როგორ ემზადებიან სკოლები სწავლის საკლასო ოთახებში გასაახლებლად და მიიღეს თუ არა განახლებული პროტოკოლი დირექტორებმა?
4 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში ზარი კვლავ დაირეკება და სწავლა ონლაინ რეჟიმიდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 სექტემბერს მიიღო. შესაბამისად, სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ემზადებიან სკოლები გახსნისთვის, მიიღეს თუ არა განახლებული პროტოკოლი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან და მოასწრებენ თუ არა სასკოლო სივრცის მომზადებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გადატანისთვის.
როგორც სკოლის ხელმძღვანელებისგან გავარკვიეთ, დაგეგმილი აქვთ პერსონალის ტესტირება და სკოლის შენობის დეზინფექცია. დირექტორის ნაწილი ამბობს, რომ სამინისტროსგან განახლებული პროტოკოლი მიიღეს, თუმცა ჩვენთან ვერ წარმოადგენენ.
„სკოლა სწავლის შენობაში გასაახლებლად ემზადება. სასწავლო პროცესისთვის მზადება ახლაც მიმდინარეობს, ჩანიშნულია სავალდებულო ტესტირება. გარდა ამისა, მოსაწესრიგებელი სამუშაოებიც ტარდება და მზადყოფნაში ვართ, ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. რაც შეეხება დეზინფექციას, მისი ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს, ჩვენთან საარჩევნო უბნებია გახსნილი და როგორცკი არჩევნების პროცესი დასრულდება, მეორე დღესვე დაგეგმილი გვაქვს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, სიახლეები არის შემუშავებული და მიღებული, გავეცნობი დეტალურად და ამის შემდეგ ახალ მიდგომებსაც გავითვალისწინებთ. ჩვენი სკოლა არის პანსიონური ტიპის და ორმაგად ყურადღებით ვართ. უპირატესია ბავშვების და პერსონალის ჯანმრთელობა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს თბილისის N203 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მეტრეველმა.
თბილისის N161 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში დეზინფექცია ჯერ ვერ ტარდება, განახლებული რეკომენდაციებს კი, თავად ვერ გაასაჯაროებს.
„სკოლის შენობას ვალაგებთ, სამწუხაროდ დეზინფექციას ჯერ ვერ ვატარებთ, კვირას უნდა გავაკეთოთ დეზინფექცია, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება. ამ მხრივ საკმაო სიძნელეები გვაქვს. სამინისტროსგან განახლებული პროტოკოლი მივიღეთ, პრაქტიკულად იგივე რეგულაციებია, რაც შარშან იყო. რამდენიმე დამატება აქვს, რომ ყველა ბავშვმა პირბადით უნდა იაროს. დოკუმენტს ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ, ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენთან მთლიანი პერსონალის ორჯერადად აცრის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ია“, – აცხადებს მიხეილ მინდაძე.
ახალი პროტოკოლის მიღებას გვიდასტურებს თბილისის N96 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი.
„თათბირიც ჩაგვიტარდა, რეკომენდაციაც მიღებული გვაქვს და პრაქტიკულად მზად ვართ. სკოლაში დეზინფექცია 3 ოქტომბერს ჩატარდება, ჩვენ კომპანიას დავუკვეთეთ სადეზინფექციო სამუშაოები და უფრო დაცულები ვიქნებით“, – გვითხრა თბილისის N96 საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა სუსანა შოშიაშვილმა.
ახალი რეკომენდაციები ჯერ არ მიუღიათ N207 საჯარო სკოლაში. როგორც დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, განახლებული პროტოკოლის გარეშე, წინა წლის გამოცდილების მიხედვით ემზადებიან.
„ჯერჯერობით ახალი პროტოკოლი არ მიგვიღია, არაფერია შეცვლილი. ვემზადებით, დეზინფექციით, მოსაცდელი სივრცეების მოწყობით, სადეზინფექციო და საწმენდი საშუალებები მომარაგებულია. წინა წლის გამოცდილება გვაქვს და სკოლა მზად არის მოსწავლეების მისაღებად. პარასკევს თანამშრომლების ტესტირება არის დაგეგმილი და ეს პროცესი მერე გრაფიკით გაგრძელდება. ჩვენი სკოლის მასწავლებელთა 72% აცრილია, ხოლო მთლიანი პერსონალის 69% ვაქცინებული და მზად ვართ სწავლის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა N207 სკოლის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განახლებულ რეკომენდაციებზე კომენტარი არ გააკეთეს და გვითხრეს, რომ ინფორმაციას თავად უწყება გაავრცელებს.
28 სექტემბერს, სასწავლო პროცესის დასწრებით რეჟიმში გადატანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გარდა, ცნობილი გახდა, რომ პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება. მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის უფლებაც რჩებათ და გაგრძელდება სკოლის პერსონალის სავალდებულო კოვიდტესტირებაც.
ასევე იხილეთ:
განაახლებენ თუ არა უნივერსიტეტები სწავლას დასწრებულ რეჟიმში და როდის? (ინფორმაცია ახლდება)
- საკლასო „ომების“ მოგვარება, ანუ დისციპლინის კარგი მეთოდები by განათლებული ბლოგი
- როცა სასამართლო ბავშვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს – მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგისთვის by განათლებული ბლოგი
- კითხვის დასმის ტექნიკები სასწავლო პროცესში – რა ტიპის კითხვები როგორ ეხმარება მოსწავლეს by განათლებული ბლოგი