GE

როდიდან მიიღებენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ დანამატს – თანხის ოდენობები

განათლების მინისტრის ბრძანება წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატის შესახებ მეორე სემესტრის დაწყებისთანავე ამოქმედდება. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სრული დატვირთვის შემთხვევაში წამყვანი მასწავლებლის სახელფასო დანამატი 700 ლარი იქნება, ხოლო მენტორი მასწავლებლის 1000 ლარი.

აღნიშნულ ცვლილებამდე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში 500 ლარი იყო, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის – 700 ლარი.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სახელფასო დანამატის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2017 წლის დეკემბერში გააკეთა. მისივე თქმით, სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს ეზრდება.

სკოლებში დღეისათვის 63 604 პედაგოგი მოღვაწეობს, რომელთაგან პრაქტიკოსი მასწავლებლის რაოდენობა 44 570-ია, უფროსი მასწავლებლის – 18 809. მინისტრის განცხადებამ უკმაყოფილება სწორედ ამ კატეგორიაში მყოფ მასწავლებლებში გამოიწვია. მათი თქმით, ეს არასამართლიანი გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-სთან განათლების სამინისტროში განაცხადეს, დანამატებთან დაკავშირებით მინისტრის გადაწყვეტილება მიზნად პრაქტიკოს და უფროს პედაგოგებში მოტივაციის ამაღლებას ისახავს. მათი თქმით, ეს ცვლილება დანარჩენ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების სურვილს გაუჩენს.

პედაგოგების ანაზღაურების სისტემა შესაძლოა შეიცვალოს – როგორია მინისტრის ხედვა

„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“

„4 წელიწადში ჩვენ მასწავლებელს ვერ მოვამზადებთ, რატომღაც ამ სირთულეზე არავინ საუბრობს“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური