GE

ვინ ეხმარება აბიტურიენტს პროფესიის შერჩევაში – უფროსკლასელები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე

მომავალი პროფესიის სწორად შერჩევა და სასურველი ფაკულტეტის განსაზღვრა უფროსკლასელთათვის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.

2014 წელს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა აამოქმედა, მისი მიზანი უფროსკლასელებისათვის პროფესიის არჩევის ხელშეწყობა იყო. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ადგილზევე გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიას. გასულ წელს სამინისტროში დაგეგმილი ოპტიმიზაციის შედეგად სამმართველო გაუქმდა. როგორც მაშინ საქართველოს განათლების ყოფილმა მინისტრმა განცხადა – „ეს პროექტი კარგია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობით“.

იმ ფონზე, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით გაწეული აქტივობები არასაკმარისია და არც არასამთავრობო სექტორი გამოირჩევა აქტურობით, ბევრი აბიტურიენტისთვის პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – „სად ჩავაბარო?“.

რეგისტრაციისას ჩამონათვალში მისათითებული განუსაზღვრელი ფაკულტეტების სია აბიტურიენტებს სულაც არ ათავისუფლებს  ამ კითხვისგან და ხშირ შემთხვევაში უფრო აბნევს კიდეც მათ. საინტერესეოა, ვინ ეხმარება აბიტურიენტებს პროფესიის სწორად შერჩევაში?!

მაკა კეკელიძე, შულავერის N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეა. როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, მომავალი პროფესიის შერჩევისას მშობლებისა და ახლობლების რჩევები მოისმინა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მაინც თავად აპირებს.

„ჯერ ვერ გადავწყვიტე ფაკულტეტი, სამედიცინოს ან ისტორიულის განხრით მინდა. მედიცინით დაინტერესებული ვარ, რადგან მგონია, რომ ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნებაში მონაწილეობა ყველაზე საუკეთესო შეგრძნებაა. ფაკულტეტებზე, რომლებიც ამ მიმართულებით შევარჩიე, ინფორმაცია ჩემით მოვიძიე“.

მაკასგან განსხავებით, სოფ.კორბოულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ მაქაძეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მათემატიკურზე ჩაბარება.

„ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.  მომავალი პროფესია ავირჩიე ჩემი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. დღესდღეობით საქართელოში ნაკლებად პოპულარულია ტექნიკური საგნები, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, აბიტურიენტებს არ აქვთ კარგად გაცნობიერებული და გააზრებული საკუთარი შესაძლებლობები, თავიანთი ინტერესები და მხოლოდ ზოგად, სტერეოტიპულ და ე.წ. „პოპულარულ პროფესიებს“ ირჩევენ.“

როგორც აბიტურიენტები აღნიშნავენ, პროფესიის შერჩევაში  იმ სტუდენტების გამოცდილებების გაზიარება ეხმარებათ, რომლებიც მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე სწავლობენ.

EDU.ARIS.GE–სთან მომავალ პროფესიაზე ისაუბრა სტუდენტმა დათო გელაძემ. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. სტუდენტი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ მომავალი პროფესიის შერჩევისას ჰქონდეთ ენთუზიაზმი, აირჩიონ საყვარელი საქმე და წარმატებაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვა.

„პოლიტიკითა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. გარდა ამისა, მაინტერესებდა ისტორია და გეოგრაფია. ყველაზე მეტად, „გავლენა“, ვფიქრობ, მამამ და ჩემი ფრანგულის მასწავლებელმა მოხადინეს. პირველი მამამ, იმიტომ რომ აქტიური მონაწილე იყო 9 აპრილის მოვლენების და ხშირად მიყვებოდა მაშინდელ ამბებს, რამაც ჩემში ინტერესი აღძრა. დღეს უკვე მკაფიოდ მაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებზე ვიმუშავებ.

პროფესიის არჩევისას დიდხანს არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა სხვა ალტერნატივა, რადგან ჩემი ოჯახი მთლიანად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება. ოჯახმა პატივი სცა ჩემს გადაწყვეტილებას“.

როგორ უნდა შეარჩიოს აბიტურიენტმა ფაკულტეტი, ვისი რჩევა უნდა გაითვალისწინოს და რა უნდა იცოდეს, რათა თავიდან აიცილოს მომავალი პროფესიით იმედგაცრუება, ამ და სხვა თემებზე EDU.ARIS.GE-სთან ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების ექსპერტმა შალვა ტაბატაძემ.

–რა პროცესები ახდენს გავლენას აბიტურიენტზე და რომელი რჩევა უნდა გაითვალისწინონ მათ? 

–ბევრი ფაქტორია, რომლებიც გავლენას ახდენს –  აბიტურიენტებზე. მაგალითად, ესენია: ოჯახური მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომუკური სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახისა და მშობლების პოზიცია, ინტერესები და ა.შ. ეს ძალიან ინდივიდუალურია. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს აბიტურიენტმა და დაგეგმოს საკუთარი განათლება, შემდგომ არსებული სისტემა იძლევა თუნდაც არჩევანის გადახედვის შესაძლებლობას, სწავლის დროს პროგრამის შეცვლის შესაძლებლობას და ა.შ.

რჩევა ყველასთვის მნიშვნელოვანია, კარგი რჩევა კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამ დროს ახალგაზრდისთვის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მთლიანად აბიტურიენტს ეკისრება. რა თქმა უნდა, ის ვისაც ჰყავს კარგი რჩევის მიმცემი, ბევრად უპირატეს მდგომარეობაშია.

–როგორ მოქმედებს აბიტურიენტის გადაწყვეტილებაზე – სურვილი, შესაძლებლობა და საჭიროება?

–ეს სამი ერთმანეთს სრულებით არ გამორიცხავს. სამივე მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის ვერ ხერხდება თანხვედრა. შესაძლებელია სურვილი და შესაძებლობა არ დაემთხვეს ერთმანეთს, თუ აბიტურიენტს უნდა სწავლა კონკრეტულ პროგრამაზე, რომელიც კერძო უნივერსიტეტში ისწავლება, მაგრამ 100% გრანტის მიღების შემთხვევაშიც კი ის ვერ დაფარავს სწავლის გადასახადს, რა თქმა უნდა, აქ უკვე გადამწვეტ როლს მატერიალური შესაძლებლობა თამაშობს. ან მაგალითად, რომელიმე აბიტურიენტს დასავლეთ საქართველოდან სურს რომელიმე პროგრამაზე თბილისში სწავლა, დაფინანსების მიღების მიუხედავად, თბილისში ცხოვრების ხარჯები იმდენად მაღალია, მისი არჩევანი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეიძლება შეჩერდეს ტერიტორიულად უფრო მოსახერხებელ უმაღლეს სასწავლებელზე.

–რა არის ყველაზე დიდი „შეცდომა“, რომელსაც აბიტურიენტები უშვებენ, როდესაც ირჩევენ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს?

–გადაწყვეტილება ხშირად ეფუძნება საზოგადოებაში არსებულ აღქმას ამა თუ იმ პროგრამის ან უმაღლესის შესახებ და არა რეალურად შესწავლას ამ პროგრამის ხარისხის, პროფესორების ან თუნდაც მისი ბმის დასაქმების ბაზართან ან სტუდენტის კონკრეტულ ინტერესთან. ზოგადად,  თანამედროვე მსოფლიოში, ტენდენციები მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების, თუ ზოგადად თანამედროვე უმაღლესი განათლების პრინციპები, გულისხმობს ისეთი ცოდნისა და უნარების შეძენას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადვილად მოახდინოს ადამიანმა ადაპტირება, შეიცვალოს პროფესია, ინტერესები და ა.შ. ანუ, მთლიანობაში განათლების სისტემა გამართულია, რაღაც ასაკში არჩეული პროფესია არ არის დრამატული შედეგების მომტანი.

–პროფესიული ორიენტაციის გარკვევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს შრომითი ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რამდენად უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება შრომის ბაზრის მოთხოვნებს?

–უმაღლესი სასწავლებლის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, დანიშნულება სტუდენტის შრომითი ბაზრისთვის მომზადებაა, ისევე როგორც აბიტურიენტის მოტივაცია უმაღლესში ჩასაბარებლად უკეთესი პირობებით დასაქმებაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამას ექცევა ყურადღება, მაგრამ გადამწყვეტი შეიძლება სულ სხვა ინტერესები იყოს აბიტურიენტისთვის.

–და ბოლოს, როგორ უნდა მოიქცნენ აბიტურიენტები, თუ სურთ, რომ არ ინანონ არჩეული გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შესახებ ?

–მსგავსი რჩევის მიცემა, რთულია. უნდა ავირჩიოთ ის, რაც ვფიქრობ, რომ მოგვწონს და რა პროფესიაშიც სიამოვნებით ვიმუშავებდით.  სწავლისას უნდა მივიღოთ მაქსიმალურად თანმედროვე ცოდნა და განვივითაროთ მნიშვნელოვანი კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, პერსონალური და სასიცოცხლო უნარები, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ადვილად ადაპტირებას ახალ სამუშაო ადგილზე, ახალ პროფესიაში და ა.შ. სწავლის პერიოდში ინტერსების შეცვლის კვალდაკვალ გამოვიყენოთ შიდა თუ გარე მობილობის შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში არ ვინანებთ, რადგან ნებისმიერ დროს შევძლებთ ჩვენი ინტერესების რეალიზებას და ჩვენთვის საინტერესო სფეროში მუშაობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა,  თუ რა პროგრამა ან პროფესია ავირჩიეთ თვრამეტი წლისებმა ან უფრო ადრეულ ასაკში.

ამავე თემაზე:

2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი

რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი

2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ

ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ

კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ

რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური