GE

რომელ უნივერსიტეტებში და როდიდან განხორციელდება წელს მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა

2019 წლის მასწავლებლის გამოცდების შედეგები ცნობილია, დასრულდა აპელაციის პროცესიც. მასწავლებლის 60-კრედიტიან მოსამზადებელ პროგრამაზე მიღების ვადები კი ჯერჯერობით ცნობილი არაა. ასევე უცნობია, თუ რამდენი კვოტაა გამოყოფილი სასწავლებლებში. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაწესებულებები ანკეტა-კითხვარებს წარადგენენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  და დადასტურების პროცესის დასრულდება.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2019 წლის 23 აგვისტოს N1.1/108 ბრძანებით, დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ანკეტა-კითხვარების წარმოდგენის ვადები.

აღნიშნული ვადა განისაზღვრა 2019 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულის შემდგომ მართვის სისტემა ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის სისწორეს ამოწმებს შვიდი სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, რომელი დაწესებულების მიერ განხორციელდება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გამოცხადების მიღება, რა მოდულებს გააერთიანებს აღნიშნული პროგრამები, რა იქნება მისაღები ადგილების რაოდენობა და ამ პროგრამებზე ჩარიცხული რამდენი პირი დაფინანსდება, ცნობილი გახდება დაწესებულებების მიერ ანკეტა-კითხვარების წარმოდგენისა და დადასტურების პროცესის დასრულების შემდგომ.

ამასთან, წარმოდგენილი ანკეტა-კითხვარების დადასტურების შემდგომ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მიღების გამოცხადების მიზნით, აპლიკანტებისთვის რეგისტრაციის თარიღებს, ადგენენ შესაბამის გამოცდებს და უზრუნველყოფენ მსურველთა ჩარიცხვას მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე.

,,რაც შეეხება 2019-2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთავრობის მიერ კონკრეტული ოდენობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კვოტების დამტკიცების პროცესი“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.

როგორც ცნობილია, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველს საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება წარმოადგენს.

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისათვის შესაბამისი მოთხოვნები და მიღების წინაპირობები დადგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებით. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

განათლების სამინისტროს ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას წელს ახორციელებენ შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
შპს – ევროპის უნივერსიტეტი
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ასევე იხილეთ: 

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

სკოლაში მუშაობის დაწყების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულო გახდა

მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა – დეტალები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური