GE

რას ფიქრობენ და რა პრეტენზიები აქვთ მშობლებს სკოლის ინტერნეტდავალებებთან დაკავშირებით

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას სკოლებში? – ამ საკითხზე მსოფლიოში მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თანამედროვე მეცნიერულ ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე, პროცესი გარდაუვალია. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, რეფორმის ფარგლებში აანონსებენ, რომ რამდენიმე წელიწადში ქვეყნის სკოლები თანამედროვე ციფრული ტექნიკით იქნება აღჭურვილი და სასწავლო პროცესში მისი აქტიურად გამოყენება დაიწყება.

ინტერნეტს და კომპიუტერულ პროგრამებს სასკოლო ცხოვრებაში დღესაც ყოველდღიურ რეჟიმში იყენებენ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებში არის სპეციალური დავალებები, რომელიც მოზარდს ურჩევს რიგ საკითხებზე ინფორმაცია ინტერნეტით მოიძიოს. გარდა ამისა, თავად მასწავლებლებიც სხვადახვა თემაზე, დამატებითი მასალის მიღების მიზნით, ბავშვებს ინტერნეტის გამოყენებას ურჩევენ.

თანამედროვე სამყაროში პრობლემაა ინტრნეტდამოკიდებულებაც, მოზარდები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ციფრულ ტექნიკასთან, აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ მშობლების ნაწილი სულაც არაა აღფრთოვანებული სასკოლო დავალებებით, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ითვალისწინებს.

„ინტერნეტებს რომ „გვტენიან“ ხომ შეიძლება ბავშვებს დაავალონ წიგნები წაიკითხეთო? მაღიზიანებს ეს ინტერნეტ მოძიება ძალიან, ყველამ ამოვიღოთ ხმა, არ გვინდა ინტერნეტი, არაააა! წააკითხონ ისტორია სხვადასხვა წიგნებში, ქართული, ინგლისურიც, ხელოვნებაც“, – ეს ერთ-ერთი მშობლის მე-6 კლასელი მარიამის დედის სიტყვებია, რომელიც იმის გამო, რომ ბავშვები ინტერნეტდამოკიდებულებას იჩენენ, სკოლებში ციფრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას არ ეთანხმება და აპირებს ამ თხოვნით სკოლასაც მიმართოს.

„ჩვენ თუ არ ვიყენებდით ინტერნეტს და წიგნებში ვიყავით ცუდი განათლება გვაქვს მიღებული?! – ეს კი მე-6 კლასელი ნიკას დედის განცხადებაა.

მათგან განსხვავებით, მშობლების უფრო დიდი ნაწილი, სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი არაა, თუმცა ფიქრობენ, რომ ზომიერება ყველაფერში უნდა იყოს დაცული.

„მოკლედ, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ტექნოლოგიები ზომიერად, რა თქმა უნდა, საჭიროა და აუცილებელიც, მაგრამ მე არასდროს არ ვაძლევ ჩემ შვილს უფლებას, წიგნს აუაროს გვერდი ინტერნეტის ხარჯზე, ჯერ რაც მაქვს სახლში მასალა იქ ვაკითხებ და შემდეგ დამატებით ინტერნეტში – ამბობს 12 წლის ნინის დედა თამუნა ცხადაძე.

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე რეალობაში არაფერი არ ხდება, მე ვფიქრობ უფრო მეტი დოზით უნდა იყენებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ბავშვებს ისედაც მიდრეკილება აქვთ ციფრული ტექნიკის მიმართ და განათლებისთვის თუ გამოიყენებენ უკეთესია. თითქმის ყოველდღე აქვს სახვადასხვა საგანში ჩემს ბიჭს მოსაძიებელი დამატებითი ინფორმაცია, ცუდი რატომაა? ინტერნეტში მუშაობას სწავლობს, მაგრამ უფრო მეტი რესურსი რომ ჰქონდეთ, უკეთესი იქნებოდა. მაგალითად, კომპიუტერული ტესტები და დავალებები რომ იყოს სასკლო საგნებში უფრო ხალისით გააკეთებდნენ ბავშვები და ქაღალდიც დაიზოგებოდა. აქამდე რომ მივიდეს სისტემა, ალბათ, ჯერ ბევრი დრო დასჭირდება, მე წინააღმდეგი არ ვარ“, – ამბობს თეა გოგსაძე.

„ძალიან ხშირად აქვს მოსაძიებელი ინტერნეტით, ხან რომელ საგანში, ხან რომელში, კარგია. ადრე ბიბლიოთეკაში დავრბოდით დამატებით ინფორმაციის მისაღებად და ახლა გაგვიადვილა ეს პროცესი ახალმა ტექნოლოგიებმა, იმდენ რამეს იგებენ და რაც მთავარია – მოკლე დროში. მაგალითად, ერთ ინფორმაციაზე თუ რამეა, საძიებო სისტემა ერთად გიგდებს ყველაფერს და ძებნა აღარ გჭირდება, ამაში რა არის ცუდი?!“ – აცხადებს მე-5 კლასელი გიგის მშობელი თამარ ვაჩიბერაძე.

„ტექნოლოგიებს კი იყენებენ და საკმაოდ ხშირად, სულ აქვს რაღაც ინტერნეტში მოსაძიებელი, გასაკეთებელი, დასაწერი და ა. შ. პრეზენტაციებიც pover point-ში აქვს ხოლმე ქართული, ინგლისური, ბუნება, ისტორია. ისტი თავისთავად, კარგი მასწავლებელი ჰყავს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და ბავშვი უკვე ძალიან კარგად ფლობს ტექნოლოგიებს. ცუდი არაა, ისეთი უნარები აქვს განვითარებული და ისე კარგად ფლობს კომპიუტერს და გარკვეულ პროგრამებს, რომ ბევრჯერ მიფიქრია – ალბათ, ბევრი ოფისი ისურვებდა ასეთ კადრს მეთქი. ტექნოლოგიების ეპოქაში ეს არამგონია ცუდი იყოს. ცუდი ისაა, რომ პედაგოგები ხშირად რაღაცებს თავს არიდებენ და ბავშვებს აკეთებინებენ საქმეს. ზოგჯერ ისეთი დავალება ჰქონდა, ბევრი იწვალა. დასრულების შემდეგ გადახედა მასწავლებელმა და მერე აუხსნა ასე სჯობდა გაგეკეთებინაო. ხშირად სცოდავენ მასწავლებლები და სიზარმაცესაც აქვს ადგილი“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი ნონა შენგელია.

მოზარდები კი ამბობენ, რომ მათთვის ინტერნეტის საშუალებით მოძიებული დავალების გაკეთება მარტივი და სახალისოა.

„ჩემთვის ძალიან მარტივია ინტერნეტდავალების შესრულება, ყველაფერს საძიებო სისტემა გიგდებს და მხოლოდ გადაწერა მრჩება. შემდეგ ამ დავალებებს გაკვეთილზე ვკითხულობთ და კარგია, საინტერესოა“, – გვითხრა 11 წლის მარიამმა.

„ამ ბოლო დროს, ბუნება გვავალებს ბევრ მოსაძიებელს ცხოველებზე და რაც უფრო ბევრ მოსაძიებელს გვაძლევს, უფრო მეტ საინტერესო ფაქტს ვიგებ. პირველად მოვიძიე მგლებზე ცნობები და ბევრი რამ გავიგე: თუ როგორი თანმიმდევრობით დადიან, როგორ მოიპოვებენ საკვებს… ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ თურმე  ვიკინგები მათი მებრძოლი სულის გასაღვიძებლად სვამდნენ მგლის სისხლს. ასევე გველებზე მოვიძიე ინფორმაცია და მათზეც უფრო ბევრი რამ გავიგე”, – ამბობს მე-7კლასელი ნინო ხინჩაგაშვილი ჩვენთან საუბარში.

ამავე თემაზე:

ინოვაციები განათლების სფეროში: რა მუშაობს, რა არა და რაშია გამოსავალი?

როგორ გაიმიჯნება სკოლებში ინტერნეტით სწავლა და გართობა? – რას ფიქრობს სამინისტრო, ფსიქოლოგი და პედაგოგი

„მოსიარულე ლაბორატორია“ და „სთრიმინგ გაკვეთილები“ – რა ინოვაციებს გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური