როცა არ იცი რა გსურს და პროფესიას დიპლომისთვის ირჩევ – სწორია თუ არა მიდგომა, რომ „გინდა თუ არა, დიპლომი მაინც საჭიროა“?
„ეს სად მოვხვდი?!“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პირველკურსელმა ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ჯგუფში.
განათლებას ფინანსების, დროისა და ენერგიის ინვესტირება სჭირდება, არასწორი ინვესტიცია კი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ამ სიტყვების გააზრება ახლა ყველაზე მეტად აბიტურიენტებს სჭირდებათ, მათ, ვისაც სწორედ ახლა აქვს გადაწყვეტილება მისაღები – რა პროფესიაზე სურთ სწავლა. პროფესიის სწორად არჩევა რომ მნიშვნელოვნად განაპირობებს შემდგომ წარმატებას, ამაზე თითქოს არავინ დავობს, მაგრამ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს უკვე მაღალკურსელი სტუდენტები ნანობენ, გვარწმუნებს, რომ პროფესიასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთების მომენტში არასწორად ვფიქრობდით.
ასეა, ბევრმა აბიტურიენტმა არ იცის რა სურს რეალურად, რეგისტრაციის ვადები კი ახლოვდება და წელსაც ათასობით აბიტურიენტი გააკეთებს არჩევანს რომელიმე პროფესიის სასარგებლოდ. რამდენის გადაწყვეტილება გამართლებს?
მშობელს, რომელიც ჩვენს განათლებაში ინვესტიციას დებს, ცხადია, არ გაახარებს სწავლის დაწყების შემდეგ შვილისგან მოსმენილი ფრაზები: „ჩემი თავი ვერ ვიპოვე“, „არასწორ ფაკულტეტზე, არასწორ უნივერსიტეტში ვარ“, „არ მიყვარს პროფესია რომელსაც ვსწავლობ“… ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი განათლებისთვის მხოლოდ მშობლის ფინანსური რესურსი არ იხარჯება, ამაში სახელმწიფოც იხდის გადასახადის გადამხდელთა ფულს ქვეყნის ბიუჯეტიდან და ამ რესურსის გამოყენება გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს საზოგადოების წინაშე.
და მაინც, რატომ ხდება, რომ შრომასა და სწავლაში განვლილი 4 წლის შემდეგ, შეიძლება, ენათმეცნიერის დიპლომის მქონემ გააცნობიეროს, რომ სინამდვილეში იურისტობა უნდა, იურისტის დიპლომის მქონეს კი უბრალოდ კულინარია უყვარს და საკუთარი რესტორნის გახსნაზე ოცნებობს. დიპლომი კი რჩება უბრალო ფურცლად, რომელსაც ჩვენს რეალობაში იმ შემთხვევაშიც კი არ აქვს უნივერსალური ძალა, როცა ადამიანს საკუთარი პროფესია უყვარს, ხოლო თუ არ უყვარს, მით უმეტეს არაფრისმომცემია.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რაზე დაყრდნობით იღებენ ამა თუ იმ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილებას აბიტურიენტები, რომლებმაც ზუსტად არ იციან რა სურთ და რა ხდება დიპლომის გამო არჩეული პროფესიის დაუფლების შემდეგ. ჩვენი რესპონდენტები არიან სტუდენტები, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა და აბიტურიენტები, რომლებიც პროფორიენტაციასთან დაკავშირებული დილემების წინაშე ახლა დგანან.
ქრისტინე ღვიტიძე ჯერ კიდევ 2023 წელს გეგმავდა ეროვნულ გამოცდებზე გასვლას, დარეგისტრირდა კიდეც, მაგრამ სწორედ იმის გამო არ გავიდა ტესტირებაზე, რომ სურდა, კიდევ ერთი წელი დაეთმო სწორი არჩევანისთვის.
ისიც ამბობს, რომ უნივერსიტეტის დიპლომი „საჭიროა“, მაგრამ არ იცის, რატომ შეიძლება იყოს არსებითი:
„სინამდვილეში, დაზუსტებით ახლაც არ ვიცი მინდა თუ არა ის, რასაც ვაპირებ. ზოგჯერ საერთოდ მგონია, რომ არაფერზე ჩაბარება არ მინდა, მაგრამ გავდივარ გამოცდებზე, რადგან გინდა თუ არა, დიპლომი მაინც საჭიროა დასაქმებისთვის“.
კურსდამთავრებულს კი მხოლოდ დიპლომი ვერ მოუტანს კარიერულ წარმატებას, თუ გამომუშავებული არ აქვს ნასწავლი პროფესიისთვის საჭირო უნარები და კონკრეტულ სფეროში თავის დამკვიდრებისთვის არ ისწრაფვის. ისიც ხომ გვახსოვს, რომ დასაქმებისას მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილებაც?! გამოცდილების დაგროვება კი განსაკუთრებით ჭირს მაშინ, როცა თავის დამკვიდრებას იმ პროფესიით ვცდილობთ, რომელშიც რეალურად ვერ ვხედავთ საკუთარ თავს.
დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?
ქრისტინეს თქმით, დაზუსტებით არც ის იცის, რომელ უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, თუმცა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ურჩევნია, რადგან „მათ მიერ გაცემულ დიპლომს უფრო მეტი ძალა აქვს“.
ესეც კიდევ ერთი დილემა –კერძო თუ სახელმწიფო? ხშირად აბიტურიენტები არჩევანს სხვების მოსაზრებების, ან უნივერსიტეტის იმიჯის მიხედვით აკეთებენ და არა პირადი საჭიროებების შესაბამისად. სინამდვილეში კი, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, რადგან ორივე ტიპის დაწესებულებას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, აბიტურიენტმა კი არჩევანი საკუთარი ინტერესების შესაბამისად უნდა გააკეთოს.
მრავალფეროვანი ინტერესები აქვს აბიტურიენტ ლიზი აბრამიძეს, რომელიც გვიყვება, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე პროფესიით არის დაინტერესებული და მათ შორის ერთ-ერთი პიარ-მენეჯმენტია. ზუსტად არ იცის, რა პროფესიით სურს კარიერის მოწყობა, თუმცა რეგისტრაციისას, ჩამონათვალში რამდენიმე ფაკულტეტის მითითებას გეგმავს. სიის სათავეში კი ის მიმართულება მოხვდება, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, რატომ არ განიხილავს უმაღლეს სასწავლებელში მას შემდეგ ჩაბარებას, რაც საკუთარ ინტერესებში საბოლოოდ გაერკვევა, ლიზი ასე პასუხობს: „ვემზადები, ვმეცადინეობ და დიდ შრომას ვდებ იმაში, რომ ჩავაბარო, ამიტომ არ მინდა დროის დაკარგვა, კიდევ ერთი წელი გამოცდებზე ნერვიულობა და ლოდინი. თან შეიძლება მერე კიდევ უფრო მეტად დავიბნე და მეტად გამიჭირდეს გადაწყვეტილების მიღება“.
ჩვენი მესამე რესპონდენტი ლიკა იმნაძეა, მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელმაც სწავლის დაწყებიდან მალევე აღმოაჩინა, რომ არჩეული მიმართულება არ შეესაბამებოდა მის ინტერესებს. ამიტომ ბავშვობის გატაცებას, ჭადრაკს დაუბრუნდა და სამომავლოდ ჭადრაკის მასწავლებლობასაც გეგმავს.
„როცა სკოლას ვამთავრებდი, ზუსტად არ ვიცოდი რაზე მინდოდა ჩაბარება, ან მინდოდა თუ არა საერთოდ, მაგრამ იმდენად დიდი მოლოდინები იყო ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გონებაში არც კი დამიშვია, რომ შეიძლებოდა, ერთი-ორი წელი თავი შემეკავებინა და სხვადასხვა სფეროებში მომესინჯა ძალები. რატომღაც, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და დიპლომის აღება აუცილებელია. ახლა ვაცნობიერებ, თუმცა მაშინ ამ წარმოდგენის გავლენის ქვეშ ვიყავი და ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩავაბარე. თან, ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და მქონდა ილუზია, რომ წარმატებას მომიტანდა. დღეს კი ვიცი, რომ დიპლომს, რომელსაც წლის ბოლოს ავიღებ, სინამდვილეში ვერ გამოვიყენებ“, – გვიყვება ლიკა.
ჩვენს კითხვაზე, სცადა თუ არა მისი პროფესიით დასაქმება გვპასუხობს, რომ „ინტერესის არქონის გამო არ უცდია“.
კიდევ ერთი დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მარიამ მშვიდობაძე გვიხსნის, რომ ოთხწლიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაინტერესდა არქეოლოგიით:
„როცა არ იცი რა გინდა აკეთო მომავალში, თუმცა ირგვლივ მყოფი ადამიანები, საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობ გეუბნება, რომ უნდა იცოდე, რადგან – „შენმა თანატოლებმა იციან“, ეს ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად და ავტომატურად უწყვეტ საკუთარ თავს, უფრო სწორად სხვები გიწყვეტენ, რომ მე-12 კლასის ბოლოს, 18 წლის ბავშვმა პროფესია უნდა აირჩიო. მეც ამ შეხედულებების გამო ჩავაბარე. მალე მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი და გადავწყვიტე, როცა გავაცნობიერებდი სად იყო ჩემი ადგილი, მობილობით გადავსულიყავი. საბოლოოდ, ჩემი თავი კულინარიაში ვიპოვე, თუმცა ვაპირებ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო და დიპლომი მაინც ავიღო“.
მარიამის თქმით, ამ მიმართულებაზე ჩაბარება და ფაკულტეტზე დარჩენა, გარკვეულწილად იმან განაპირობა, რომ არქეოლოგიაზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს და ჰყვება, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე არაერთი ისეთი სტუდენტი აბარებს, ვისაც რეალურად სხვა რამ უნდა, თუმცა ფინანსური სახსრების არქონის გამო, უდიპლომობას არჩევენ ისწავლონ ის, რაშიც თანხის გადახდა არ მოუწევთ.
ეს საკითხი საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც შესაძლოა, ასეთი მოტივით ჩარიცხული სტუდენტების მიზეზით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტზე თავისუფალი ადგილები არ რჩებოდეს მათთვის, ვისაც ამ პროფესიების შესწავლა მართლა სურთ.
ნიკა გელაშვილი თსუ-ის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტიდან შიდა მობილობით ჟურნალისტიკაზე გადასასვლელად ემზადება. EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას კი აღნიშნავს, რომ მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება „არასწორი იყო“.
„ეს მიმართულება ხატვის სიყვარულის გამო ავირჩიე. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ დაბნეული ვიყავი, პირიქით, მეგონა, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა. 18 წლისაც არ ვიყავი მაშინ და მაგ ასაკში პროფესიის არჩევა რთულია, ვფიქრობ, ორი წელი რომ მომეცადა უკეთეს არჩევანს გავაკეთებდი“, – გვიხსნის ნიკა.
მე-2 კურსის სტუდენტი ასეთ დროს მობილობას კარგ გამოსავლად მიიჩნევს, თუმცა იმასაც გვიხსნის, რომ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებაზე დრო და ფინანსები ტყუილად დახარჯა, ამიტომ მისი თქმით, „უმჯობესია, პროფესიის არჩევისას აბიტურიენტებმა არ იჩქარონ, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, დააკვირდნენ საკუთარ თავს და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ცოდნის შეძენაზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ დიპლომზე“.
ასევე იხილეთ:
ავტორები: თამუნა კირკიტაძე და edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება