GE

ბაგა-ბაღების ყველა სააღმზრდელო ჯგუფში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება – ინტერვიუ კახაბერ გვანცელაძესთან

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს 13 ნოემბრიდან კახაბერ გვანცელაძე ხელმძღვანელობს. თითქმის, 3 თვიანი მუშაობის განმავლობაში მასთან აღსაზრდელების მშობლებს პრეტენზიები ახალ სემესტრში გაუჩნდათ. მიუხედავად სააგენტოს მტკიცებისა და არაერთი განმარტებისა, მშობლები მაინც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათი შვილების კვებასთან დაკავშირებით. არ მოსწონთ რაციონის, კალორაჟისა და ოდენობის შემცირება. რას ჭამენ დღეს ბაღის აღსაზრდელები, როგორ წარმოუდგენია სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს ჯგუფებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება და რა ზომების გატარებას გეგმავს პატარების უსაფრთხოების მიმართულებით, ამ და სხვა საკითხებზე  EDU.ARIS.GE–ს კითხვებს კახაბერ გვანცელაძე პასუხობს:

–თავდაპირველად, საუბარი უნდა დავიწყოთ ბაგა-ბაღებში კვების მენიუს შეცვლით. აღნიშნულმა მშობლების ნაწილის გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია. რას ჭამენ დღეს ბაღის აღსაზრდელები?

–ყველა პროდუქტი, რომელიც ბაღში შედის არის სრულიად უსაფრთხო. მენიუ და კალორაჟი არის მთავრობის #487 დადგენილებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციების შესაბამისი. ექვემდებარება საერთაშორისო სტანდარტებს.

–დღეს მენიუში ბავშვებისთვის არის შეთავაზებული მხოლოდ ერთი სახეობის საკვები. სადაო საკითხია ის, რომ გარკვეული ულუფა ზოგი ბავშვისთვის საკმარისია, ზოგისთვის კი არა, თუმცა უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ არჩევანის თავისუფლება. აირჩიონ (ვთქვათ, საუზმეზე ფაფასა და რძე/კაკაო/ჩაი კარაქიანი ან ყველაინი პურ-ორცხობილას შორის,) რაც მათ სურთ? თუ დარჩნენ მშივრები იმიტომ, რომ შემოთავაზებული მენიუ არ მოსწონთ?

–ბავშვს აქვს დღიური 1 292 კალორიის შესაბამისი კვება, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა ნაყრდება. არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ რა საკვებიც ბავშვებს ოჯახებში მიეწოდებათ, ანალოგიური უნდა იყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. ეს რეგულაცია, რომელიც წინა წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შემოვიდა, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მათი ოჯახებში კვებისგან განსხვავდებოდეს. თუ ბავშვები ოჯახში მარილს მოიხმარენ განსხვავებული რაოდენობით, ბაღის შემთხვევაში ეს არის ერთი გრამი. ასევე, ამავე დადგენილებით, შეზღუდულია კარაქის რაოდენობა და ფქვილოვანი ნაწარმის კუთხით კონკრეტული კორექტირებები არის განხორციელებული. თუმცა გაზრდილია საქონლის ხორცის, თევზის ოდენობა.  ჩვენ უნდა დავიცვათ დღიური ნორმა, კალორია იმისთვის, რომ დავიცვათ 1 292 კალორია და  ამ შემთხვევაში ბავშვები არ ვაიძულოთ თავად გააკეთონ არჩევანი. ბავშვებმა შესაძლებელია თავად გადაწყვიტონ, რომ ყველა საკვები მიირთვან.  ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება. ჩვენ არ გვაქვს ზრდასრულ ადამიანებთან საქმე, ძალიან რთულია ბავშვს შეუზღუდო რამდენიმე საკვების მირთმევა. როცა იქნება 5 არჩევანი, ბავშვი თუ მოისურვებს ხუთივე ჭამოს, პრაქტიკულად ძალიან რთული იქნება, რომ ხუთივე არჩევანი არ დავუკმაყოფულოთ. ასე ჩვენ დავარღვევთ დღიურ ნორმას 1 292 კალორიას და ეს ნაბიჯები სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ბავშვებს სწორი ფორმით მივაწოდოთ საკვები.

–რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, ხომ არ იზოგება აღსაზრდელების კვებაზე თანხა?

–არავითარი თანხის დაზოგვა არ ხდება, პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ბავშვთა კვება იყოს ჯანსაღი.  ყველა პროდუქტი, რომელიც მენიუშია შეტანილი ბავშვების სწორ განვითარებაზეა ორიენტირებული.

–კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დიდი ხანია განსჯის საგანია. ბაგა-ბაღები და აღსაზრდელთა ოდენობა– როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას, როგორ ფიქრობთ, რამდენი უნდა იყოს ჯგუფში აღსაზრდელთა მაქსიმალური დასაშვები ოდენობა?

–30 ახალი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ  ვაპირებთ გარკვეულ რეკონსტრუქციებს არსებულ ბაღებში, რათა გვქონდეს დამატებითი სივრცეები. ამ ფორმით ვაპირებთ ამ საკითხის გადაჭრას. მიმდინარე წელსაც, ახალი სასწავლო წლიდან, დაახლოებით 7 ბაღი შევა ექსპლუატაციაში. წლის ბოლომდე გვექნება 11 ბაღი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული ბაღები განვტვირთოთ. გეთანხებით იმაში, რომ არსებობს ჯგუფები, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა  ბევრია, თუმცა ველოდებით რეგულაციების შემოღებას, რომელთა მიხედვითაც განსაზღვრული იქნება ბავშვების რაოდენობა. კანონში წერია, რომ ბაგაში უნდა იყოს 25 ბავშვი, ზემო ასაკში კი 35.  თუ შემოღებული იქნება ეს რეგულაცია, (კანონმდებლობაში ეს ვადები არაა დაზუსტებული), ჩვენ შევასრულებთ მას.

–უკვე დაიწყო საუბარი სააღმზრდელო პროცესის გახანგრძლივებაზე, როდიდან იქნება ეს შესაძლებელი და დაიწყეთ თუ არა უკვე საკითხზე მუშაობა, გაზრდილი დღის პირობებში პედაგოგების საკითხი როგორ დარეგულირდება, დაემატება ახალი აღმზრდელი შეზღუდული საათებით, თუ მასწავლებელთა ხელფასების მატება იგეგმება?

–დაწყებულია მუშაობა. ვამზადებთ კონცეფციას და უახლეს დღეებში დავასრულებთ კონცეფციაზე მუშაობას. ამის შემდეგ იქნება ყველა დაინტერესებულ და მონაწილე მხარესთან განხილვა. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჯერჯერობით სხვა დეტალების თქმა არ შემიძლია.

–შაბათ-კვირას ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განვითარებაც ამ კონცეფციის ნაწილია?

–შაბათ-კვირა არის მშობლების ინიციატივა, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე არ გვაქვს დაწყებული.

–რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების მოწესრიგებას, ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ და რასაც ფინანსები სჭირდება. გეგმავთ თუ არა  პატარებისთვის გარე სივრცის მოწესრიგებას, გარე სათამაშო ინვენტარის დამატებას, რაც მათ ეზოში სეირნობას უფრო კომფორტულსა და სახალისოს გახდის?

–ველოდებით ეკონომიკის სამინისტროდან ახალ რეგულაციას, რომელიც ბაღებში ინფრასტრუქტურას შეეხება. პირველ რიგში, დაგეგმარების პროცესი გვექნება, რომლის მიხედვითაც შემდეგში სპორტული მოედნების პროექტირება უნდა განხორციელდეს.

–ჯგუფებში ვიდეო-კამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი, თუმცა საკითხი არ ამოწურულა, ხომ არ გეგმავთ ამ მხრივ მუშაობის განახლებას?

–პრიდაპირ გეტყვით, რომ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ სამუშაოების დაგეგმარება. მიმდინარეობს დათვლა და შესყიდვების დოკუმენტის მომზადება. მიმდინარე წელს გარკვეული ნაწილის მონტაჟს დავიწყებთ. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჯგუფში იყოს ვიდეო-კამერა. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კალკულაცია, შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. დაველოდოთ ამ დაგეგმარებას. ამისთვის საჭირო თანხის ნაწილი გვაქვს.

–სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მთავარი დატვირთვა პედაგოგზე მოდის, იყო საუბარი კონკრეტულად ბაღის მასწავლებელზე მორგებული სქემის თაობაზეც, როდიდან გეგმავთ ბაღის აღმზრდელ–პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებას?

–ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ აღმზრდელ-პედაგოგების სტანდარტის  შესაბამისად განხორიცელდეს ჯერ ტრენერთა ტრენინგი, ტრენერების მომზადების შემდეგ კი დავიწყებთ აღმზრდელ -პედაგოგების გადამზადებასაც.

–აქვე მინდა გკითხოთ, ხომ არ იგეგმება წინასასკოლო მოსამზადებელ ჯგუფებში უცხო ენის სწავლების დანერგვა?

–ამ ეტაპზე მსგავსი პროექტების განხორციელება არ იგეგმება.

–და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ბაგა-ბაღებში ნომერ პირველი პრობლემა და ნომერ პირველი მიღწევა?

–ბავშვთა უსაფრთხოება არის მულტისექტორული თემა, აქედან გამომდინარეობს კამერების კუთხით მუშაობა, სახანძრო მოთხოვნების კუთხით  მუშაობა, თანამედროვე სტანდარტების ინტერგირებაზე მუშაობა. რაც შეეხება მიღწევას, ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხით, ბევრი შეიცვალა, ახალი ბაღების თემა, ინკლუზიური განთლების კუთხითაც იყო მუშაობა განხორციელებული. ასევე, ფსიქოლოგის ინსტიტუტის შემოღება.

ამავე თემაზე:

ბაღებში პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ ხელფასების ზრდა იგეგმება

რას გულისხმობს ბაღის აღმზრდელების დაგეგმილი სერტიფიცირება – დეტალები სიახლის შესახებ

ბაღის მასწავლებლის მთავარი ვალდებულება განისაზღვრა – რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში

ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს

როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები – პროფესიული სქემის ამოქმედების ვადები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური