GE

უნდა აფასებდეს თუ არა მასწავლებელი კომპლექსურ დავალებას ქულით – სამინისტროს პოზიცია

წლის ბოლოს, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა საგანში კომპლექსური დავალებების შესრულება და მათი შედეგების ასახვა, როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველებისგან მიღებული კითხვებიდანაც ჩანს, ყველაზე დიდ დროს მოითხოვს.

უნდა აფასებდეს თუ არა მასწავლებელი კომპლექსურ დავალებას ქულით და როგორია სამინისტროს პოზიცია – ამ საკითხს ეხმაურება ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფი და 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში განმარტავს, რომ ნიშნით უნდა შეფასდეს არა კომპლექსური დავალება (როგორც პროდუქტი), არამედ იმ საკითხის ცოდნა, რომელსაც კომპლექსური დავალება შეეხება.

ჯგუფის ექსპერტის განცხადებით, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებმა მიიღეს რეკომენდაცია – კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში განმსაზღვრელი (ნიშნიანი) შეფასების გამოყენების შესაზლებლობაზე, თუმცა, რეფორმის მიმდინარე ეტაპზე ეს არ არის სასურველი.

“საქმე ისაა, რომ კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი სიახლეა საგანმანათლებლო სისტემისთვის. ამ ეტაპზე სასკოლო საზოგადოების წევრები მხოლოდ ეჩვევიან ამ ტიპის პრაქტიკას. გამომდინარე აქედან, ხშირია გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ კომპლექსური დავალების რა ელემენტებს უნდა მიექცეს ყურადღება შეფასების პროცესში.

ნიშნით უნდა შეფასდეს არა კომპლექსური დავალება (როგორც პროდუქტი), არამედ იმ საკითხის ცოდნა, რომელსაც კომპლექსური დავალება შეეხება”, – ვკითხულობთ მოსწავლეთა მშობლებისთვის განკუთვნილ წერილში.

რეფორმების ჯგუფი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნებისმიერი კომპლექსური დავალება ეძღვნება ერთ ძირითად საკითხს. ნიშნის დაწერისას შეფასების საგანია სამი ასპექტი:

1. რამდენად აქვს მოსწავლეს ფაქტობრივი ცოდნა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით;

2. რამდენად აკეთებს საჭირო განზოგადოებებს;

3. რამდენად უკავშირებს საგნობრივ საკითხს რეალურ ცხოვრებას.

კომპლექსური დავალება, უბრალოდ, პედაგოგიკური ინსტურმენტია, რომელიც ამ კომპონენტების ურთიერთდაკავშირებულად დანახვის შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს.

ასევე იხილეთ:

„თუ მასწავლებელს ეს გამორჩება, მშობელმა უნდა აცნობოს აუცილებლად“ – კომპლექსური დავალების გასათვალისწინებელი საკითხი

რატომ ურთულდებათ კომპლექსური დავალება მოსწავლეებსა და მშობლებს? – „მასწავლებელი ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური