„ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავატარებთ ამ რეფორმას! – თუ არ ეთანხმებიან, თქვან, რომ საქართველოში დღეს 64 ჰარვარდი გვაქვს“
„რეალურად, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა 17 ნოემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას აღნიშნა, საფუძვლების მომზადების თვალსაზრისით, შემდეგი, 2026 წელი ამ რეფორმისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს.
ირაკლი კობახიძე კონცეფციაზე ოპონენტების კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით ჯანსაღი დისკუსიის გამართვას ისურვებდა, თუმცა მათგან არგუმენტების ნაცვლად, მხოლოდ ხისტი და მშრალი განცხადებები მოისმინა.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
მისი თქმით, კონცეფციაში შვიდი გამოწვევა არის განსაზღვრული ისე, რომ მისი „ფაქტებით და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია“. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპონენტებმა ვერც გამოწვევებსა და მათ დასაძლევად, მთავრობის მიერ დასახულ ამოცანებს შორის აცდენის არსებობის დასაბუთება შეძლეს:
„რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან, 7 გამოწვევა გვაქვს განსაზღვრული, მაშინ თქვან, რომ დღეს გვაქვს 64 ჰარვარდი საქართველოში. შეუძლებელია ხომ ამის დამტკიცება. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდების საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. დღეს კი გამოდიან და საუბრობენ, რომ იდეალური სისტემა გვქონია. შვიდივე გამოწვევა არის ისე განსაზღვრული, რომ ფაქტებით და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია, თორემ მოვისმენდით აქამდე. როცა არის გამოწვევა განსაზღვრული, იმას სჭირდება დაპირისპირება. აქ სადმე თუ არის აცდენა გამოწვევასა და პასუხს შორის, ესეც უნდა დაგვისაბუთონ, მაგრამ არავითარი დასაბუთება, არის უბრალოდ მშრალი საუბარი“.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალგაზრდებმა საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში უნდა მიიღონ, დარჩნენ ქვეყანაში და მის ინტერესებს ემსახურონ, ამას კი, როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სწორედ მთავრობის მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების რეფორმა უზრუნველყოფს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავატარებთ ამ რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში. ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან მაღალია ალბათობა და სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათგანი რჩება, ბუნებრივია, სხვა ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ ეკონომიკებს შორის ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი სხვაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია საზოგადოებას 16 ოქტომბერს წარუდგინა. კონცეფცია მათ შორის მოიცავდა 3+1 სისტემაზე [სამი წელი ბაკალავრიატი, ერთი წელი მაგისტრატურა] გადასვლას. თუმცა, რეფორმის პრეზენტაციიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ 3+1 სისტემასთან დაკავშირებით, პირველი ცვლილება შევიდა და მაგისტრატურა ზოგ შემთხვევაში 1, ზოგში კი 2-წლიანი იქნება.
გარდა ამისა, 16 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სკოლები 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ, რადგან 11 წელში სასწავლო პროგრამის ათვისება სრულიად შესაძლებელია. თუმცა, დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მე-12 კლასის სრულად გაუქმებასთან დაკავშირებით თავდაპირველი საუბრები შეარბილა, რამაც ცხადყო, რომ მე-12 კლასის გაუქმების გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, შეიცვლება.
„შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის, საფუძვლების მომზადების თვალსაზრისით. მთავარია, როდესაც რაიმე საკითხზე იმართება დისკუსია, ორ მხარეს იყოს არგუმენტები. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, ციფრებით არგუმენტებით და მეორე მხარეს არის ცარიელი გზავნილები, ტყუილებზე აგებული, არავითარი ფაქტები, არავითარი მტკიცებულებები, არავითარი არგუმენტაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ესეც უნდა შეიცვალოს.
როგორც კი რადიკალური ოპოზიცია ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით, მაშინვე თვითონ დისკუსიის შინაარსიც უნდა ჩანაცვლდეს. ერთმანეთს უნდა ვეპაექრებოდეთ ჩვენ, დემოკრატია ამას გულისხმობს, რომ თუნდაც ძალიან მწვავედ, მაგრამ არგუმენტებით უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. სად არის არგუმენტები. პარლამენტში რომ იყვნენ 3 წელი, იქაც კი არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია, არავითარი ფაქტები, ცარიელი, უხეში განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია. რეალურად, ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ:
რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება