GE

„კონტროლის მექანიზმი წელს მეტი ჩაიდო“ – რას უკავშირებს ნაეკი 8 539 მოსწავლის უატესტატოდ დარჩენას

წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის გარეშე 8 539 მოსწავლე დარჩა. ეს მონაცემი EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემამ მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, წელს ჩაჭრილთა რაოდენობა, წინა წელს ჩაჭრილთა რაოდენობას 1.7-ჯერ აღემატება. გასულ თვეებში ჩვენთვის მართვის სისტემიდან მიღებული ინფორმაციით: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გადმოგზავნილი ცენტრის დირექტორის 2015 წლის 18 ივნისის წერილის თანახმად, 2014-2015 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა 6 449 რეგისტრირებულმა პირმა.“

მკითხველისთვის ცნობილია, რომ EDU.ARIS.GE  2015-2016 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდებზე გასული მე–12 კლასელების ჩაჭრის ჯამურ მაჩვენებელს რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მონაცემის გასაჯაროება სხვადასხვა მიზეზებით ჭიანურდებოდა.

რა არის მიზეზი იმისა, რომ მე-12 კლასელების დიდმა რაოდენობამ წელს ზღვარი 5.5 ვერ დაძლია. EDU.ARIS.GE – მ კითხვებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე მიმართა:

ბატონო ივა, მონაცემების მიხედვით, წელს თითქმის გაორმაგდა ჩაჭრილების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით. რითი ხსნით აღნიშნულ ფაქტს, ხომ არ გართულდა საგამოცდო ტესტი?

–ტესტები ვერ გართულდებოდა, რადგან გამოსაშვები გამოცდები ერთი და იგივე ტესტის ბანკს მოიხმარს, რომლის შევსება ხდება წლიდან წლამდე. 1500-2000 დავალებისგან შედგება ბანკი. წელიწადში ემატება 50-100 დავალება. როდესაც ადამიანი პასუხობს დადებითად, მას უფრო და უფრო რთული დავალებები მოსდის. თუ არასწორად პასუხობს, იღებს უფრო მარტივ დავალებებს. ამიტომაც, ბანკის სირთულეზე საუბარი ალბათ ძალიან ძნელია.

მაშინ რას უკავშირებთ ამ ფაქტს?

–წელს 47 ათასი ადამიანი აბარებდა გამოსაშვებ გამოცდებს. აქედან ნაწილი იყო ის, ვინც წინა წლებში ჩაიჭრა, ნაწილი იყო ექსტერნი, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი იყო მე-12 კლასელები. ვეჭვობ, რომ რამდენიმე ათასით მეტი აბარებდა წელს, ვიდრე შარშან. ესეც ალბათ მოქმედებდა მონაცემებზე.

სუსტი ნაკადი ხომ არ იყო წელს?

–ძნელია ასე ხელაღებით თქვა – ნაკადი იყო სუსტი თუ ძნელი იყო. ბევრი ფაქტორი მოქმედებს შედეგებზე. გამოცდები, არც მისაღები და არც გამოსაშვები მიზნად არ ისახავს ამის დადგენას. სწავლების ხარისხზე ასე ხელაღებით და ცალსახად ლაპარაკის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ცხადია, გამოცდის შედეგი რაღაც ინდიკატორი არის, თუმცა ის მრავალთაგან მრავალს შორის ერთ-ერთია.

და ბოლოს, მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ წელს სექტორებში მხოლოდ 5-5 მოსწავლე შეჰყავდათ და მათ ერთმანეთისგან გადაწერის და ერთმანეთის დახმარების საშუალება არ ჰქონდათ, რას იტყვით ამაზე?

–შეიძლება, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჩაჭრილების რაოდენობა გაზარდა და მოგვცა ეს შედეგი, არის ისიც, რომ კონტროლი უფრო გამკაცრებული იყო. შეიზღუდა რაოდენობა შესვლის და თანმიმდევრობაც წინასწარ დგებოდა. სკოლა აღარ ადგენდა რა თანმიმდევრობით შემოვიდოდნენ მოსწავლეები. ეს შეიცვალა და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო. კონტროლის მექანიზმები წელს მეტი ჩაიდო. ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, მაქსიმალურად ობიექტური და სამართლიანი გახდეს გამოცდები.

„თუ წელს ვერ ავიღებ ატესტატს მთელი მომავალი მეცვლება, შეიძლება გამათხოვონ კიდეც, არ მინდა სიბნელე…“

მშობლები: „განათლების სამინისტრო არ გრძნობს პასუხისმგებლობას საატესტატოზე ჩაჭირილი ბავშვების წინაშე?“

„ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ განათლების ხარისხი გაიზარდა, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა კატასტროფულად დიდია“

განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილთა შესახებ ინფორმაციას ისევ მალავს

რატომ „ვერ დათვალა“ აქამდე საატესტატოზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა განათლების სამინისტრომ?

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური