GE

როდის უნდა ელოდონ ხელფასების მატებას სკოლის ექიმები და პედაგოგის სტატუსს ბაღის აღმზრდელები – ფინანსთა მინისტრის განმარტება

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დღეს დაამტკიცებს. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია დეპუტატებს უკვე წარუდგინა და პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

ახალი ბიუჯეტით საჯარო სექტორის თანამშრომელთა დაგეგმილი სახელფასო ზრდის საკითხის კონტექსტში დაისვა კითხვები როგორც სკოლის ექიმების, ისე საბავშვო ბაღების აღმზრდელთათვის სამომავლო სახელფასო მატების თაობაზე.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო, სკოლებში და საბავშვო ბაღებში, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მასწავლებლებისა და აღმზრდელების ღირსეული ანაზღაურების პროცესს, მაგრამ არის აღმზრდელთა სტატუსის საკითხიც, რომლებსაც პედაგოგის სტატუსი უნდა ჰქონდეთ.

“სკოლებში და საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვნად ხელს ვუწყობთ მასწავლებლების და აღმზრდელების ღირსეული ანაზღაურების პროცესს, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ, რა თქმა უნდა, მასწავლებლებლების ხელფასების ზრდა დამატებით განხორციელდა, თუმცა, აღმზრდელებთან მიმართებაში ასეთი მასშტაბური, მთელი ქვეყნის მასშტაბით ზრდა ნამდვილად პირველად ხორციელდება (აღმზრდელების ხელფასი 2022 წლიდან 100 ლარით გაიზრდება ავტ.), და ჩვენ გვქონდა საუბარი მომავალში აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭებაზე, მათთვის პედაგოგის შესაბამისი, ღირსეული ანაზღაურების მიცემაზე მომავალში, რაც აუცილებლად დასაგეგმი და განსახორციელებელი იქნება”, – განაცხადა თავის გამოსვლაში განათლების კომიტეტის წევრმა.

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ ამ მიმართულებით მუშაობისთვის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს.

“რაც შეეხება მასწავლებლების ხელფასების ზრდასთან ერთად აღმზრდელებისთვის სტატუსის მინიჭებას, ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა, ეს არ მოიცავს მხოლოდ ხელფასებს. მნიშვნელოვანია ხარისხობრივი კომპონენტი და ყველა ის კომპონენტი რომლის დაკმაყოფილებაც უწევს მასწავლებელს ამ შემთხვევაში და შესაბამისად, ყველა ეს კომპონენტი რეფორმის ნაწილში უნდა იყოს სახეზე, რომ შემდეგ ვისაუბროთ ხელფასების ნაწილზეც, თუ როგორ უნდა მიყვეს ამ რეფორმას შესაბამისი ხელფასების უზრუნველყოფა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გიდასტურებთ ჩვენს მზაობას ამ მიმართულებით; ალბათ, მზაობა სახეზეც არის, რადგან ყოველწლიურად, გარკვეულწილად ვცდილობთ, ამ მიმართულებით ხელფასების მოწესრიგებას, რომ შევამციროთ არსებული დისბალანსი”, – განმარტა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც პარლამენტი ფინანსთა სამინისტროს ფორმულას დაამტკიცებს ხელფასების ინდექსაციაზე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გვექნება.

კიდევ ერთ კითხვას, რომელიც სკოლაში ექიმის კაბინეტის შეტანის შემდეგ ექიმების სახელფასო წინსვლას ეხებოდა ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა:

“სკოლაში ექიმების ხელფასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება ხელფასის პირველადი დონის გასწორება (გულისხმობს საჯარო სექტორის თანამშრომელთა ყოველწლიურ სახელფასო ზრდის ფორმულის შემუშავებას ავტ.), ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც ვამბობთ, რომ სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს უნდა ჰქონდეს ყოველწლიურად ანაზღაურების ზრდა, ასევე უნდა გავრცელდეს ეს სკოლებში ექიმებთან მიმართებაში. ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ტარდება ამ მიმართულებით და მას აქვს სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან”.

ამავე თემაზე:

„სკოლის ექიმის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატება“

დიდ სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა, რეგიონებში კი, სკოლის მოსწავლეებს სოფლის ამბულატორია მოემსახურება – ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური