GE

პრაქტიკული კვლევის კომპონენტი სქემაში – მასწავლებლის ზედმეტი ვალდებულება თუ სწორი ინსტრუმენტი დაწინაურებისთვის?

პრაქტიკული კვლევის ჩატარება მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების სქემაში შემავალი ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომლის საშუალებითაც მათ სტატუსის ამაღლება, ანუ სქემაში დაწინაურება შეუძლიათ, რაც პირდაპირ აისახება ანაზღაურების ზრდაზე. მაგალითად,  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად, უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა, რასაც ის პედაგოგის პრაქტიკის კვლევით, გარე დაკვირვების გავლით, სამოდელო გაკვეთილის ჩატარებითა და სხვა ტიპის აქტივობებით იღებს. პრაქტიკული კვლევის ჩატარებით პედაგოგს 2 კრედიტქულა ენიჭება.

მასწავლებელთა პრაქტიკული კვლევის მომზადებას, მისი ერთ-ერთ კომპონენტად შემოტანის შემდეგ მუდმივი ვნებათაღელვა ახლავს. გასულ წელს ცნობილი გახდა ისიც, რომ მასწავლებლები კვლევის მომზადებაში თანხასაც იხდიან.

„რაც შეეხება კვლევის ყიდვის შემთხვევებს, თუ ეს ნამდვილად ხდება, საქმე გვაქვს აკადემიური კეთილსინდისიერების დეფიციტთან. არ შეიძლება მასწავლებელმა, რომელიც კვლევას ყიდულობს, მოსწავლეებს სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბოს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი.

ცხადია, არაერთია ისეთი პედაგოგი, ვინც თავად მუშაობს კვლევაზე, თუმცა კრიტიკული მოსაზრებები მათაც გააჩნიათ.

„აი, მართლა მაინტერესებს – კვლევის (სავალდებულო !!) დაწერის გარეშე რატომ ვერ უნდა მიაღწიოს ჩვეულებრივმა მასწავლებელმა უმაღლეს საფეხურს? ამ ჯღაბნით იცით რამდენს აკლებს მასწავლებელი მოსწავლეს? და საერთოდ, აზრზე ხართ, რომ ყველა მასწავლებელი (ვინც მასწავლებელია) შინაგანად არის მკვლევარიც, ფსიქოლოგიც, პროფესორიც და დოქტორიც თავის საქმეში?

„მეც და ისიც, ვინც ყიდულობს კვლევას რატომ ვართ თანაბარ პირობებში? ახლა მეტყვით, სქემა ხომ არ არისო… ჯერ კიდევ არის და რომ მქონდეს საარსებო ანაზღაურება ვჯღაბნი კვლევას ამ კვირა დღეს. აი, ეს ფორმალობა ძირს უთხრის განათლებას! 21 წელია გიმტკიცებთ, რომ შემიძლია მასწავლებლობა და რა მომბეზრდით, ნეტავ იცოდეთ!

„ვიკვლიე მედიაწიგნიერების როლი ისტორიის სწავლებისას, მაღიარეს წამყვანად. ამჯერად ვიკვლევ მედიაწიგნიერების როლს და მნიშვნელობას არაფორმალური განათლების. არ ვიცი მოვასწრებ თუ არა, თუ ვერ მოვასწარი – კრედიტები! არ მაღიარებენ მენტორად. არ მეშლება რა არის ჩემი შეცდომები, ხარვეზები და ჩავარდნები. ვიცი, რომ კვლევის პროცესი აუცილებელია და ის არ უნდა იყოს მიბმული ვალდებულებაზე.

„ორი შეკვეთა მქონდა ამ კვირაში ანაზღაურების საფასურად დამეწერა კვლევა, ჩემსას ვერ ვასწრებ… ჰოდა, მე რომ ვაკვდები და სხვა ფულს იხდის ამან მომიშალა ნერვები“, – წერს ნინო აბულაძე, ისტორიის წამყვანი მასწავლებელი, ექსპერტი მასწავლებელი და ტრენერ-კონსულტანტი.

ზემოაღნიშნულ პოზიციას არაერთი საკუთარ პროფესიაში წარმატებული მასწავლებელი იზიარებს, მათი ნაწილი თვლის, რომ კვლევის კომპონენტი მხოლოდ ბარიერია, არაფერს იძლევა და რეალურად, სამომავლო დატვირთვა ვერ ექნება.

-„მოკლედ, ჩემი ამბავი ასე იყო. წლების განმავლობაში მაწუხებდა შემაჯამებელი და მიმდინარე შეფასება რომ განსხვავდებოდა. მე ვასწავლიდი, ბავშვებიც იგივე. რა იყო მიზეზი და ვაგროვებდი ჩემთვის მონაცემებს, ვეძებდი პასუხებს. მერე აუცილებელ კომპონენტად კვლევა რომ მიიჩნიეს, ავდექი და გავაფორმე მარტივად. არ მიძებნია არაფერი. მქონდა გამზადებული. ახლა მეორე… სულ კვლევა რატომ ვატარო?! ჩემს პრობლემას ხომ მივაგენი და მოვუარე? რამდენჯერ უნდა ვწეროთ? ზოგიერთი ამას დეკლარირების გარეშეც აკეთებს და ვინც არ აკეთებს, ის უფრო მარტივად გადის. გამზადებულიც აქვს და ატვირთულიც. მე კიდევ ახლის ფორმის მიცემის დროც არ მაქვს. ვინ რჩება მოგებული? მატყუარა, რა თქმა უნდა. ძალიან პედანტურად რომ მიუდგები საქმეს, დარჩები წაგებულებში“.

– „წარმოუდგენელია, ისეთი ურთულესი პროცესი, როგორიც კვლევაა და რაც თავისთავად უდიდეს ცოდნას, გამოცდილებასა და მრავალმხრივ რესურსს მოითხოვს, მიანდო ადამიანებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ხელიდან გამოსტაცე თვითშეფასების კითხვარი, რის ხარისხიანად ვერშესრულების გამოც, არაერთხელ დატუქსე და სულ არაკომპეტენტური უუნარო ეძახე… ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია კვლევასთან, ზუსტად იცის, რომ დღეს მასწავლებელი ამ ურთულესი პროცესისთვის მზად არ არის”.

-“უკვე დავიბენი, ნეტა მეც ხომ არ შემეწყვიტა ყველაფერი? ჯერ პრაქტიკის კვლევა, ახლა სკოლის საჭიროების და გადის წლები… დროის ფაქტორმა ხომ ნერვები დამაწყვიტა…სკოლის მოსწავლეებს ვერ დააკლებ ვერაფერს, ამის საშუალებას არ მოგცემენ დაწყებით საფეხურზე ინტერესით მომზირალი თვალები, მაგრამ ოჯახს მოვწყდი… მეგობრებისთვის და სხვა ადამიანური ურთიერთობების დრო აღარ მრჩება“.

-„სული გააძვრეს მასწავლებლებს. მუდმივად, ყველა ვფიქრობთ, ვმუშაობთ, ვეძებთ, მაგრამ ვერ ვწერთ ისე მარტივად, როგორც ეწერებათ ფილოლოგებს. სამინისტრომ თვითონ ატაროს კვლევები პროფესიონალ მკვლევრებთან ერთად. ყველა სკოლაში მიამაგროს მკვლევარი, რომელიც დააკვირდება, როგორ შრომობენ მასწავლებლები და რა ინტერვენციებით გადიან შედეგებზე. გადავიწვი!!!“.

-„კვლევის საჭიროება თვითონ მასწავლებლის განსასაზღვრია. ზემოდან „შეკვეთები“ იწვევს მაგ „კვლევების ყიდვას“. კვლევის საჭიროების განსაზღვრა სწავლებადია, მაგრამ ამის მიხვედრას ზემოთ შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება. … და, კიდევ ბევრი რამ“.

რა პასუხი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ამ პედაგოგებისთვის, რას ეტყვის მათ, ვინც კვლევას ყიდულობს და რა „ძალა“ აქვს მასწავლებლის კვლევას? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანისგან შევეცადეთ:

მანანა რატიანი: მასწავლებლისადმი მოთხოვნა, აწარმოოს საკუთარი პრაქტიკის, ან სკოლის საჭიროებების კვლევა, მასწავლებლის პროფესიულმა სტანდარტმა წაუყენა 2014 წელს. ეს იყო ერთგვარი ნაბიჯი, რომ მასწავლებლებისთვის გადაგვეცა მნიშვნელოვანი ბერკეტი, თავად განესაზღვრათ პრაქტიკაში წარმოქმნილი სირთულეები და თავად მოესინჯათ, რომელი ინტერვენციით იქნებოდა მისი დაძლევა შესაძლებელი, ნაცვლად იმისა, რომ დალოდებოდნენ, თუ როდის მოხდებოდა განათლების პოლიტიკის დონეზე მსგავსი პრობლემების აღიარება და შემუშავდებოდა რაიმე ქმედების კონკრეტული მექანიზმები.

მკვლევარი მასწავლებელი ეს არის მაღალი კომპეტენციების მატარებელი პირი, რომელსაც ყოველდღიურად აქვს სასკოლო თემებთან შეხება, ჩართულია სწავლებაში და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წევრთან აქვს ურთიერთობა, მან ყველა სხვა მკვლევარზე უკეთ იცის, თუ რა სჭირდება ახლა სკოლას. მკვლევარი მასწავლებელი სისტემაში არის განათლების სისტემის დამხმარე, რომელიც მოქნილად, მცირე დროში ახერხებს ადგილზე წარმოქმნილ საჭიროებებზე სკოლის დონეზე რეაგირებას.

წლების მანძილზე დაგროვილი პრაქტიკით, მასწავლებლის მთავარ საქმიანობად სწავლება მიიჩნეოდა, ხოლო ექსპერტები და მეცნიერები დაკავებულები იყვნენ კვლევებით. პრაქტიკის კვლევა საშუალებას იძლევა მცირე მასშტაბებზე ჩატარდეს კვლევა, მოისინჯოს თეორიები პრაქტიკაში. მკვლევარ მასწავლებელს შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კრიტიკული ანალიზი და ამის საფუძველზე პროფესიული განვითარება. კვლევების გარდა არ არსებობს სხვა რაიმე მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მასწავლებლის პრაქტიკის, პედაგოგიური მიდგომების შესწავლა.

კვლევები იძლევა საშუალებას გაუზიარონ მიგნებები კოლეგებს სხვა სკოლებში, ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო სხვა მკვლევრებისთვის, განათლების პოლიტიკის გამტარებლებისთვის.

მკვლევარის შედარებით ახალი ფუნქციის შეძენით პროფესიისადმი დამოკიდებულება იცვლება უკეთესობისკენ, იზრდება მათი პრესტიჟი.

სწავლა-სწავლების პროცესი სკოლებში, სადაც მასწავლებლებს გააჩნიათ კვლევითი კომპეტენციები, უფრო შემოქმედებითია, საბოლოო ჯამში კი უმჯობესდება.

-რა სამომავლო დანიშნულება ან გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევებს?

მ.რ: მასწავლებლებისთვის კვლევითი კომპეტენციების განვითარება, კვლევების წარმოება კვლავ იქნება აქტუალური. პროფესიაში შემომსვლელი ახალი მასწავლებლები, რომლებიც ახლა სწავლობენ ინტეგრირებულ 300 კრედიტიან პროგრამაზე, სწავლის ფარგლებში შეიძენენ კვლევით უნარებს, თავად ჩაატარებენ პრაქტიკის კვლევას და მომავალში, როდესაც სკოლებში მასწავლებლებად მიბრუნდებიან, უფრო თავდაჯერებულად განახორციელებენ კვლევებს.

რაც შეეხება დღემდე წარმოებულ კვლევებს, წინა სასწავლო წლის ბოლოს მათი რაოდენობა დიდი არ იყო, მხოლოდ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ჰქონდათ კვლევები განსახორციელებელი, საუბარია 500-მდე კვლევაზე. წელს ბევრად მეტი იქნება მასწავლებელი, რომელიც სტატუსის შეცვლას გეგმავს და შესაბამისად, უკვე განახორციელა, ან ასრულებს კვლევას – საშუალოდ 2500-მდე მასწავლებელი. შარშან, შეფასების ინსტრუმენტებში ჩაიდო განხორციელებული კვლევის მიგნებების გაზიარების ვალდებულება. ამდენად, კვლევებს მხოლოდ ჩვენი ცენტრი არ ეცნობა, მათ ბევრად ვრცელი აუდიტორია ჰყავს და სხვა მასწვლებლებს აწვდის იდეებს, კონკრეტულ მიგნებებს. ამ ეტაპისთვის კვლევების გამოყენების სხვა გეგმა ჩვენს ცენტრს არ აქვს.

რას ეტყოდით მათ, ვინც ყიდულობს კვლევას და მათ ვინც ფიქრობს, რომ ამაში ძალიან ბევრ დროს კარგავს, რომელსაც მოსწავლეებს მოახმარდა, ან იმ პედაგოგებს ვინც ამბობს, რომ ეს წყალში გადაყრილი დროა?

მ.რ: ამ თემებზე პასუხი მასწავლებლების და სკოლების ნაწილისთვის მოსაწონი ვერ იქნება. კვლევის განხორციელება დროს და კომპეტენციებს მოითხოვს. კველევისთვის დათმობილ დროს დაკარგულს და მოსწავლეებს მოკლებულს ვერავინ დაარქმევს. პირიქით, ეს არის სწორედ მოსწავლეებისთვის სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი. პრაქტიკის კვლევა მასწავლებელმა ხომ სწორედ საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა აწარმოოს. თუკი ამის შედეგად დასახული პრობლემის მოგვარების გზას მიაგნებს, ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესი გაუმჯობესდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მასწავლებლების კომპეტენციებს, ამ კომპეტენციის ნაკლებობის აღიარებას ურჩევნიათ თვითონ კვლევების შემოტანა გააპროტესტონ. სამწუხაროდ, ადამიანს ახასიათებს საკუთარი სისუსტეების შენიღბვა და გარე ფაქტორების დადანაშაულება ყველა მის წარუმატებლობაში.

რაც შეეხება კვლევის ყიდვის შემთხვევებს, თუ ეს ნამდვილად ხდება, საქმე გვაქვს აკადემიური კეთილსინდისიერების დეფიციტთან. არ შეიძლება მასწავლებელმა, რომელიც კვლევას ყიდულობს, მოსწავლეებს სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბოს. ამასთანავე, გვაქვს სხვა უფრო დიდი პრობლემა, სკოლა ახდენს პროცესების ფორმალიზებას, სისტემას უკარგავს ნდობას მისდამი, რადგან სკოლამ ყველაზე უკეთ იცის, მასწავლებელმა შეათანხმა თუ არა კვლევის გეგმა სკოლასთან, რეალურად განახორციელა თუ არა მისი ყველა ეტაპი, ჩაატარა თუ არა ინტერვენციები, შეცვალა თუ არა უკეთესობისკენ საკუთარი პრაქტიკა. თუკი ამ ყველაფერს ადგილი არ ჰქონია, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შეფასების ჯგუფი დირექტორის ხელმძღვანელობით მასწავლებელს უწონებს საქციელს და დადებითად უფასებს კვლევას. ამით სკოლას  სისტემა შეყავს შეცდომაში. ასეთ სკოლაში მოსწავლეებს სწორი ღირებულებითი სისტემები ვერ ჩამოუყალიბდებათ.

სტატიები მსგავს თემატიკაზე:

ზაფხულის გარდა მასწავლებელთა გამოცდა ნოემბერშიც ჩატარდება – ახალი შესაძლებლობა და სიახლეები პრაქტიკოს მასწავლებლებს

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

„პედაგოგთა გაზრდილი ხელფასებისა და საპენსიო ჯილდოსთვის 250 მილიონი ლარია საჭირო”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური