„მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ატესტატისთვის დადის, სკოლის შემდგომი სწავლების აკრძალვა ბევრ საკითხს მოაგვარებს“
ავტორი: მურმან კინწურაშვილი, თბილისის ალექსანდრე ცინცაძის სახელობის 150-ე საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი. სტატია განკუთვნილია EDU.ARIS.GE-ს პროექტისთვის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“.
ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა რეპეტიტორობის ინსტიტუტი. ვიცით, რომ სკოლის მე-11-12 კლასელები ემზადებიან სხვადასხვა საგნებში, განსაკუთრებით ძირითად დისციპლინებში, როგორიცაა: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია და… მაშინ ისმის კითხვა: რისთვის დადიან ისინი სკოლაში?
რატომ ვერ იღებენ მოსწავლეები შესაბამის განათლებას სკოლებში, როცა ჩვენ გვყავს ამდენი უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. ვიცით აგრეთვე, რომ მე-12 კლასელები სკოლაში არც დადიან, უპირატესობას ანიჭებენ კერძო რეპეტიტორებს. მათ ურჩევნიათ, სკოლაში ფუჭი სიარულისა და დროის კარგვის ნაცვლად, განათლება მიიღონ სხვადასხვა მოსამზადებელ ცენტრებსა თუ კერძო რეპეტიტორებთან.
მაინც რა იწვევს ასეთ „ხიდჩატეხილობას“ სკოლასა და მოსწავლეთა შორის -მასწავლებელთა არასათანადო მიდგომა მოსწავლეებისადმი თუ განათლების სიმცირე? შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს იმითაც, რომ კლასში ძალიან ბევრი მოსწავლე სწავლობს და პედაგოგს არ რჩება დრო, 45 წუთში შეძლოს, თითოეულ ბავშვთან მივიდეს და ესა თუ ის გაუგებარი საკითხი გაურჩიოს.
ერთის მხრივ, ამ პრობლემას მოაგვარებს კლასებში მოსწავლეთა შემცირება და მათი 10-15 მოსწავლემდე დაყვანა, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ. ასევე, შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს პროგრამების გადატვირთვით, მათ არ რჩებათ დრო კონცენტრირდნენ მთავარ საკითხებზე, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოდის.
ბევრი პედაგოგი ამბობს, რომ სასკოლო წიგნები არ არის თემატურად გამართული და არაფრის მომცემია. ვფიქრობ, ამ მხრივ განათლების სამინისტროს ბევრი ფიქრი მოუწევს, რათა გადაიხედოს თითოეული საგნის კურიკულუმი და სახელმძღვანელოები. რამდენად შეესაბამებიან ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს, შესაძლებელია თუ არა ამ წიგნებით მოსწავლე მოემზადოს ინდივიდუალურად, დახმარების გარეშე და შეძლოს უნივერსიტეტში ჩაბარება.
მეორე მხრივ, ვფიქრობ, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან მოსწავლეები რომელთა ოჯახს აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა მათ შეუძლიათ ატარონ თავიანთი შვილები რეპეტიტორებთან, მაგრამ არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ. როგორ მოახერხებენ ასეთი მოსწავლეები უნივერსიტეტში ჩაბარებას?, მშობლები ჩივიან, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოდის ისეთი საკითხები, რაც წიგნებში არ წერია და მათ შვილებს ეს საკითხი სკოლაში არ გაუვლიათ. მინდა მოვიყვანოთ ჩინეთის მაგალითი, სადაც აიკრძალა რეპეტიტორობა. მომყავს ციტირება ერთ-ერთი სტატიიდან, რომლის ბმულს აქვე გიზიარებთ:
„China Bans For-Profit After-School Tutoring To Help Ease Academic Pressure on Kids — Will It Work?“
„ჩინეთმა ბავშვებზე აკადემიური ზეწოლის შემსუბუქების მიზნით, აკრძალა სკოლის შემდგომი სწავლება – იმუშავებს თუ არა ეს?“
ეს მიდგომა შესაძლოა დავნერგოთ საქართველოში და მიმაჩნია, რომ ბევრ საკითხს მოაგვარებს: დააბრუნებს მოსწავლეებს სკოლებში, დაფასდებიან ის პედაგოგებიც, რომლებიც ღამეებს ათენებენ, რათა ასწავლონ და სრულფასოვანი განათლება მისცენ მომვალ თაობას.
ჩემი აზრით, ასევე გადასახედია სახელმძღვანელოები ყველა ზემოთ ჩამოთვლი საგანში. ხომ არ არის საჭირო, რომ შევამციროთ სასწავლო თემები, რათა მოსწავლემ სრულფასოვნად ისწავლოს ესა თუ ის საკითხი და არა „გადარბენით“. მიეცეთ მათ არჩევანის გაკეთების უფლება. მოსწავლეთა ნაწილს არ სურს არც ერთი დისციპლინის სწავლა, ისინი სკოლაში მხოლოდ ატესტატისთვის დადიან და სხვა არაფერი აინტერესებთ, ისინი ხელს უშლიან იმ მოსწავლეებს ვისაც სწავლა უნდა.
ამიტომ, განათლების სამინისტროს აქვს კარგი იდეა, მოხდეს ამ მოსწავლეების მიმაგრება სხვადასხვა კოლეჯებში რათა 12 კლასის დამთავრების შემდეგ, მათ ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა სხვადასხვა არაფორმალურ განათლებაში და სწრაფად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. ე.წ. სამუშაო ბაზარზე დააკმაყოფილონ მოთხოვნები და დასაქმდნენ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდძალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ ხარჯის გაწევის შედეგად ჩვენ აუცილებლად გვექნება პროგრესი ამა თუ იმ მიმართულებით. სკოლის ოთახებში დაისადგურებს სიმშვიდე და ვფიქრობ, მოსწავლეებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სწავლა-განათლებას. მათ ჩვენ უნდა დავანახოთ ამა თუ იმ დისციპლინის საჭიროება და პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებაში. ამ მხრივ საინტერესოა ჩემ მიერ ზემოხსენებული სტატიის სიღრმისეულად გაშინაარსება- მათი გამოცდილების გაზიარება.
სტატიაში წერია:
„ამ ზაფხულის დასაწყისში, ჩინეთის განათლების სამინისტრომ გამოსცა აკრძალვა სკოლების შემდგომი სწავლების შესახებ სახალხო არდადეგებსა და სასკოლო შესვენებებზე. პოლიტიკის მიზანია, ჩინელი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ტვირთის შემსუბუქება, რომლებიც განიცდიან ზეწოლას, რომ უზრუნველყონ კარგი აკადემიური შედეგები სკოლის გარეთ, რაც გამოიხატება დამატებითი მეცადინეობებით რეპეტიტორებთან, საფასურის გადახდის გზით. კერძო რეპეტიტორ კომპანიებს მოეთხოვებათ, გახდნენ არაკომერციული და ეკრძალებათ კაპიტალის მოზიდვა, საჯარო გამოსვლა. რას ნიშნავს ეს აკრძალვა მშობლებისთვის, მათი შვილებისთვის და 120 მილიარდი დოლარის ინდუსტრიისთვის? მიაღწევს თუ არა ეს აკრძალვა თავის მიზნებს? აღნიშნულს NYU შანხაის პროფესორები აფასებენ სოციოლოგიის, ბიზნესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით“.
– უმაღლესში მისაღები გამოცდებისათვის მზადება არის რეპეტიტორების ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალა. აბიტურიენტების ამჟამინდელი თაობა შეიძლება ჩაითვალოს „დაკარგულად“ რადგან ისინი უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ ვერ ახდენენ თავიანთი თავის რეალიზებას ე.წ. შრომის ბაზარზე; უჭირთ დასაქმება იმ პროფესიით რაზედაც სწავლობენ, რამაც ბევრი სტუდენტი შეიძლება მიიყვანოს აბსურდამდე (დეპრესიამდე) და საერთოდ უარი თქვან შემდგომ დასაქმებაზე. ჩინეთში კოლეჯის სტუდენტების დაახლოებით 30 პროცენტს აქვს საერთო ფსიქიკური აშლილობა, როგორიცაა დეპრესია და ეს არის განსაცვიფრებელი რიცხვი. დეპრესია ასოცირდება თვითმკვლელობის რისკთან, რომელიც იზრდება და საკვანძო პრობლემაა უნივერსიტეტებისათვის.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ერთგვარი შიში, რომ ასეთი მძიმე შედეგები ჩვენც არ ვიწვნიოთ. ვფიქრობ, ამ მხრივ ჩემი სტატია იქნება ერთგვარი გამოძახილი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას, ქართული საზოგადოების ინფორმირებას ზოგადად განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე.
„ძლიერ მოსწავლეებზე“ მონადირე რეპეტიტორები – ფარული განათლების კიდევ უფრო დაფარული მხარე
მე მჯერა ჩვენი მთავრობის ერთიანი კურსის, განთლების მინისტრის და მისი გუნდის, რომ ჩვენ შევძლებთ 2030 წლამდე სრულად აღმოფხვრათ განათლების სისტემაში შემჩნეული ხარვეზები. ამ მხრივ, როგორც ვიცით, დაიწყო ძირეული რეფორმები, რომლებიც დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც და იმედია, რომ დასრულდება განათლების სისტემაში სწავლების ერთიანი ქართული მოდელის შექმნით. სწავლების ქართული მოდელი, რომელიც არანაკლები იქნება სხვა მსგავსი ევროპული, აზიური თუ ამერიკულ მოდელებთან შედარებით. ამ რთულ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მთავრობას, განსაკუთრებით განათლების სამინისტროს და პირადად მინისტრს.
=
რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება