GE

წესები, რომლებიც პროფესიულ ტესტირებაზე უნდა დაიცვათ და სამივე საგნის ტესტის ნიმუშები – რა გეკრძალებათ გამოცდაზე?

2021 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირება 6-7 სექტემბერს რეგიონებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისისთვის ვადები შეიცვალა და 13-14 სექტემბერს ჩატარდება. ტესტირების ჩაბარების ადგილისა და დროის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მითითებულია აპლიკანტის განახლებულ საგამოცდო ბარათზე. ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ონლაინ დარეგისტრირებულ პირებს კი მათი ამობეჭდვა შეუძლიათ ვებგვერდიდან: vet.emis.ge.

გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

წესები, რომლებიც გამოსაცდელმა უნდა დაიცვას ტესტირების პროცესში:

გამოსაცდელს უფლება აქვს, თან იქონიოს:

  • წყალი (პლასტმასის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები.

გამოსაცდელი ვალდებულია, თან იქონიოს:

  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი და
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • კალამი.

გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე!

გამოსაცდელს ეკრძალება:

  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა საგამოცდო ოთახში;
  • დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
  • მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

გადალაპარაკების, დახმარების გაწევის ან მიღების, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის, სამუშაო ადგილის დატოვებისა და მითითების გარეშე მუშაობის დაწყების, აგრეთვე წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას, რაც მიეთითება საგამოცდო უწყისში. ამ დარღვევების განმეორების შემთხვევაში, პირი იხსნება ტესტირებიდან.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:

ზოგადი უნარები – 50 ქულა (2 საათი);
ბიოლოგია – 30 ქულა (1.5 საათი);
ქიმია – 30 ქულა (1.5 საათი).

გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 15%-ზე მეტს დააგროვებს.

გთავაზობთ, 2021 წელის ტესტების ნიმუშებს პროფესიული ტესტირებისთვის

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

იხილეთ 2021 წელს გამოქვეყნებული საგამოცდო პროგრამები პროფესიული ტესტირებისთვის

შეგახსენებთ, რომ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა. განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.

ამავე თემაზე: 

როგორ უნდა მოხვდეთ პროფესიულ კოლეჯში – გართულდა თუ გამარტივდა მიღების პროცედურა?

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური