GE

ორი სკოლის წამყვანი მასწავლებელი: სირცხვილია, აბუჩად აიგდო პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობაც მთელი დღის განმავლობაში არ სრულდება

„პედაგოგის პროფესია დამოკიდებულია ემოციურ მდგრადობასა და მოტივაციაზე, ღირსეული ხელფასის მოთხოვნა კი სირცხვილი არ არის, მით უფრო მაშინ, როცა უზარმაზარ შრომას ვდებთ ჩვენს საქმიანობაში“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მთავრობის მიერ დაპირებული ხელფასის მომატების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ორი სხვადასხვა საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, ნატო გენგაშვილი, ვისი შეფასებითაც, სირცხვილია, აბუჩად აიგდო პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობაც მთელი დღის განმავლობაში არ სრულდება.

როგორც ნობილია, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი (სრული დატვირთვის შემთხვევაში), 500 ლარით ან მეტით 2024-2025 სასწავლო წელს მოიმატებს, მასწავლებლებში გულისწყვეტისა და მოტყუების განცდა გააჩინა, რადგან ამბობენ, რომ სახელფასო მატების მოლოდინი 2024 წლის იანვრიდან ჰქონდათ. ახალი წლიდან სახელფასო ზრდის მოთხოვნით პედაგოგებმა წერილი შეიტანეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამავე მოთხოვნით შექმნილ პეტიციას კი უკვე ათასობით მასწავლებელი აწერს ხელს. EDU.ARIS.GE კი თემის ირგვლივ სხვადასხვა მასწავლებლის პოზიციას რეგულარულად აქვეყნებს.

თბილისის 145 -ე და სართიჭალის #1 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების დამრიგებელი  გვიხსნის, ხელფასის ზრდა საათობრივი დატვირთვის ხარჯზე, როგორც ეს ბიუჯეტის თანახმად არის დაგეგმილი, პედაგოგებში შიდა აგრესიას გამოიწვევს, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება მოსწავლეთა შედეგზეც.

„პირველ რიგში, სირცხვილია, მოატყუო პედაგოგი, რომლის მხრებზე დგას სრულიად სამყარო და მომავალი თაობა. ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებამ იმედგაცრუებისა და დაუფასებლობის შეგრძნება გააღვიძა საგანმანათლებლო სისტემაში. ორ სკოლაში მომუშავე მასწავლებელი ვარ. მიფიქრია კიდეც, დავთმობდი თუ არა ხელფასის ზრდის შემთხვევაში ერთ-ერთს, თუმცა დაზუსტებით ვამბობ, რომ არა! ვთვლი, რომ მაქვს საკმარისი ენერგია და რესურსი, ორ სკოლაში ვიმუშაო, მაგრამ ენთუზიაზმზე მუშაობა აღარ გვინდა! სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შექმნას ისეთი სისტემა, რომ მასწავლებელს არ დასჭირდეს ორ სკოლაში მუშაობა და დამატებითი შემოსავლის ძიება“, – აცხადებს წამყვანი მასწავლებელი.

„გამოდის, მასწავლებელთა ხელფასი 35%-იანი ზრდის შემდეგაც არ იქნება, მხოლოდ დაუახლოვდება საშუალო ხელფასს?“

ნატო გენგაშვილს სკოლებში ახალი და ახალგაზრდა კადრების შესვლასა და პენსიონერი მასწავლებლების ღირსეულ პენსიაზეც ვკითხეთ. პედაგოგი ამბობს, რომ სკოლებში ახალგაზრდა კადრების რაოდენობა გაზრდილია, პენსიონერი მასწავლებლები კი მხოლოდ ხელფასის გამო არ რჩებიან პროფესიაში და ამას თავისი მიზეზი აქვს.

„2002 წლიდან ვმუშაობ საჯარო სკოლაში და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სისტემაში ახალგაზრდა კადრების რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. თავად მეც ვუწევდი ტუტორობას მაძიებელ პედაგოგებს (პრაქტიკანტებს ვგულისხმობ), რომლებიც სხვადასხვა სკოლებში დასაქმდნენ და წარმატებით უძღვებიან პროფესიულ საქმიანობას. რაც შეეხება პენსიონერი პედაგოგების ღირსეულ პენსიას, ეს საკითხი უდაოდ და ახლავე გადასახედია, თუმცა შეფასება, რომ ხანდაზმულ პედაგოგებს დღეს მხოლოდ ხელფასის გამო უწევთ სკოლაში დარჩენა, მცდარია. საბედნიეროდ, არიან საკუთარ პროფესიასა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული პენსიონერი პედაგოგებიც. ყველა მასწავლებელი იმსახურებს ღირსეულ პენსიას მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი და უანგარო შრომის სანაცვლოდ“, – აცხადებს ნატო გენგაშვილი.

ასევე იხილეთ:

მენტორი მასწავლებელი: „პედაგოგთა ძალიან დიდი ნაწილი ერთადერთი შემომტანია ოჯახში, ხელფასი ყველას თანაბრად უნდა გაეზარდოს!“

„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან, საბაზო ხელფასმა უნდა მოიმატოს“ – წამყვანი მასწავლებლის ხედვა ხელფასის მატების ფორმაზე

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური