაგულოდ მალავს, ჩაჭრილი მოსწავლეების მშობლები ფაქტთან შეგუებას და მომდევნო წლისათვის შვილების რეპეტიტორებთან კვლავ მომზადებისათვის საჭირო სახსრების მოძიებას ცდილობენ.

ამბობენ, რომ მორალურის გარდა, ეს ყველაფერი მათთვის და მათი ოჯახებისათვის უდიდესი ფინანსური დარტყმაა. რომ აღარაფერი ვთქვათ გაცდენილ ერთ წელზე. ისინი განსაკუთრებით იმ ფაქტით არიან აღშფოთებულები, რომ გამოცდაზე წარჩინებულად მიჩნეული მოსწავლეები ჩაიჭრნენ, ისეთები, ვინც რეპეტიტორებთანაც მეცადინეობდნენ, ხოლო ისეთებმა კი, რომლებიც “კლასიდან კლასში ხათრით გადაჰყავდათ”, ატესტატი მოიპოვეს.

თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ ისეთი ბავშვებისათვის, ვისაც ბარიერის გადასალახად მინიმალური ქულა დააკლდათ, განმეორებითი გამოცდა უნდა დანიშნულიყო.

ჩვენი  რესპონდენტი ქალბატონი ნანას გოგონა ერთერთი მთგანია, ვისაც მიზნის მისაღწევად სულ რაღაც 0.5 ქულა დააკლდა. როგორც გაირკვა, გოგონას ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ არ მოგვცა უფლება დაგვეწერა მისი სახელი და გვარი, სკოლის ნომერი, ან რაიმე ისეთი, რაც პირის იდენტიფიცირებას შესაძლებელს გახდიდა. “სიცოცხლე აღარ უხარია” – ასე აღწერა ქალბატნმა ნანამ შვილის ემოციური მდგომარეობა.

“ჩემ შვილს მე-10 კლასიდან ვამზადებდი უცხო ენაში. დანარჩენ საგნებში მე-11-დან. ბეჯითი იყო და რაც შეეძლო აკეთებდა. ბოლო 2 წელი მართლაც ძალიან მოინდომა. რეპეტიტორებიც მეუბნებოდნენ, რომ ყოველთვის მომზადებული მიდიოდა, რომ ძალიან ცდილობდა და მოკლედ იმედს მაძლევდნენ. ინგლისურის მასწავლებელი განსაკუთრებით და ნამდვილად არ ველოდი თუ ინგლისურში ჩაიჭრებოდა. ძალიან ცოტა დააკლდა – 0,5 ქულა. როგორც მითხრა, ძალიან ნერვულობდა. ეს ბუნებრივიცაა. ამბობდა, იმდენად განვიცდიდი თითოეულ კითხვას რამდენჯერმე ვკითხულობდი შინაარსი რომ გამეგოო. ემოციური ბავშვია და არ გამკვირვებია.

“ინგლისურის გამოცდიდან განადგურებული გამოვიდა. ფაქტიურად მას მერე დეპრესია აქვს. მისთვის ძალიან დამრთგუნველი იყო ის, რომ მისი კლასელები ზეიმობდნენ, მომავლის გეგმებს აწყობდნენ, ამისთვის კი თითქოს ყველაფერი დასრულდა.

“რა თქმა უნდა, მეც ძალიან განვიცადე, მაგრამ რომ ვატყობდი მარიამი რა დღეში იყო, იქით ვამშვიდებდი. ჩვენს საზოგადოებაში ასეთი რამ მართლაც ტრაგედიის ტოლფასია. ნათესავები და მეოზობლები სულ ინტერესდებიან ასეთი თემებით, მერე განიხილავენ და ეს, რა თქმა უნდა, გულსატკენია. არ გამოვრიცხავ ასეთ დროს ადამიანმა ცხოვრებისეული ტრავმა მიიღოს და ისე დაკომპლექსდეს, რომ ამან მთელ მის კარიერაზე იქონიოს გავლენა. განსაკუთრებით მოზარდობისას.

“ვამშვიდებ, ვეუბნები, რომ სხვაც ბევრი ჩაიჭრა, მაგრამ არაფერი შველის. ამბობს იქით წელს აღარ გავალ გამოცდებზეო. სიმართლე რომ გითხრათ, არც ვიცი რამდენად მექნება იმის საშუალება, რომ წელსაც მოვამზადო. მოგეხსენებათ რეპეტიტორებთან სიარული რამხელა ხარჯთანაა დაკავშირებული. მართალია, მარტო ინგლისურში ჩაჭრა, მაგრამ მაინც ყველა საგანში უნდა ვამეცადინო, რადგან ეროვნულ გამოცდებზე მომზადებული გავიდეს. ასე რომ, ჩვენს ოჯახში მარიამის სწავლის გაგრძელების საკითხი ჯერ ნამდვილად არ გადაგვიწყვეტია. მე უმუშევარი ვარ და ჩემი მეუღლის ხელფასი რამდენს გაწვდება, არ ვიცი. თავადაც ძალიან დაკარგა სურვილი და ჩვენც გაგვიჭირდება უსახსრობის გამო.”

ჩვენი შემდგომი რესპონდენტი, ქალბატონი ცირა ზესტაფონიდანაა. მისმა შვილმ ზესტაფონის ერთერთი სკოლა დაამთავრა. გიორგი მათემატიკაში ჩაიჭრა – 4.49 ქულა აიღო. ანუ, ბარიერის გადასალახად მასაც მინიმუმი დააკლდა.

მისი გამოცდებზე გასვლის საკითხიც იგივე მიზეზის გამოა გაურკვეველი – ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ გიორგი მასწავლებლებთან კიდევ ერთი წელი ატაროს.

„ოთხი შვილი მყავს და რაიონში იმდენის შოვნა, რომ ასეთ მრავალრიცხოვან ოჯახს მოუარო, ადვილი ნამდვილად არაა. გიორგის ბოლო წელი ყველა საგანში ვამზადებდით – მათემატიკაში, უნარ-ჩვევებში, ქართულში, ინგლისურში. დამიჯერეთ, ამისათვის მთელი ოჯახი უამრავ რამეს ვიკლებდით, თვიდან–თვემდე მასწავლებლებისათვის მისაცემ ფულს ვაკოწიწებდით. წარმოდგენაც კი არ გვაქვს როგორ უნდა შევძლოთ ეს მომდევნო წელსაც.

“ვფიქრობ, განათლების სამინისტროს განმეორებითი გამოცდა რომ დაეშვა, ეს ბევრ ჩემნაირ მშობელს მოუგვარებდა პრობლემას. ვერ ვიგებ, რატომ არ შეიძლება ბავშვებს მეორე შანსი ეძლეოდეთ? ხომ შეიძლება პირველ გამოცდაზე დაიბნეს ადამიანი, მექანიკური შეცდომები დაუშვას. მეორეზე უფრო ყურადღებით იქნებოდა და უფრო გაცნობიერებულიც. თუ მეორედაც ჩაიჭრებოდა, ვინღა ამოიღებდა ხმას? სამინისტროს ნამდვილად უნდა გაეთვალისწინებინა ჩვენისთანა გაჭირვებული ხალხის მდგომარეობა და უნდა გაეგო, რომ არ გვაქვს საშუალება ერთ საგანში ჩაჭრის გამო კიდევ მთელი წელი ყველა საგანში მოვამზადოთ შვილი.

“ბავშვისთვისაც გვიანდება. გიო 19 წლის გახდა, უკვე ჯარიც უწევს. ამით მხოლოდ იმას მიაღწევენ, რომ ბავშვები მეორე წელს გამოცდებზე ვეღარ გავლენ და გაუნათლებელი თაობა წამოვა, რადგან ატესტატიც კი არ ექნებათ.”

შვილის ჩაჭრაზე პასუხისმგებლობას დიდწილად განათლების ამინისტროს აკისრებს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი ლალი ძამაშვილი. მისმა ვაჟმა თბილისში, გლდანის ერთერთი სკოლა დაასრულა. ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა უცხო ენის გარდა.

ქალბატონი ლალი ყვება, რომ მისი შვილის სკოლაში გაკვეთილები თითქმის არასდროს ტარდებოდა. ამბობს, რომ ეს ბევრჯერ გააპროტესტა, თუმცა ამაოდ. მისი თქმით, სხვა მშობლები მის პროტესტს არ შეუერთდნენ, რადგან შვილები რეპეტიტორებთან დაჰყავდათ და სკოლაში არსებული სიტუაცია ნაკლებად აღელვებდათ.

თავად კი, როგორც ამბობს, ამის საშუალება არ ჰქონდა. მისი თქმით, სკოლა ბავშვებს ისეთ ცოდნას უნდა აძლევდნენ, რასაც გამოსაშვებ გამოცდებზე ტესტებში ითხოვდნენ და ამისათვის დამატებით მასწავლებლებთან სიარული არ უნდა იყოს საჭირო.

„რომ გაიძახიან ესწავლათ და არ ჩაიჭრებოდნენ, თავიანთ თავს დააბრალონო, სკოლებში რა ხდება იციან? სკოლა კი არა “ბარდაგია”!  მე-8, მე- 9 კლასიდან გაკვეთილები არ ტარდება! მასწავლებლები კლასში ან საერთოდ არ შედიან, ან შედიან და არაფერს აკეთებენ! ჩემი შვილის კლასში ნამდვილად ასე იყო! ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და ასეთი საგნები საერთოდ არ უტარდებოდათ. ბავშვი მეუბნებოდა, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე პლანშეტში ფილმებს უყურებსო. ამათაც მეტი რა უნდოდათ?

“ამაზე ხომ უნდა აიღოს ვინმემ პასუხისმგებლობა? განათლების სამინისტრო არ გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას ამ ჩაჭრილი ბავშვების წინაშე? ჯერ სათანადოდ მიაწოდე ბავშვს ცოდნა და მერე მოთხოვე,” – აცხადებს ქალბატონი ლალი.

„ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ განათლების ხარისხი გაიზარდა, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია“

განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური