GE

საგანი „მე და საზოგადოება“ და მისი კურიკულუმი

ნინო კაპანაძე

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხურისთვის) დაინერგება. სექტემბრიდან მესამე-მეოთხე კლასებში ახალი საგანი – „მე და საზოგადოება“ შემოდის.

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე ახალი საგნის სტანდარტსა და წლიურ გეგმაზე, პროცესის ხელშემწყობ აქტივობებსა და გასათვალისწინებელ რისკებზე გვესაუბრა:

– ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ხანგრძლივი და მრავალწახნაგოვანი პროცესია. ამ პროცესში სისტემურ,  სასკოლო და საკლასო ოთახის დონეზე სხვადასხვა პრობლემა იკვეთება, თუმცა მთავარ გამოწვევად პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა რჩება. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლის სისტემა XIX საუკუნიდან მომდინარეობს, მასწავლებლები XX  საუკუნიდან მოდიან, მოსწავლეებს კი შეძენილი ცოდნა XXI საუკუნისთვის სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელშიც მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს გუნდური სულისკვეთება, მხარდაჭერაზე ორიენტირებული თანამშრომლობა და ერთმანეთის ნდობა ექნებათ, იოლი არ არის, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. თუ სკოლაში XIX  საუკუნისთვის დამახასიათებელი ტოტალიტარული პრინციპები მეფობს და  წამყვანი გარე მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორებია (ნიშანი, გამოცდა, კარიერული წინსვლა, დოკუმენტების აღრიცხვა და სხვა), ძნელი წარმოსადგენია, მოსწავლეებმა გაითავისონ ის ჰუმანური და დემოკრატიული პრინციპები, რომლებსაც „მე და საზოგადოება“ და ყველა სხვა სასკოლო საგანი გვთავაზობს. ახალი სასწავლო გეგმის, ისევე როგორც საგან „მე და საზოგადოების“ მთავარი მისია სწორედ სასკოლო კლიმატის გარდაქმნაა.  თუ ამ მხრივ სწორი პრიორიტეტები გვექნება, განათლების სისტემაში არსებული სხვა პრობლემებიც შედარებით უმტკივნეულოდ გადაიჭრება.

– რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა?

– მოსწავლეზე ორიენტირება იყო და რჩება ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარ პრინციპად. ახალ სასწავლო გეგმაში ხაზგასმულია სწავლა-სწავლების პრინციპები, რომელთა გაუთვალისწინებლად მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირება ვერაფრით მოხერხდება. ეს პრინციპები ყურადღებას ამახვილებს ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის წინარე ცოდნა, აქტიური სწავლა, პირობისეული ცოდნა, ცოდნათა ორგანიზება, სწავლის სწავლა და სხვა. სასწავლო პროცესში სწორედ ამ ცნებებზე ორიენტირება გვაძლევს შესაძლებლობას, აქცენტი დავსვათ მოსწავლის ინდივიდუალურ წინსვლასა და მისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაზე. მეორე პრიორიტეტული ამოცანაა სასკოლო კურიკულუმების განვითარება. ახალი სასწავლო გეგმა ორ ნაწილად იყოფა: სტანდარტად და წლიურ პროგრამად. სტანდარტი ყველასათვის სავალდებულო მოთხოვნებს მოიცავს, წლიური პროგრამა კი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ გზას აჩვენებს. ამ გზას იმდენი ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს, რამდენიც სკოლა და მასწავლებელია. ჩვენი სურვილია, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ყველა სკოლამ თავად შექმნას და თანდათანობით განავითაროს საკუთარი კურიკულუმი, რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთი ორიგინალური გზა იქნება ნაჩვენები.

– კიდევ რა საკითხებს მოიცავს სასკოლო კურიკულუმის შექმნა-განვითარება?

– ცხადია, სასკოლო კურიკულუმის შექმნა-განვითარება მხოლოდ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზებას, ცალკეული საგნებისთვის დასასწავლ საკითხთა ორიგინალური ნუსხის შექმნას ან ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული შინაარსის მოთხოვნების სკოლასთან ადაპტირებას არ გულისხმობს. კურიკულუმი, თავისი შინაარსით, მიზანზე ორიენტირებული პროგრამაა. აქ მთავარი იმის დაზუსტებაა, რა მიზანს ისახავს სკოლა და რას აკეთებს თითოეული პედაგოგი ამ მიზნის მისაღწევად. რაც უფრო მკაფიოა დასახული მიზნებისა და სასკოლო სივრცეში დაგეგმილი ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობების (მათ შორის – სწავლებისა და შეფასების ფორმების) კორელაცია, მით უფრო გამართულია კურიკულუმი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კარგი კურიკულუმი ერთბაშად არ იქმნება. იგი ყოველწლიურად იხვეწება სკოლაში დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასზე მუშაობის პროცესში სასკოლო თემის რაც შეიძლება მეტი წევრი იყოს ჩართული. განათლების მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინი „კურიკულუმის განვითარება“, რომელიც თავისი ეტიმოლოგიითაც კი კურიკულუმის დახვეწის პროცესის უწყვეტობასა და ხანგრძლივობაზე მიგვანიშნებს. ამ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმის მისია სასკოლო კურიკულუმების განვითარების პროცესისთვის საწყისი იმპულსის მიცემაა. მთავარი საკუთარი სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესის უზრუნველყოფაა და არა კურიკულუმების სრულყოფილება.

რით განსხვავდება სასკოლო კურიკულუმი  საკითხთა ჩამონათვალისგან, როგორც ხშირად აღიქვამენ ხოლმე?

– საკითხთა ჩამონათვალი არის დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ საგნის კონტურებს გვიჩვენებს.  საგნობრივ საკითხებს, ცხადია, კურიკულუმშიც შევხვდებით, მაგრამ ისინი მის მთავარ ელემენტს არ წარმოადგენs. კურიკულუმისთვის მთავარი მოსწავლის პიროვნული განვითარების გზის ჩვენებაა. ეს გზა აქ სასწავლო მიზნების სახით აღიწერება. თემები, საკითხები, საკლასო და არასაკლასო აქტივობები,  რესურსები, დავალების ტიპები, სწავლების მეთოდები, შეფასების ფორმები და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა ელემენტები კი სწორედ ამ მიზნების შესაბამისად  შეირჩევა. ამდენად კურიკულუმი, თავისი ბუნებით, ძალიან დინამიკური და განვითარებადი დოკუმენტია, განსხვავებით საგნობრივ საკითხთა ჩამონათვალისგან, რომელიც  თაობიდან თაობას ზოგჯერ უცვლელადაც კი გადაეცემა. ჩვენ მიჩვეული ვართ, სწავლა-სწავლების პროცესი გავაიგივოთ სახელმძღვანელოში ან სილაბუსში მოცემული საკითხების თანმიმდევრობასთან, რაც კურიკულუმის განვითარების თვალსაზრისით შემაფერხებელი ფაქტორია.

საკითხთა ჩამონათვალსა და კურიკულუმს შორის არსებული განსხვავებების გამოსაკვეთად ერთი შედარების მოყვანა შეიძლება. წარმოვიდგინოთ მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მთავარ ღერძად სახელმძღვანელოს არჩევს ან საგნობრივ საკითხთა ჩამონათვალს იყენებს და მეორე მასწავლებელი, რომელიც ჯერ ფურცელზე დაწერს მკაფიო გრძელვადიან მიზანს, რომელიც პასუხს გასცემს კითხვას: – რატომ ვასწავლი ამა თუ იმ საგანს? – და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოწერს, რას გააკეთებს (რა რესურსებს გამოიყენებს, რა აქტივობებს განახორციელებს) წლის განმავლობაში მიზნის მისაღწევად. ასეთი მასწავლებლის ხელში, ცხადია, სახელმძღვანელო ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) რესურსად იქცევა, სასწავლო პროცესი კი – კურიკულუმის განვითარების პროცესად.

თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასე მარტივიც არ არის. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას და მის მიხედვით საგნის შინაარსის სტრუქტურირებისას არაერთი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. კერძოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ მიერ ფორმულირებული მიზნობრივი ორიენტირების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან; ჩვენ მიერ შემოთავაზებული აქტივობების თანხვედრას სწავლა-სწავლების 5 პრინციპთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი კურიკულუმი თანხვედრაში უნდა იყოს სკოლის პრიორიტეტებთან, სხვა მასწავლებლების საკლასო კურიკულუმებთან.

სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებსა და სკოლებს ბევრ საყრდენ ორიენტირს სთავაზობს სასკოლო კურიკულუმის განვითარების დასაწყებად. ამ ორიენტირების ჩამონათვალი ყველა საგანში განსხვავებულია. მაგალითად, საგან „მე და საზოგადოების“ შემთხვევაში პედაგოგი გათავისუფლებულია სირთულეებისგან, რომლებიც მიზნების იერარქიული დალაგების კუთხით იკვეთება. აქ მკაფიოდაა ფორმულირებული მიზნები, რომლთა მისაღწევადაც ეს საგანი ისწავლება. ეს მიზნები უშუალოდ გამომდინარეობს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან. შესაბამისად, მათზე ორიენტირება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ორიენტირებასაც ნიშნავს:

  • დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;
  • ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;
  • გააცნობიერებინოს, რომ უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული და სხვა.

აქვეა მოცემულია შედეგები, რომლებიც ამ მიზნებს უფრო მეტად აკონკრეტებს, მერე კი შემოთავაზებულია თემები, რომლებიც მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებს წარმოადგენს და რომლებშიც დასახული მიზნების რეალიზება უნდა მოხდეს. მაგალითად: ჩემი ოჯახი; სასკოლო გარემო, მეგობრები და  თანატოლები; გარემო, რომელშიც ვცხოვრობ;  სად და როგორ ვიღებ განათლებას;  მედია და ინფორმაცია;  მე და ჩემი ქვეყანა.

მაშასადამე, სტანდარტი იმგვარადაა აგებული, რომ პედაგოგი ავტომატურად მიდის კითხვამდე: – რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ესა თუ ის თემა დასახული მიზნების მისღაწევად გამოვიყენო?

ამ კითხვაზე პასუხის პოვნის გასაადვილებლად ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ექვსივე თემასთან მიმართებით, მოცემულია საკვნძო კითხვები.  საკვანძო კითხვა (Essential Question) არის უნიკალური საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც სასწავლო თემებს მიზნებსა და შედეგებთან აკავშირებს და სასწავლო პროცესში მიზნობრივი ორიენტირის როლს ასრულებს. ამასთან, ის მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურების საშუალებასაც იძლევა. მაშასადამე, შემოთავაზებული საკვანძო კითხვები სტანდარტში შუალედურ სასწავლო მიზნებს განასახიერებს. სასწავლო პროცესში მათი გამოყენება სტანდარტის მიზნებსა და შედეგებზე მუშაობასაც ნიშნავს. საგაკვეთილო პროცესში აქტივობები ამ კითხვებზე ორიენტირებულად უნდა წარიმართოს.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლე ამ კითხვებზე დააფიქროს? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს მან საიმისოდ, რომ  თემის სწავლა-სწავლება მიზნების შესაბამისად წარმართოს? ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წლიურ პროგრამაში ის აქტივობებიცაა შემოთავაზებული, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელს საკვანძო შეკითხვების პროვოცირება შეუძლია. ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციოა. ისინი მხოლოდ ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც მასწავლებლებს სხვა მსგავსი აქტივობებისა და დავალებების მოფიქრებაში დაეხმარება. თუ პედაგოგი შემოთავაზებულ წლიურ პროგრამას გაჰყვება და მოინიშნავს, წლის განმავლობაში რომელი აქტივობა რომლით ჩაანაცვლა, ეს ჩანაწერი საფუძვლად დაედება მისი სასკოლო კურიკულუმის განვითარებას. ამდენად, „მე და საზოგადოების“ წლიური პროგრამა სასკოლო კურიკულუმის განვითარების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. ჩვენი ველით, რომ პედაგოგები პირველ ეტაპზე „მე და საზოგადოების“ წლიურ პროგრამაში შემოთავაზებულ აქტივობებსა და დავალებებს  თავიანთ პრაქტიკაში აპრობირებული აქტივობებით ჩაანაცვლებენ. მეორე ეტაპზე მათ შესაძლოა შეცვალონ ან სხვაგვარად გადააჯგუფონ საკვანძო კითხვები თემის ფარგლებში, შემდგომ კი შესაძლოა თემებიც თავად შეარჩიონ და, მიზნების შესაბამისად, შინაარსის სტრუქტურირების რთული პროცესიც საკუთარ თავზე აიღონ. თუმცა, ამ ცვლილებებს ასე უცებ არ ველით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ეტაპზე კურიკულუმის განვითარებისთვის საწყისი იმპულსების მიცემაც საკმარისი იქნება.

– ახალი გეგმის დანერგვის პროცესში ახალ საგანს გამორჩეული ადგილი უკავია. რა მხარდამჭერი აქტივობები იგეგმება ამ მიმართებით?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მე და საზოგადოების“ შემთხვევაში (სხვა საგნების მსგავსად), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს სტანდარტთან ერთად წლიურ პროგრამას სთავაზობს. მომზადებულია ასევე გაიდლაინი, რომელიც დეტალურ ინსტრუქციებს შეიცავს წლიური პროგრამის საფუძველზე სასკოლო კურიკულუმის განსავითარებლად. ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამართავს ტრენინგებს, რომლებიც სწორედ სასკოლო კურიკულუმის განვითარების მექანიზმებში გარკვევას ისახავს მიზნად. აქვე აღვნიშნავ, რომ ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში მომზადდა რესურსების მთელი წყება, რომლებიც დანერგვის პროცესს ერთიორად გააადვილებს. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

– რას გვეტყვით მასწავლებელთა გადამზადებაზე საგნობრივი ცოდნის მიმართულებით?

– საგან „მე და საზოგადობის“ თავისებურება ის არის, რომ მისი შინაარსის სწავლება არ მოითხოვს სპეციალურ საგნობრივ ცოდნას. პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ოჯახის, სკოლის, ჯანსაღი ცხოვრებისა თუ უსაფრთხოების შესახებ საუბარი ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეუძლია. ამ საკითხების აღქმა არც მოსწავლეებისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. აქ პრობლემაა არა საგნის შინაარსის სირთულე, არამედ სასწავლო პროცესის მიზნობრივად, სტანდარტის შედეგებზე ორიენტირებულად წარმართვა. მიუხედავად ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მე და საზოგადოების“ შინაარსის კუთხითაც სთავაზობს პედაგოგებს რესურსებს. ზემოთ ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი ვახსენე. ის მეთოდიკურ ორიენტირებთან ერთად პედაგოგებისთვის განკუთვნილ რესურსებსაც მოიცავს კონფლიქტების  მართვის, ჯანსაღი ცხოვრებისა და  საგნისთვის აქტუალური სხვა საკითხების შესახებ.

– როგორ მოხდება დანერგვის მონიტორინგი?

– როგორც წესი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ატარებს დანერგვის  მონიტორინგს. ეს თვისებრივი კვლევაა. მონიტორინგის პროცესი გულისხმობს სკოლებში სასწავლო პროცესზე დაკვირვებას და სპეციალურად შექმნილი კითხვარების საშუალებით დანერგვის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას. ამას მოსდევს რეკომენდაციების ჩამოყალიბება ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების თვალსაზრისით. აქვე აღვნიშნავ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი არის სკოლის დახმარებასა და წინსვლაზე და არა ვინმეს  შემოწმებაზე ან დასჯაზე ორიენტირებული პროცესი. ჩემ მიერ უკვე ხსენებული ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში დაკვირვების ინსტრუმენტი უფრო მეტად დაიხვეწა. „მე და  საზოგადოების“ დანერგვის პროცესის მონიტორინგი განახლებული ინსტრუმენტებით ჩატარდება.

– რა ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოყოფდით „მე და საზოგადოების“ სწავლების სასტარტო ეტაპზე?

– ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ  საგნის კურიკულუმი იმგვარადაა აგებული, რომ მისი სწავლა-სწავლება ორგანულად ეწერება დაწყებითი საფეხურის სპეციფიკაში. თითქოს „მე და საზოგადოება” არც კი იყოს ახალი საგანი. ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში მიმდინარე პილოტირების პროცესმა აჩვენა, რომ ამ საგნის სწავლა-სწავლება  და მის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა სავსებით შეესაბამება საქართველოს სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, გარკვეულ სირთულეებსაც ველით. მე პირადად სამ პოტენციურ საფრთხეს გამოვკვეთდი:

  • არასწორად დაგეგმვის შემთხვევაში „მე და საზოგადოება“ შესაძლოა გადაიქცეს წესების კრებულად, რომელთა დასწავლასაც მოსწავლეს მოსთხოვენ;
  • არასწორად გააზრების შემთხვევაში საგანი შესაძლოა იქცეს აქტუალური თემების (გარემოს დაცვა, სამოქალაქო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა) შესახებ თეორიულ სწავლებად;
  • არასწორად დაგეგმვის შემთხვევაში საგანი შესაძლოა აიქცეს სახალისო თამაშების ნაკრებად, რომელთა მიზანიც მკაფიო არ არის.

„მე და საზოგადოების“ ყველა მასწავლებელს ვთხოვ, ამ საფრთხეებზე სწავლა-სწავლების პროცესის დაწყებამდე იფიქრონ. ამგვარი შეცდომების დაშვებით საგანი ძირეულად ასცდება საკუთარ მიზნებს.

–  დაწყებით საფეხურზე, კერძოდ, მესამე-მეოთხე კლასებში, ეროვნული სასწავლო გეგმა სხვადასხვა საგანში ერთსა და იმავე საკითხებს მოიცავს,  მსგავსია შედეგებიც, ამიტომ ჩნდება კითხვა: ვთქვათ, სამშობლოს სიყვარულის  სწავლება „მე და საზოგადოებაში“ რით უნდა განსხვავდებოდეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმავე საკითხის სწავლებისგან?

ქართულ ენასა და ლიტერატურაში და „მე და საზოგადოებაში“ სამშობლოს ცნება განსხვავებული რაკურსებით მუშავდება. ქართული უფრო მეტად ასწავლის სამშობლოს სიყვარულს, „მე და საზოგადოება“კი – სამშობლოზე ზრუნვას. აქ ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა იზრუნოს მოსწავლემ საკუთარ ოჯახზე, სკოლაზე, ქვეყანაზე და სხვა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ძალიან დროული და აქტუალურია. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ ერთეულებმა თუ იციან, როგორ იზრუნონ მასზე. ამ მხრივ მოქალაქის აღზრდას საფუძველი, რა თქმა უნდა, დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩაეყაროს. ამიტომ გაუგებარია პატრიოტიზმის დროშით მოსაუბრე ადამიანების მხრივ „მე და საზოგადოებაზე“ გაუთავებელი თავდასხმების მიზეზი. როგორც ჩანს, მათ საგნის არსი მართებულად არ ესმით.

ამავე თემაზე:

სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაცია სკოლებს–ისევ „მე და საზოგადოების“ მასწავლებლებზე

ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“ დაწყებით კლასებში?

ყველაზე „რევოლუციური“ ცვლილებები საგნის „მოქალაქეობა“ მიმართულებით არის გათვალისწინებული

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური