GE

ვინ ასწავლის რელიგიების ისტორიას და როდის შევა საგანი სკოლებში – დეტალები

რელიგიების ისტორიის არჩევით საგნად სკოლებში შეტანის სკითხს საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ. ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის. როგორც მან განაცხადა, საგანი სკოლებში აუცილებლად უნდა შევიდეს, თუმცა ის ამავდროულად არჩევითი უნდა იყოს.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის მიზნით საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სპეციალური სახელმძღვანელო. შეხვედრას განათლების სამინისტროს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დადგა საკითხი, რომ სასულიერო პირების გადამზადება მოხდეს და სწორედ მათ ჩაატარონ სკოლებში რელიგიის გაკვეთილები, თუმცა განათლების სამინისტროს და პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორია, ვინ უნდა ასწავლოს და როგორ – აღნიშნულ კითხვებზე EDU.ARIS.GE–სთან განათლების სექტორის წარმომადგენლებმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს.

ვინ უნდა ასწავლოს რელიგიების ისტორიის საგანი?

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდმარე მარიამ ჯაში და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა მიიჩენევენ, რომ რელიგიების ისტორია ჰუმანიტარული მეცნიერების პედაგოგებმა უნდა ასწავლონ, მას შემდეგ, რაც ისინი სპეციალური გადამზადების გაივლიან ამ საგანთან დაკავშირებით.

მარიამ ჯაში: „ბუნებრივია, სკოლაში სწავლების პროცესში უნდა იყოს ჩართული შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი. როცა საქმე არის რელიგიების ისტორიის სწავლება, ყველაზე მართებულია, ჰუმანიტრული დისციპლინების პედაგოგებმა შეითავსონ აღნიშნული საგნის სწავლება შესაბამისი ტრენინგის შემდგომ.

„პედაგოგების გადამზადება შესაძლებელია მასწავლებელთა სახლში, სადაც პედაგოგთა გადამზადების სისტემაა აგებული ძალიან კარგად. მას შემდეგ, რაც სახელმძღვანელო შემუშავდება, დაიგეგმება პედაგოგების სასწავლო პროგრამა, სკოლების მასშტაბით პედაგოგების შერჩევა და ეს არის ადმინისტრაციულად მარტივად გასამართი სისტემა“.

სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენელთა აქტიურ ჩართულობაზე საუბრობს მარიამ ჩიქობავაც.

„რელიგიების ისტორიის საგანის სწავლებისთვის უნდა გადამზადდნენ ჰუმანიტარული მეცნიერების პედაგოგები. არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სკოლაში შედის ის პირი, რომელსაც მასწავლებლობის უფლება აქვს. სავარაუდოდ, ისიც შესაძლებელია, თეოლოგიის კურსდამთავრებულმა ასწავლოს ეს საგანი, თუმცა მას სპეციალური გადამზადება დასჭირდება და შეიძლება შემოვიღოთ სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც ამ საგნის სწავლების საშუალებას მისცემს მასწავლებლებს.

„რაც შეეხება საგნის სწავლების პროცესს, ჯერ, რასაკვირველია, უნდა მომზადდეს პროგრამა, რასაც ჩვენი დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. ამიტომ, ჩვენ წარმოგდენილი გავქვს, რომ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელი მოვიწვიოთ და ჩავრთოთ პროცესში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მივცემთ მიმართულებას, რომ მასალა მოცემული იყოს იმ კურიკულუმის ჩარჩოში, რომელიც შემუშავებული გვექნება სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. ეს იქნება მოსწავლის ასაკის თავისებურების განსაზღვრა, ზოგადად მეთოდოლოგია და სხვ.

„ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები რათა სახელმძღვანელოში შევიდეს ობიექტური და სწორი ინფორმაცია, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს მოემსახურება“, – აღნიშნა ჩიქობავამ.

როდის დაინერგება სკოლებში რელიგიის ისტორია როგორც არჩევითი საგანი?

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების სააგენტოს ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, არჩევითი საგანი სკოლებში 2 წლის შემდგომ შევა და მას საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეები ისწავლიან.

„საგანი რომელიც სკოლაში შემოდის ეროვული სასწავლო გეგმის ფორამატში მოექცევა. თუ ვამბობთ, რომ რომელიმე საგანი უნდა შემოვიდეს, იწყება მისი სტანდარტის შემუშავება და წლიურ პროგრამაზე მუშაობა. საშუალო საფეხური, რომლის გადამუშავებაც აპრილის თვიდან უნდა დაიწყოს. ჯერ კონცეფციასა და ხედვაზე უნდა შევთანხმდეთ და სწორედ ამის ფარგლებში, სხვა საგნების გადამუშავებასთან ერთად მომზადდება ამ ახალი საგნის სტანდარტიც.

„ზოგადად, საშუალო საფეხურის წყობა იცვლება და კონკრეტულად არ შემიძლია გითხრათ მე-10 კლასში შევა საგანი, მე-11-ში თუ მე-12 -ში. ეს იქნება ზოგადად საშუალო საფეხურზე და სად შეიძლება ჩაჯდეს ამას შემდგომ გადავწყვეტთ, ან, შესაძლოა, სკოლებს მიეცეთ ამის განსაზღვრის საშუალება.

„სექტემბრდან შედის დაწყებითი საფეხურის განახლებული სასწავლო პროგრამა, მომავალი წლიდან უნდა შევიდეს საბაზო საფეხური და ამის შემდგომ შევა საშუალო საფეხურთან ერთად. ანუ, დაახლოებით, 2 წლის შემდგომ. ამასთან, ეს დრო საჭიროა იმისათვის, რომ მომზადდეს სახელმძღვანელო და  რაც ყველაზე მთავარია, გადამზადდნენ პედაგოგები“,- განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში რელიგიების ისტორია?

როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რელიგიების ისტორიის სწავლება მომავალ თაობას დაეხმარება, უფრო ძლიერი ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის შეგრძნება ჰქონდეს.

„მივესალმები სკოლებში რელიგიების ისტორიების შესახებ ცოდნის შეტანას, რადგან თეოლოგიის პრინციპები და რელიგიების ისტორია არის განუყოფელი ნაწილი ცივილიზაციის განვითარების, საკაცობრიო ისტორიისა და კულტურათაშორისი დიალოგის. სწორი ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება, რომ მრავალეროვან საზოგდოებაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის შეგრძნება და რაც მთავარია, თავიდან ავიცილოთ ის უაღრესად ტრაგიკული განვითარება, რაც დღეს გვხვდება მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვინ გადაწყვეტს შევიდეს თუ არა არჩევით საგნად რელიგიების ისტორია სკოლაში?

აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, რომ როგორც წესი, სკოლა გადაწყვეტილებას მოსწავლეთა მშობლების სურვილის მიხედვით იღებს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია სკოლის რესურსიც.

„ჩვენ ახლაც გვაქვს დათქმა, რომ სკოლაში არჩევითი საგნის შეტანა, სკოლის მოსწავლეების მშობლების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია სკოლის რესურსები, თუნდაც ადამიანური – რომ მას ჰყავდეს შესაბამისი კადრი სკოლაში. დღეისათვის 30 არჩივითი საგანი გვაქვს, თუმცა სკოლა ყველას ვერ სთავაზობს თავის მოსწავლეებს, ვინაიდან ამას რესურსი სჭირდება“, – აცხადებს ჩიქობავა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, სად იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებიც რელიგიების ისტორიის გაკვეთილზე დასწრებას არ მოისურვებენ, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი ასე გვპასუხობს:

„რელიგიების ისტორიის საგნის შემეთხვევაში, იმის ორგანიზება, თუ სად იქნებიან ის ბავშვები, რომლებსაც საგანზე დასწრება არ ენდომებათ, ეს ცალკე დასამუშავებელი საკითხია. ამჟამად, არჩევითი საგანი, როცა მას კლასი ირჩევს ხდება სავალდებულო ყველა მოსწავლისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რელიგიების ისტორია ეს ისეთი საგანია, ალბათ, სხვა ტიპის რეგულაციაც უნდა დაემატოს იმისთვის, რომ ვისაც არ აქვს სურვილი, არ დაესწროს ამ საგანს“.

ამავე თემაზე:

„ჩვენ ზედმეტ სიფრთხილეს ვიჩენთ განათლების სისტემისა და ეკლესიის თანამშრომლობასთან და კონსულტაციებთან დაკავშირებით“

ინსტიტუციური მეხსიერება (რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზეც) უნდა არსებობდეს

მინისტრი: „რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური