GE

ზაფხულის გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლებიდან უფროსის სტატუსი მხოლოდ 1 127-მა მოიპოვა

2021 წლის ზაფხულში 5000-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა საგნის გამოცდა ჩააბარა. არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლების გამოკლებით, ყველა ის მასწავლებელი, ვინც სტატუსი ვერ აიმაღლა, 2021-2022 სასწავლო წლის მომდევნო სემესტრიდან სკოლას დაემშვიდობება.

როგორც EDU.ARIS.GE-მ 11 ოქტომბერს გაარკვია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში არსებული ინფორმაციით, ზაფხულის გამოცდის შედეგად, უფროსის სტატუსი სულ 1 127-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მოიპოვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 29 ივლისის ბრძანებით, პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთი დამატებითი შანსი მიეცათ. მასწავლებელი რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებული იყო მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.

„2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტ-ქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად“, – წერია პრემიერის ბრძანებაში.

რაც შეეხება მასწავლებლებს, რომლებმაც ვერც ზაფხულის გამოცდით შეძლეს სტატუსის ამაღლება და ვერც სემესტრის ბოლომდე მოახერხებენ დამატებითი კრედიტების მოპოვებას, მათთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის მიერ ივლისის თვეში ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, შემდეგი სახის რეალობა დადგება: „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს“.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსტატუსო მასწავლებელს მეორე სემესტრიდან სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა ექნება, კადრების დეფიციტი იქნება. კანონი განმარტავს, რომ მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

ასევე იხილეთ:

ეკატერინე დგებუაძე: პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემიდან გასვლის შემდეგ, პედაგოგების დეფიციტს არ ველოდებით

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური