GE

რომელია სწორი: ბოტიჩელიმ თუ ბოტიჩელმა? – საკუთარ სახელთა მართლწერა გრამატიკულ ცნობარში

გრამატიკული ცნობარი დღეს საკუთარ სახელთა მართლწერის ძირითად წესებს გაგაცნობთ. როგორ სახელებს ეწოდებათ საკუთარი? რა თავისებურებები ახასიათებს ადამიანთა სახელებს და გვარებს ბრუნებისას? ცნობარში მოკლედ, ამომწურავად და მარტივად ავხსნით ამ საკითხებს.

წ ე ს ი – სახელი შეიძლება იყოს საკუთარი ან საზოგადო. საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს.

საკუთარი სახელებია:

ანთროპონიმები – ადამიანთა სახელები, გვარები, ფსევდონიმები, ზედმეტსახელები

ტოპონიმები – გეოგრაფიული სახელები: ქვეყნები, ქალაქები, მდინარეები, ტბები, ოკეანეები, კონტინენტები, მთები, სოფლები, დაბები…

პლანეტების და ციური სხეულების სახელები:  დედამიწა, მარსი, ვენერა, ორიონი, მთვარე…

წელიწადის დროთა, თვეებისა და კვირის დღეების აღმნიშვნელი სახელები: შემოდგომა, სექტემბერი, ორშაბათი…

მხატვრული ნაწარმოებების სათაურები, ჟურნალ-გაზეთების, ფაბრიკა-ქარხნების, კომპანიების, სხვადასხვა დაწესებულების სახელები: „ვეფხისტყაოსანი“ , „მოხუცი და ზღვა“, „კვირის პალიტრა“, „ანტრე“…

ცხოველთა სახელები – წიქარა, ბომბორა, მურია…

ადამიანთა საკუთარი სახელების მართლწერა

ადამიანთა საკუთარ სახელებს ბრუნვის დროს ფუძე არ ეცვლებათ. ეს ნიშნავს, რომ ბოლოთანხმოვნიანი ყველა უკუმშველია, ბოლოხმოვნიანი – უკვეცელი. სწორია:

ალექსი( მოთხრ.-ალექსი-მ, მიც. – ალექსი-ს; მიმართვისას – ალექსი!)

დევი (მოთხრ. – დევი-მ, მიც. – დევი-ს; მიმართვისას – დევი!)

ერასტი ( მოთხრ. ერასტი-მ, მიც. – ერასტი-ს; მიმართვისას – ერასტი!)

ლეონტი ( მოთხრ.-ლეონტი-მ, მიც.-ლეონტი-ს; მიმართვისას – ლეონტი!)

დარეჯანი ( მოთხრ. – დარეჯან-მა, მიც. – დარეჯანის; მიმართვისას – დარეჯან!)

ასმათი ( მოთხრ. – ასმათ-მა, მიც. – ასმათ-ს; მიმართვისას – ასმათ!)

გაითვალისწინეთ ხმოვანი სახელობითი ბრუნვის ნიშანია თანხმოვანფუძიან საკუთარ სახელებში: ასინეთ-ი, გულნაზ-ი, ელისაბედ-ი, ივდით-ი, მარეხ-ი, ნესტან-ი, აბრამ-ი, ადამ-ი. აიეტ-ი…

სახელის ფუძის გასარკვევად სახელს მოთხრობით ( ან მიცემით) ბრუნვაში ვსვამთ, ბრუნვის ნიშანს ვაშორებთ, რაც დაგვრჩება – ის არის ფუძე.

როგორ გამოვარკვიოთ, რომელ სახელებშია ი ფუძისეული და რომელში ბრუნვის ნიშანი?

  • სახელობითი ბრუნვის ნიშანს (ი-ს) არ დაირთავს ბოლოთანხმოვნიანი სახელი, რომელსაც მოსდევს გვარი ან პროფესიის, ხელობის, თანამდებობის და სხვ. აღმნიშვნელი სიტყვა:

გურამ დოჩანაშვილი, მიხაილ ზიჩი, თამარ მეფე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ა.შ.

  • ხმოვანი – ფუძისეულია და ყველა ბრუნვაში გადაჰყვება სახელს, თუ მას მოსდევს გვარი ან პროფესიის ( ხელობის, თანამდებობის და ა.შ.) აღმნიშვნელი სიტყვა:

ლეონტი მროველი, აკაკი წერეთელი, დიმიტრი თავდადებული…

                                                        გ ა ხ ს ო ვ დ ე თ !

ადამიანთა საკუთარი სახელი არც იკუმშება, არც იკვეცება, არ აქვს მრავლობითი რიცხვი და წოდებითში ფუძის სახით უნდა გამოვიყენოთ.

დაუშვებელია ამ ტიპის შემოკლებები: შ. რუსთველი, დ. აღმაშენებელი, ი. ხუცესი, გ. მერჩულე, ვ.ფშაველა…

ადამიანთა გვარების მართლწერა

სხვადასხვა დაბოლოებიანი გვარები სხვადასხვაგვარად იბრუნვის. განვიხილოთ თითოეული:

  • შვილზე დაბოლოებული გვარი ისევე იბრუნვის, როგორც საზოგადო სახელი შვილი. წოდებითში ასეთი გვარი დაირთავს წოდებითის ნიშანს:

ბარათაშვილი – ბარათაშვილმა-ბარათაშვილს-ბარათაშვილის-ბარათაშვილით-ბარათაშვილად-ბარათაშვილო;

  • ძე-ზე დაბოლოებული გვარი ისევე იბრუნვის, როგორც საზოგადო სახელი „ძე“. ნათესაობითსა და მოქმედებითში აუცილებელია შეკვეცა. წოდებითში ბრუნვის ნიშანი ამ გვარებს არ დაერთვის!

ლომიძე-ლომიძემ-ლომიძეს-ლომიძის-ლომიძით-ლომიძედ-ლომიძე ( და არა – ლომიძევ!)

  • საზოგადო სახელისგან ნაწარმოებ გვარს შესაბამის ბრუნვაში ფუძე ეკვეცება!

 სწორია: მებუკე-მებუკის

  • -ვა, – უა, -ია-ზე დაბოლოებული ქართული გვარები ფუძეს არ იკვეცენ მხოლობითში, მაგრამ კვეცა აუცილებელია ებ-იან მრავლობითში. წოდებითში ეს გვარები იხმარება ბრუნვის ნიშნის დაურთველად!

სწორია: გუგავა-გუგავას(ი), გუგავათი;

                ჯაბუა-ჯაბუას(ი), ჯაბუათი;

                 კორძაია-კორძაიას(ი), კორძაიათი;

გუგავები,გუგავების, გუგავებით

ჯაბუები, ჯაბუების, ჯაბუებით

კორძაიები, კორძაიების, კორძაიებით

წოდებითში: გუგავა ( და არა გუგავა-ვ ან გუგავა-ო)

ჯაბუა ( და არა ჯაბუა-ვ)

კორძაია (და არა კორძაია-ვ)

  • არაქართული წარმოშობის ბოლოხმოვნიანი გვარები უკვეცელია. ფუძის ხმოვნის დართვა სავალდებულოა მოთხრობით და მიცემით ბრუნვაში:

ბოტიჩელი-ბოტიჩელიმ-ბოტიჩელის; ვერდი-ვერდიმ-ვერდის; ვივალდი-ვივალდიმ-ვივალდის; გარიბალდი-გარიბალდიმ-გარიბალდის; გორკი-გორკიმ-გორკის;

  • თანხმოვანზე დამთავრებული უცხოური გვარები წოდებითში დაირთავენ – ო ბრუნვის ნიშანს:

რეიგანი-რეიგანო, პუშკინი-პუშკინო, მიტჩელი-მიტჩელო; 

არასწორია: გულნაზიმ; მარეხიმ; გარიბალდმა; ბოტიჩელმა; ლომიძევ ( მიმართვისას); მებუკეს(მიც.ბრ.)

სწორია: გულნაზმა; მარეხმა; გარიბალდიმ; ბოტიჩელიმ; ლომიძე (მიმართვისას); მებუკის ( მიც.ბრ.)

იხილეთ გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები:

რომელია სწორი: რაგბის ვთამაშობ თუ რაგბს ვთამაშობ? – ფუძის კვეცა გრამატიკულ ცნობარში

რომელია სწორი: ლიმნის თუ ლიმონის? – ფუძის კუმშვა გრამატიკულ ცნობარში

სხვადასხვა საკითხი თუ სხვადასხვა საკითხები? – გრამატიკული ცნობარი

ზმნისწინთა მართლწერა – გრამატიკული ცნობარი

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე

ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური